Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის შემცვლელის ძიებაში


ვლადიმირ პუტინი, მიხაილ ხოდორკოვსკი
ვლადიმირ პუტინი, მიხაილ ხოდორკოვსკი

12 სექტემბერს გავრცელდა ცნობა, რომ რუსი მილიარდერის, კრემლის ცნობილი ოპონენტისა და ყოფილი პატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის მხარდაჭერით, სტარტი აიღო პროექტმა რუსეთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, შემცვლელის გამოსავლენად. ხოდორკოვსკიმ ლონდონიდან ვიდეოჩართვის დროს უთხრა მოსკოვში შეკრებილ ჟურნალისტებს, რომ პროექტს ეწოდება „პუტინის ნაცვლად“ და დაწყებულია ინტერნეტში საიტზე: vmestoputina.ru.

„გვინდა, რომ დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, უპასუხონ შეკითხვას: ვინ პუტინის ნაცვლად? დარწმუნებული ვართ, რომ არაფერია შეუცვლელ ხელისუფლებაზე უარესი. შეუცვლელი ხელისუფლება არის კორუფციის, ქვეყნის ცუდი მმართველობის, არასამართლებრივი, სუსტი, თუმცა საკმაოდ სასტიკი სახელმწიფოს სიმბოლო. ჩვენ გვსურს რუსეთს განსხვავებული, უკეთესი ბედი ჰქონდეს 21-ე საუკუნეში! ამის გამო ვაცხადებთ პროექტს „პუტინის ნაცვლად“. მისი შედეგი იქნება რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ახალი პოლიტიკური სახეების წარმოჩენა“, - უთხრა ჟურნალისტებს მიხაილ ხოდორკოვსკიმ.

პუტინის შემცვლელის ძიებაში
please wait

No media source currently available

0:00 0:08:28 0:00
გადმოწერა

ვებსაიტზე vmestoputina.ru ჩამოთვლილი არიან პუტინის შესაძლო შემცვლელები და რუსებს საშუალება ეძლევათ, ინტერნეტისვე მეშვეობით გამოხატონ სასურველი კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა. სიაში შესულ კანდიდატებს შორის იხილავთ ოპოზიციურ გაერთიანება "პარნასის" ლიდერ მიხაილ კასიანოვს, ანტიკორუფციული ფონდის დამფუძნებელ ალექსეი ნავალნის, პარტია "იაბლოკოს" ლიდერ გრიგორი იავლინსკის. თავად ხოდორკოვსკი არ აპირებს გამოკითხვაში კანდიდატად მონაწილეობას.

საიტზე vmestoputina.ru დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია: შეუძლია სიაში მოხვედრილი კანდიდატებისადმი დამოკიდებულების გამოხატვა ან პროექტის ავტორებისათვის ახალი კანდიდატის შეთავაზება, შეუძლია ჩაეწეროს „ექსპერტების“ სიაში, როგორც ეს გააკეთა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსმა.

ვლადიმირ კარა-მურზა
ვლადიმირ კარა-მურზა

„მართლაც, ვიმყოფებით სიტუაციაში, როცა ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის გართულებული პოლიტიკური ალტერნატივის ძიება, როცა შარშან მდინარე მოსკოვის დიდ ხიდზე დახვრიტეს ოპოზიციის წარმომადგენელი ერთ-ერთი აშკარა კანდიდატი. დანარჩენებიდან კი ზოგი პატიმრობაშია, ზოგი იძულებულია უცხოეთში დარჩეს, ზოგს კი, ხელოვნური მიზეზებით მიღებული ფსევდოსასამართლო გადაწყვეტილებების გამო, არ ეძლევა კანდიდატის სახით არჩევნებში მონაწილეობის უფლება. და მაინც, ასეთ ვითარებაშიც კი, შეურაცხმყოფელია იმაზე ლაპარაკი, რომ 140-მილიონიან ქვეყანაში, რომელშიც უზარმაზარი რაოდენობის ნიჭიერი, წარმატებული, გამოცდილი ადამიანი ცხოვრობს, ალტერნატივა არა ჰყავს ერთ რომელიმე ადამიანს“, - ამბობს ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსი. ის მითად მიიჩნევს მავანის მოსაზრებას, რომ პუტინის ალტერნატივა არ არსებობს.

რუსეთში 2018 წელს უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები. პუტინი - თუ კენჭისყრაში ჩაერთვება და ასეთ შემთხვევაში, ალბათ, ცოტას თუ აეჭვებს, რომ გაიმარჯვებს - მეოთხე ვადით გახდება რუსეთის პრეზიდენტი... მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები მას უალტერნატივოდ მიიჩნევენ, მაშინ როცა თავად პუტინი, ყოველ შემთხვევაში, საჯარო განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ასე არ ფიქრობს.

მიმდინარე თვეში პუტინთან ინტერვიუ გამოაქვეყნა სააგენტო „ბლუმბერგმა“. აი, როგორ უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა შეკითხვას, აქვს თუ არა წარმოდგენილი, როგორ გადააბარებს ძალაუფლებას ვინმე სხვას:

„შემიძლია ან მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, ან არ მივიღო. თუ არ მივიღებ მონაწილეობას, მაშინ აირჩევენ სახელმწიფოს სხვა მეთაურს, რუსეთის სხვა პრეზიდენტს და მაშინ უკვე მოქალაქეები გადაწყვეტენ, ვის უნდა მისცენ ხმა“, - ასეთი იყო პუტინის, შეიძლება ითქვას, აბსტრაქტული პასუხი. უფრო კონკრეტული მოგვიანებით გაისმა.

„ბლუმბერგის“ კორესპონდენტმა აღნიშნა, რომ პუტინმა ბოლოხანს მოახდინა რუსეთის მთავრობის რეორგანიზაცია და დაწინაურებულებს შორის არიან დაცვის ფედერალური სამსახურის ყოფილი წევრები. ფიქრობს თუ არა პუტინი, რომ შემდეგი პრეზიდენტი უფრო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი იქნება? „კი, რასაკვირველია. ვვარაუდობ, რომ მომავალი ლიდერი საკმაოდ ახალგაზრდა უნდა იყოს ... მაგრამ მოწიფული. რაც შეეხება სხვადასხვა სპეცსამსახურების, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, ამ მხრივ ახალი არაფერია. ჩვენთან პირველად არ ხდება, რომ, დავუშვათ, რეგიონების ხელმძღვანელთა დონეზე ინიშნებიან თავდაცვის სამინისტროს, უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები. და გამონაკლისი არც დაცვის ფედერალური სამსახურია. რითია უარესი? მთავარია, ადამიანს სურდეს, რომ გაიზარდოს, ჰქონდეს ზრდის უნარი, სურდეს თავის ქვეყანას ემსახუროს ისეთ ადგილას, სადაც უფრო ფართო უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა ექნება. და თუ ეს სურს და ვხედავ, რომ მას პოტენციალი აქვს - რატომაც არა? სავსებით შეუძლია იმუშაოს“. - უთხრა პუტინმა სააგენტო „ბლუმბერგს“. ინტერვიუდან არ ჩანს, რუსეთის პრეზიდენტის აზრით, მომდევნო პრეზიდენტს - გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა და მოწიფული უნდა იყოს - თავდაცვის ან უშიშროების სფეროებიდან უნდა მოველოდეთ თუ არა.

რუსეთს სჭირდება არა მეფე, ბელადი და მამა, არამედ წიგნიერი და პროფესიონალი მმართველიო, ამბობს ხოდორკოვსკი. პრეზიდენტი, მისი აზრით, უნდა იყოს ადამიანი, რომელიც კეთილსინდისიერად შეასრულებს მისთვის დროებით მინდობილ ვალდებულებებს რუსეთის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

„ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მოვიდა, რათა იმუშაოს გარკვეული ხანი, არაუმეტეს რვა წლისა, თავისი ქვეყნისათვის და რომელიც ამას აღიქვამს თავის მოვალეობად, სამსახურად. აი, ასეთი კანდიდატის დანახვა მსურს - უმჯობესია ახალგაზრდა პოლიტიკოსებიდან - ამ პროექტის შედეგად“, - ამბობს მიხაილ ხოდორკოვსკი, რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანი, კომპანია „იუკოსის“ დამფუძნებელი, რომელმაც 10 წელი გაატარა ციხეში, ფინანსურ დანაშაულებში ბრალდებით. თავად ხოდორკოვსკი და მისი მომხრეები პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნაზე საუბრობენ. 2013 წლის დეკემბერში ხოდორკოვსკი ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა, რის შემდეგაც ის ევროპაში გადასახლდა და, უმეტესწილად, შვეიცარიასა და ბრიტანეთში ცხოვრობს.

მე, როგორც რუსეთის მოქალაქეს, მაქვს უფლება საკუთარი ფული მივცე კანდიდატებს რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე არჩევნებისას. რამდენი და როგორ - ამას კანონი არეგულირებს. მე კანონს ვიცავ...
მიხაილ ხოდორკოვსკი

ახლა ხოდორკოვსკი მხარდაჭერას ჰპირდება პროექტში „პუტინის ნაცვლად“ გამარჯვებულს. ჟურნალისტის შეკითხვას, რა სახის მხარდაჭერა იგულისხმება, შემდეგი პასუხი მოჰყვა: „საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატებს გარკვეული წესები ზღუდავს და ჩვენ, ბუნებრივია, დავიცავთ ამ წესებს. იმ ზომით, რომელიც კანონით იქნება დაშვებული, პროექტის გამარჯვებულს (მხარდაჭერას გავუწევთ). მაგალითად, თუ კანდიდატს დასჭირდება ფული ამომრჩეველთა ხელმოწერების შესაგროვებლად, შევეცდებით მას ამაში დავეხმაროთ“.

ხოდორკოვსკის პასუხს მოჰყვა იმავე ჟურნალისტის, რუსეთის ფედერალურ ტელეარხ „რენ-ტევეს“ კორესპონდენტის, შეკითხვა: აძლევს თუ არა ხოდორკოვსკი ფულს პროექტში „პუტინის ნაცვლად“ მონაწილეებს?

„მე, როგორც რუსეთის მოქალაქეს, მაქვს უფლება საკუთარი ფული მივცე კანდიდატებს რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე არჩევნებისას. რამდენი და როგორ - ამას კანონი არეგულირებს. მე კანონს ვიცავ“, - ამბობს მიხაილ ხოდორკოვსკი, რომლის მხარდაჭერითაც 12 სექტემბერს სტარტი აიღო პროექტმა „პუტინის ნაცვლად“.

საიტზე vmestoputina.ru იხილავთ 10 კანდიდატის სურათს. მათგან, მხარდამჭერთა რაოდენობით, დამაჯერებლად ლიდერობს ალექსეი ნავალნი. თუმცა, ნავალნიმ ამ გამოკითხვით რომ გაიმარჯვოს კიდეც, კანონით, ვერ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან ნასამართლევია...

მოკლედ, ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსის თქმის არ იყოს, რუსეთი იმყოფება სიტუაციაში, როცა მნიშვნელოვნად არის გართულებული პოლიტიკური ალტერნატივის ძიება ... ეს, სავარაუდოდ, კარგად გამოჩნდება 18 სექტემბერს, რუსეთის საპარლამენტო არჩევნების დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG