Accessibility links

logo-print
ორი კვირის წინ გამოვიდა პოლ მაკკარტნის ახალი ალბომი „New“. 71 წლის ლივერპულელის თქმით, მასალის მუსიკალური ბუნება თუ კონცეფცია ორმა ფაქტორმა განაპირობა. ერთი მათგანი ყმაწვილკაცობის ნოსტალგიაა, „ბიტლზამდელი“ წლების მოგონებანი, როცა მამის მიერ ნაჩუქარ აკუსტიკურ გიტარაზე სწავლობდა დაკვრის ანა-ბანას, საკუთარ პირველ თხზულებებს წერდა და დედის გარდაცვალებით გამოწვეულ სევდას იქარვებდა. შთაგონების მეორე და მთავარი წყარო კი მისი მესამე ცოლი, ამერიკელი მსახიობის ნენსი შიველის სიყვარული გახლავთ. სწორედ ამ ქალს მიუძღვნა ალბომის ერთ-ერთი მთავარი რომანტიკული ბალადა „New“, რომელიც თავისი განწყობითა და სტრუქტურით საოცრად ჰგავს „ბიტლზის“ კლასიკად ქცეულ თხზულებას „Penny Lane“. ამ სიმღერის ერთგვარი პრემიერა ნიუ-იორკში გაიმართა. ლივერპულელმა „ტვიტერის“ ბლოგზე დაწერა: ერთ საათში ტაიმს-სკვერზე გელოდებით, რაღაც მაქვს სათქმელიო. ჰოდა, მიმდებარე ოფისებსა თუ მაღაზიებში უამრავმა ამერიკელმა მიაგდო საქმე და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა დათქმულ ადგილზე. იქ კი ძველებურად ახალგაზრდული და ენერგიული ბრიტანელი დაუხვდათ, რომელიც ასეულობით შეკრებილ მსმენელს უორჰოლისეული 15-წუთიანი მუსიკალური სიურპრიზით გაუმასპინძლდა.



პოლ მაკკარტნის ახალი ალბომის მუსიკალური მრავალფეროვნება, ენერგიულობა და ჟღერადობა რამდენიმე ახალგაზრდა პროდიუსერის თანამშრომლობის შედეგია. მაგალითად, პოლ ეპფორდმა და ეტან ჯონსმა აკუსტიკური ნაწილის გაახალგაზრდავებაზე იზრუნეს, ხოლო მარკ რონსონმა და „ბიტლზის“ ლეგენდარული პროდიუსერის ჯორჯ მარტინის ვაჟმა, ჯაილსმა, დისკის კონცეფცია შეიმუშავეს. მიღებული შედეგი კი კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს, თუმცა ისიც დააყოლეს, რომ მელომანები ვერც ამჯერად მოისმენდნენ „Yesterday“-ს ან თუნდაც „Let It Be“-ს მსგავს თხზულებებს. ამ აზრს თავად მაკკარტნიც გამოეხმაურა და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „ახალ მასალაზე მუშაობისას წარსულ ნამოქმედარს ყურადღებას აღარ ვაქცევ, ძველ სიმღერებს არასოდეს ვადარებ... წინ ვიყურები, რადგან უამრავი იდეა მაქვს და შეჩერებას არ ვაპირებო“. ლივერპულელის სიტყვებიდან და შემართებიდან გამომდინარე, ეჭვი მაქვს, მომავალში უფრო დიდ სიურპრიზებს უნდა ველოდეთ. ამგვარი ვარაუდის საფუძველს ერთ-ერთი ბოლო რადიოინტერვიუც მაძლევს, სადაც მუსიკოსმა ტომ იორკთან ერთობლივი პროექტის განხორციელების სურვილი გამოთქვა.



სიუჟეტი სევდიანი ამბით უნდა დავასრულო. იმ დღეს, როცა ჩვენს მომავალ პრეზიდენტს ვირჩევდით, ნიუ-იორკში, გასული საუკუნის როკსცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა ლუ რიდი აღესრულა. გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ჯერაც არ გამოცხადებულა, თუმცა ის, დიდი ალბათობით, მაისში ჩატარებულ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას უნდა უკავშირდებოდეს.

მოგეხსენებათ, „The Velvet Underground“-ს სუპერჯგუფი არ ეთქმოდა. მიუხედავად, ენდი უორჰოლის მეცადინეობისა, არც ეპოქალური ჰიტები დაუწერიათ და არც დიდი კომერციული წარმატება ღირსებიათ. თუმცა ეს ის ბენდია, რომლის ნამოქმედარმაც გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ალტერნატიული როკის გაჩენისა და, რაც საგულისხმოა, მეინტსრიმად ქცევის საქმეში. ლუ რიდის ხსენებული დამსახურება ყველაზე ზუსტად, ჩემი აზრით, ბრიტანელმა მუსიკოსმა ბრაიან ინომ შეაფასა. მისი თქმით, „‘The Velvet Underground’-ის სადებიუტო ალბომი მხოლოდ 10 ათასიანი ტირაჟით გაიყიდა, სამაგიეროდ, ამდენივე მუსიკოსის დაბადებასა თუ ჯგუფის დაარსებას შეუწყო ხელი“. მეტიც, ლუ რიდის შემოქმედების გავლენა გასცდა არტისტულ წრეებს. როგორც ვაცლავ ჰაველი ამბობდა, სწორედ The Velvet Underground“-ის მუსიკა ამხნევებდა მას და მატებდა ძალებს ტოტალიტარიზმთან ბრძოლისას.

ჰოდა, ეს დღეებია, „ალტერნატიული როკის ნათლია“ ბევრმა გამოიტირა - ჯონ კეილით, იგი პოპითა და დევიდ ბოუით დაწყებული, სალმან რუშდითა თუ სამუელ ელ ჯექსონით დამთავრებული. იდარდეს ვატიკანშიც: კულტურის პონტიფიკალური საბჭოს თავმჯდომარემ, იქაურმა კულტურის მინისტრმა კარდინალმა ჯანფრანკო რავაზიმ ტვიტერის ბლოგზე ლუ რიდის სიმღერის „Perfect Day“-ს ლირიკა განათავსა.

XS
SM
MD
LG