Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია


შალვა აბულაძე, რომელიც ორი პოლიციელის მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ძებნა შალვა აბულაძეზე 5 აპრილს მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მან ვარკეთილში ერთი პოლიციელი მოკლა და ერთი მძიმედ დაჭრა. მას ბრალად ედება ბორჯომში კიდევ ერთი პოლიციელის მკვლელობა. შსს-ს ინფორმაციით, შალვა აბულაძემ დაკავებისას წინააღმდეგობა გასწია. საპირისპიროს ამბობენ დაკავებულის მეგობრები.

ორი პოლიციელის მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, ძებნილი შალვა აბულაძე 10 აპრილს, გამთენიისას, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში დააკავეს. მიტოვებული შენობა, სადაც შალვა აბულაძე აფარებდა თავს, ბორჯომ-ბაკურიანის საავტომობილო გზაზე მდებარეობს. 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ძებნილის დასაკავებლად მთელი საქართველოს მასშტაბით ჩართული იყო შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფი. ძებნა-დაკავების ღონისძიებაში ჩართული იყო ასევე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები. სწორედ ამ ვერტმფრენით გადმოიყვანეს თბილისში დაკავებული შალვა აბულაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა იმ სახლიდან, სადაც ძებნილი იმალებოდა, 2 პისტოლეტი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს:

„შალვა აბულაძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ დაიწყო საქართველოს სსკ-ის რამდენიმე მუხლით, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას, მოსპობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად,9 აპრილს წაუყენა. ის ძებნილად 5 აპრილს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც მან წინა ღამით ვარკეთილში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ისან-სამგორის შს სამმართველოს თანამშრომელი ბექა მარგიშვილი, ხოლო ვალერიან გრძელიშვილი მძიმედ დაჭრა. მასვე ედება ბრალად ბორჯომში პოლიციელებზე თავდასხმა და ერთი პოლიციელის მკვლელობა. როგორც შსს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს, შალვა აბულაძემ დაკავებისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა შსს არ აკონკრეტებს, რა ტიპის წინააღმდეგობა იყო ეს. საპირისპიროს ამბობს შალვა აბულაძის მეგობარი და ბორჯომის საკრებულოს წევრი დავით როკეტიშვილი. როგორც მან რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ახალციხეში, მაია იველაშვილს, უთხრა, შალვა აბულაძე სამართალდამცავებს ჩაბარდა, რადგან, როკეტიშვილის სიტყვებით, ბრალდებულმა შეიტყო, რომ მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე სამართალდამცავები ზეწოლას ახდენდნენ მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.

„ადამიანია, ჩაბარდა, რადგან ვერ მოისვენებდა. ამბობენ, რომ ის თვითონ დაუკავშირდა სამართალდამცავებს და უთხრა თავისი ადგილსამყოფელი. მოვიდნენ და ცოტა ხანი კიდევ ელაპარაკნენ მას კარებიდან. როგორც ამბობენ, ფანჯრიდან გადმოყარა იარაღები და ჩაბარდა“, - ამბობს დავით როკეტიშვილი.

რაც შეეხება დავით როკეტიშვილის მიერ ნახსენებ ზეწოლას მეგობრებსა და ახლობლებზე, ამის თაობაზე ლაპარაკობდნენ რამინ მამედოვის, შალვა აბულაძის მეგობრის, ოჯახის წევრები. რამინ მამედოვი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავეს. რამინ მამედოვის დედის თქმით, მის შვილზე ხორციელდებოდა ზეწოლა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ შალვა აბულაძის ადგილსამყოფელი გაეთქვა:

„მითხრეს, რომ თუ შენი შვილი ან შენი ოჯახი შალვა აბულაძის ადგილსამყოფელს არ გვეტყვით, თქვენ ოჯახს მოგსპობთ“, - ამბობს რამინ მამედოვის დედა.

შალვა აბულაძის დაკავებიდან რამდენიმე საათში რამინ მამედოვმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პირველადი ჩვენება შეცვალა და ბრალი აღიარა. მოსამართლის შეკითხვას, ხომ არ განხორციელდა მასზე რაიმე ტიპის ზეწოლა, რის გამოც მას ჩვენების შეცვლა მოუხდა, რამინ მამედოვმა უარით უპასუხა. მოულოდნელი აღმოჩნდა მამედოვის აღიარება მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძისთვის. როგორც ის ამბობს, დაკავებული მთელი ამ დროის მანძილზე იყენებდა დუმილის უფლებას, რაც ნიშნავს, რომ ის არ აღიარებდა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას:

„სასამართლო პროცესზე მან შეცვალა თავისი პოზიცია და თქვა, რომ მან ეს დანაშაული ჩაიდინა. არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ როდესაც ეს პიროვნება დააკავეს, მას სისხლში აღმოუჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება“, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

რამინ მამედოვს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 000- ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდის შემთვევაშიც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.

შალვა აბულაძის დაკავების ფაქტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და შსს მინისტრს მადლობა გადაუხადა. მან შალვა აბულაძის დაკავებას „ხელისუფლების ღირსების საქმე“ უწოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შალვა აბულაძეს 16-დან 20 წლამდე თვისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG