Accessibility links

logo-print

პოლიციას ცემის გამო უჩივიან


რასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

რასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებულია იმ მოქალაქეთა რაოდენობის გაზრდით, რომლებიც პოლიციელებს ცემისა და არაადამიანური მოპყრობის გამო უჩივიან. თორნიკე მარგიანის თქმით, მას 2015 წლის 28 მარტს ძველი თბილისის პოლიციის მესამე განყოფილებაში სცემეს, ალექსანდრე ახალკაცი კი ამტკიცებს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები 9 მაისს გურამიშვილის გამზირზე გაუსწორდნენ.

2015 წლის 9 მაისს, გვიან ღამით, ჟურნალისტი ალექსანდრე ახალკაცი, რომელიც ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს, თავის მეგობართან ერთად გურამიშვილის გამზირზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა რამდენიმე პირმა გააჩერა და საბუთების წარმოდგენა მოსთხოვა.

„საეჭვო პირები ხართ, რას გვალაპარაკებთ, წარმოადგინეთ საბუთებიო. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ჯერ თქვენ გვაჩვენეთ საბუთები, რომ მართლა პოლიციელები ხართო... ამაზე გაღიზიანდნენ და დაგვიწყეს ყვირილი, რომ თქვენ კრიმინალები ხართო. ტელეფონი მეჭირა ხელში და ამაზე მიყვირეს, რად გინდა ეგ ტელეფონი, ეკა ხარ ყუშიტაშვილიო? ვუთხარი, რომ პატრულში უნდა დავრეკო-მეთქი...“

ალექსანდრე ახალკაცის თქმით, მას სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, რომლებიც წვივებსა და წელის არეში ურტყამდნენ გამეტებით. ალექსანდრე ახალკაცის მსგავსად, პოლიციის თანამშრომლებს უჩივის თორნიკე მარგიანიც, რომელიც ოთხმა პოლიციელმა ძველი თბილისის რაიონის ერთ-ერთი განყოფილების შენობაში სკამზე დააბა და ხელკეტებით სცემა. ნატა თარხან-მოურავი, თორნიკე მარგიანის დედა, იხსენებს:

„ჯერ ცემა დაუწყეს მანქანაში, შემდეგ მიიყვანეს განყოფილებაში, შეიყვანეს ოთახში, სადაც არ იყო დამონტაჟებული კამერები და უმოწყალოდ სცემა ოთხმა ადამიანმა. დაზიანებული ჰქონდა იერსახე და მორალურადაც იყო განადგურებული“.

გიორგი ცომაიას სცემეს პოლიციის განყოფილებაში და იმდენად ძლიერად იყო ნაცემი, რომ იზოლატორმა არ მიიღო და მოითხოვა ფორმა 100, თუმცა ამის შემდეგ იქით წაუყენეს ბრალდება, რათა დაეფარათ თავიანთი დანაშაულის კვალი და გაემართლებინათ ამ მოქალაქის სხეულზე არსებული დაზიანებები, რომ თითქოს ცომაია დანით მიუვარდა და თავს დაესხა პოლციელებს...

ნანა თარხან-მოურავის თქმით, მის შვილს შეუძლია ამოიცნოს ოთხიდან ორი პოლიციელი, ანუ ისინი, რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურობდნენ ცემის დროს. თორნიკე მარგიანის ადვოკატი თამარ ავალიანი ამბობს, რომ პოლიციელების მიერ მარგიანისა და ახალკაცის ცემა გამონაკლისი არაა.

„პირადად მე შვიდი საქმე მაქვს, რომლებშიც პოლიციების მიერ მოქალაქეების ცემაზეა საუბარი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის შემაშფოთებელი ტენდენცია. მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის მივმართეთ შესაბამის უწყებებს, - პროკურატურას, შსს-ს, - გამოძიება ჯერჯერობით არაფექტიანად ხორციელდება და ეს, მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე მარგიანს შეუძლია იმ პოლიციელების ამოცნობა, რომლებიც აღნიშნულ უწყებაში მუშაობენ, ვგულისხმობძველი თბილისის პოლიციის მესამე განყოფილებას“.

რადიო თავისუფლება ვითარებაში გასარკვევად დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსსამსახურის თანამშრომელს სალომე წერეთელს, რომლის თქმითაც, თორნიკე მარგიანის საქმეს პროკურატურა იძიებას, ხოლო ალექსანდრე ახალკაცის საქმესთან დაკავშირებით სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს მოკვლევას, თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ცქიტიშვილი ამბობს, ხშირ შემთხვევაში, ამ უწყებების რეაცქია პოლიციელებისა და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების დანაშაულზე არააედეკვატურია. ალექსანდრე ცქიტიშვილმა გაიხსენა მოქალაქე გიორგი ცომაიას ცემის ფაქტი, რომლის დაფარვას ცდილობდნენ სამინისტროს წარმომადგენლები.

„გიორგი ცომაიას სცემეს პოლიციის განყოფილებაში და იმდენად ძლიერად იყო ნაცემი, რომ იზოლატორმა არ მიიღო და მოითხოვა ფორმა 100, თუმცა ამის შემდეგ იქით წაუყენეს ბრალდება, რათა დაეფარათ თავიანთი დანაშაულის კვალი და გაემართლებინათ ამ მოქალაქის სხეულზე არსებული დაზიანებები, რომ თითქოს ცომაია დანით მიუვარდა და თავს დაესხა პოლციელებს. ჩვენ ვაყენებთ საკითხს, რომ დამთავრდეს გენერალური ინსპექციების დრო და შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დანაშაულსა და გადაცდომებს“, უთხრა ალექსანდრე ცქიტიშვილმა რადიო თავისუფლებას.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებმა ახალკაცისა და მარგიანის საქმეები შესასწავლად სახალხო დამცველის აპარატს გადაუგზავნეს. ადვოკატი თამარ ავალიანი სათანადო რეაგირებას ითხოვს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისგან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG