Accessibility links

logo-print

ემუქრება თუ არა დანგრევა ნიკოლაძის კოშკს?


ფოთი, ნიკოლაძის კოშკი (საარქივო ფოტო).

ფოთი, ნიკოლაძის კოშკი (საარქივო ფოტო).

ფოთში ბოლო ხანს ხმა დაირხა, რომ დანგრევას უპირებენ ნიკო ნიკოლაძის კოშკის ერთ ფლიგელს, რომელიც საკათედრო ტაძრის კომპლექსს ესაზღვრება. ამჟამად ფოთში ქალაქის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ამბობენ, რომ საკათედრო ტაძართან მისასვლელი გზის კეთილმოწყობის მიზნით, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს ისტორიული ძეგლის ნაწილის დემონტაჟის საკითხი.
ნიკოლაძის კოშკი

ნიკოლაძის კოშკი


ნიკოლაძის კოშკის მარცხენა ფლიგელის შესაძლო დანგრევის ცნობას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ისტორიკოსი ზურაბ სულაბერიძე განმარტავს, რომ კოშკი, სადაც თავის დროზე ქალაქის რატუშა იყო განთავსებული და სადაც თავად ნიკო ნიკოლაძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ქალაქის უძველესი ნაგებობაა: „ფოთისათვის კოშკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამეთუ ის ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც რამდენიმე საუკუნის კულტურულ ფენას შეიცავს. მისი ღირებულება ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ისტორიისა და წარსულისათვის“ – განმარტავს ისტორიკოსი.

მეთექვსმეტე საუკუნის ძეგლის შესაძლო დანგრევას გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. მათ უკვე რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს. კოალიცია „ქართული ოცნება“, პარტია „საქართველოს გზა“ და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებენ, პატივი სცეს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.
საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე


„არ დავუშვებთ, რომ ხელისუფლებამ დაანგრიოს ისტორიული მემკვიდრეობის ეს ძეგლი“, - ამბობს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია. - „ეროვნულ-კულტურულ ფასეულობას ჩვენ დავიცავთ. რა არგუმენტიც არ უნდა ჰქონდეთ მათ, ამ განზრახვაზე ხელი უნდა აიღონ.“

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერაია, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, ასევე უარყოფითად აფასებს კოშკის შესაძლო დემონტაჟის იდეას. „ვიყავით, ვართ და ვიქნებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სადარაჯოზე“, - ამბობს ის. – „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს.“

მაგრამ საქართველოს პარლამენტის წევრი თემურ წურწუმია საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას „უსაფუძვლოს“ უწოდებს: „კოშკს აქვს მეოცე საუკუნის 70-იანი წლების მინაშენი, რომელიც არ არის და არც არასდროს ყოფილა კოშკის ორგანული ნაწილი. კომუნისტების დროს, იქ გაკეთდა საზკვების ობიექტი. თუ კვების ობიექტს იცავს ქალბატონი ბესელია, არ ვიცი. რაც შეეხება კოშკს, მას კარგის მეტს არავინ არაფერს გაუკეთებს“ - ამტკიცებს პარლამენტის დეპუტატი.
მისი ამ მტკიცების პასუხად ჟურნალისტი დალი ებრალიძე გვეუბნება: „დაარქვეს მას საზკვების ობიექტი. მავანისათვის მთლიანად ქალაქიც კი დღემდე საზკვების ობიექტად რჩება. ეს არის ის ადგილი, საიდანაც გაშენდა ფოთი. ერმა თუ ბერმა თუ არ დავძლიეთ ამბიციები, დიდი შესასვლელების, დიდი შენობების, დიდი კაბინეტების თუ დიდი ‘კუშის’ – ვერაფერს მივაღწევთ. მივაღწევთ მხოლოდ ერთს. დღეს ვიქნებით მაძღარნი, მაგრამ ხვალ არ გვექნება ქვეყანა.“

იმას, რომ თემურ წურწუმიას ნახსენები კოშკის მინაშენიც ძეგლის სტატუსს ატარებს, ადასტურებს ფოთის მთავარი არქიტექტორი ნუკრი ტუღუში. მისი თქმით, ძეგლის სტატუსი მინაშენს 2008 წელს მიენიჭა.
საპროტესტო აქცია ფოთში

საპროტესტო აქცია ფოთში


მიუხედავად ბოლო დღეებში გამოთქმული არაერთი მოსაზრებისა, ჯერჯერობით არავის გაუპროტესტებია კოშკის ფლიგელში მოქმედი კაფე-ბარის შესაძლო დახურვა. ფოთელები აპროტესტებენ არა კვების ობიექტის გაუქმებას, არამედ ისტორიული ძეგლის ნაწილის დემონტაჟს.

კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ნათქვამია: „ძეგლისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ იგი განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ დაკარგა ისტორიული ან კულტურული ღირებულება, რომლის აღდგენა შეუძლებელია, ან მეცნიერული კრიტერიუმებით დაკარგა ის ძირითადი მახასიათებელი, რომლის გამოც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი.“

ნიკოლაძის კოშკის შემთხვევაში არც რაიმე დაზიანებაზე შეიძლება საუბარი, და არც, მით უმეტეს, მის განადგურებაზე. ასეა თუ ისე, კულტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე ძეგლის დემონატაჟი ვერ განხორციელდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG