Accessibility links

logo-print

პოლ რაიანი - მიტ რომნის რჩეული


პოლ რაიანი (მარცხნივ) და მიტ რომნი

პოლ რაიანი (მარცხნივ) და მიტ რომნი

ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, მიტ რომნის წინასაარჩევნო კამპანიამ დამატებითი იმპულსი მიიღო მას შემდეგ, რაც 11 აგვისტოს მან კონგრესმენი პოლ რაიანი ოფიციალურად გამოაცხადა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად.

მიტ რომნისა და პოლ რაიანის წინასაარჩევნო ტანდემი განაგრძობს ოთხდღიან სააგიტაციო ტურნეს ავტობუსით. ვირჯინიის შტატის შემდეგ რომნი და რაიანი 12 აგვისტოს შეხვდნენ ჩრდილოეთ კაროლინის ამომრჩევლებს. ქალაქ ჰაი პოინტში მათ ათასობით ადამიანი შეეგება. ხალხმრავალ მიტინგზე, რომელიც ავეჯის საწყობში მოეწყო, პოლ რაიანმა ისაუბრა იმაზე, რომ ცვლილებები აუცილებელია არა მხოლოდ ეკონომიკასა და საფინანსო პოლიტიკაში, არამედ წინასაარჩევნო კამპანიაშიც, სადაც გამოკითხვების თანახმად, რომნი კვლავინდებურად ჩამორჩება ამჟამინდელ პრეზიდენტს ბარაკ ობამას.

„ჩვენ შეგვიძლია გარდატეხა მოვახდინოთ, შეგვიძლია სწორ გზაზე დავაყენოთ ქვეყანა, ხალხს ისევ მივცეთ სამუშაო ადგილები და მოქალაქეები ვალებისგან გავათავისუფლოთ, რათა ჩვენმა შვილებმა უკეთეს პირობებში იცხოვრონ - რადგან ეს ზუსტად ის არის, რაც ჩვენმა მშობლებმა გააკეთეს ჩვენთვის“ - უთხრა პოლ რაიანმა შეკრებილთ.

42 წლის რაიანი, წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ცნობილია, როგორც ავტორი ფედერალური ბიუჯეტის რესპუბლიკური ვარიანტისა, რომელიც ითვალისწინებს სოციალური პროგრამების სახელმწიფო დაფინანსების შემცირებას კორპორაციული საშემოსავლო გადასახადების შემცირებასთან ერთად, რამაც - მისი და მისი გუნდის წევრთა აზრით, უნდა გაზარდოს ეკონომიკური ზრდის ტემპი.
კონგრესმენი რაიანი წესიერი, ოჯახის მოყვარული კაცია და საუცხოოდ წარმოადგენს გუბერნატორ რომნის პოზიციას, მაგრამ ეს ის პოზიციაა, რომელსაც მე ფუნდამენტურად არ ვეთანხმები ...

რაიანს ხელიდან არ გაუშვია შესაძლებლობა, კრიტიკულად მოეხსენიებინა ვაშინგტონის ამჟამინდელი ადმინისტრაციის ეკონომიკური პოლიტიკა: პრეზიდენტ ობამას სესხების, საშემოსავლო გადასახადებისა და ხარჯების ეკონომიკურ კურსს რომ გაემართლებინა, ჩვენ ახლა საბერძნეთთან ერთად შევიდოდით „ოქროს ხანაშიო“, თქვა რაიანმა.

ბარაკ ობამას წინასაარჩევნო შტაბის მთავარმა მრჩეველმა დევიდ აქსელროდმა, CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლ რაიანის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა გამიზნულია იმისთვის, რომ მოიპოვონ იმ ნაკლებად კონსერვატორი ამომრჩევლების ხმები, რომლებიც რომნის ამჟამად მხარს არ უჭერენ. ამასთან ერთად, აქსელროდის აზრით, რომნის არჩევანი საშუალო კლასის წარმომადგენლების, სტუდენტებისა და პენსიონერების ერთი ნაწილის უკმაყოფილებას გამოიწვევს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, 12 აგვისტოს პოლ რაიანს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად არჩევა მიულოცა. ჩიკაგოში გამოსვლისას, ობამამ პატივისცემით ახსენა რაიანი და მას „კონგრესში რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგიური ლიდერი“ უწოდა.

„მინდა მივულოცო კონგრესმენ რაიანს", - თქვა პრეზიდენტმა. "მე მას ვიცნობ და მივესალმები მის მონაწილეობას ამ ჭიდილში. კონგრესმენი რაიანი წესიერი, ოჯახის მოყვარული კაცია და საუცხოოდ წარმოადგენს გუბერნატორ რომნის პოზიციას, მაგრამ ეს ის პოზიციაა, რომელსაც მე ფუნდამენტურად არ ვეთანხმები.“

პრეზიდენტის გამოსვლის საპასუხოდ რომნის წინასაარჩევნო შტაბმა ობამა რესპუბლიკელთა მიმართ „დაშინებისა და ტალახში ამოსვრის პოლიტიკის წარმოებაში“ დაადანაშაულა. რესპუბლიკური პარტიის გავლენიანი პოლიტიკოსები კი დადებითად აფასებენ რაიანის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად გამოცხადებას.
XS
SM
MD
LG