Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი პოლიციას: „დაიცავით თქვენი სიცოცხლე“


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა ავრცელებენ პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძის ფოტოს და აფრთხილებენ საზოგადოებას გამოიჩინონ სიფხიზლე და პოლიციას ცხელი ხაზის (ტელ: 2 40 52 22) მეშვეობით ეჭვმიტანილის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. მთავარი პროკურატურის ცნობით, შალვა აბულაძემ 2015 წლის 23 იანვარსა და 4 აპრილს თბილისსა და ბორჯომში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა პოლიციელებს - ბექა მარგიშვილსა დაგიორგი ბერუაშვილს.

2015 წლის 4 აპრილს, პოლიციის ისან-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ვახტანგ გულიაშვილმა, ვალერიან გრძელიშვილმა და ბექა მარგიშვილმა მოქალაქეს, რომელიცჯავახეთის ქუჩით ვარკეთილის მეტროსადგურისკენ მიდიოდა, შემოწმების მიზნით, მოუწოდეს გაჩერებულიყო. პასუხად მოქალაქემ, რომელიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ბორჯომში მცხოვრები შალვა აბულაძეა, პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გრძელიშვილი მძიმედ დაიჭრა. შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, ბალისტიკურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბორჯომში 23 იანვარს და თბილისში 4 აპრილს პოლიციელებს ერთი და იმავე იარაღიდან ესროლეს:

„დადასტურებულია, რომ ამ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული. გამოძიება თითქმის დამთავრდა და შესაბამის განცხადებას პროკურატურა გააკეთებს. ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ძებნის ოპერაცია, ძებნილის ფოტოები დაიდო საიტზეც და ტელევიზიებშიც ვაჩვენეთ. იმედი გვაქვს, რომ მოქალაქეები დაგვირეკავენ და დაგვეხმარებიან“.

რვა წელი ჰქონდა მოხდილი და ეხებოდა პირობით ვადამდე გათავისუფლება... არ ყოფილა უარყოფითი დასკვნა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი, უბრალოდ, არ იქნებოდა განხილული.
გედევან ფოფხაძე

მთავარი პროკურატურის ვებსაიტზე კი მართლაც გამოქვეყნდა მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტო და ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე - განზრახ მკვლელობის - მუხლით და რომჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა პოლიციელებზე თავდამსხმელი პირის ვინაობა: 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძე, რომელიც ასევე იძებნება 2015 წლის 23 იანვარს ბორჯომში პოლიციის თანამშრომლებისგიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მოკვლის მცდელობისთვის. მთავარი პროკურატურის ინფორმააციითვე, შალვა აბულაძე წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი. ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის მისჯილი ჰქონდა 20 წლით პატიმრობა, თუმცა აბულაძეს ჯერ შეეხო 2009 წლის ამნისტია, ხოლო შემდეგ მასზე გავრცელდა 2012 წლის საყოველთაო ამნისტია და სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა. 2013 წლის 23 ნოემბერს კი აბულაძე სასჯელის ამოწურვამდე 8 თვით ადრე პირობით ვადამდე გაათავისუფლა კომისიამ, რომლის წევრი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე იყო. აი, რა უთხრა დეპუტატმა ტელეკომპანია „იმედს“:

„რვა წელი ჰქონდა მოხდილი და ეხებოდა პირობით ვადამდე გათავისუფლება... არ ყოფილა უარყოფითი დასკვნა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი, უბრალოდ, არ იქნებოდა განხილული“.

მე მივმართავ ყველა პოლიციელს, რომ იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. თქვენ გაქვთ კანონით მონიჭებული უფლება, რომ დაიცვათ, პირველ რიგში, თქვენი საკუთარი სიცოცხლე. ჩვენ ყოველთვის ორი-სამი ნაბიჯით წინ უნდა ვუსწრებდეთ კრიმინალს...
ირაკლი ღარიბაშვილი

საპარლამენტო უმცირესობაში კი მიიჩნევენ, რომ დანაშაულის ზრდასა და პოლიციელების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის თქმით, არასწორ სისხლის სამრთლის პოლიტიკას ატარებს:

„პოლიციელთა დემორალიზაცია უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მოხდა სწორედ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად, რომელსაც ივანიშვილის მთავრობა ატარებს და რაც გამოიხატა ამნისტიაში და მკვლელების, ყაჩაღების, კრიმინალების გამოშვებაში, რამაც უდიდესი საფრთხე შეუქმნა როგორც საზოგადოების დაცულობას, ასევე პოლიციელთა სიცოცხლეს“.

პოლიციელთა სიცოცხლის დაცვაზე ილაპარაკა მოკლული პოლიციელის ოჯახისათვის სამძიმრის სათქმელად მისულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც მოუწოდა პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გააათმაგონ ძალისხმევა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში:

„მე მივმართავ ყველა პოლიციელს, რომ იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. თქვენ გაქვთ კანონით მონიჭებული უფლება, რომ დაიცვათ, პირველ რიგში, თქვენი საკუთარი სიცოცხლე. ჩვენ ყოველთვის ორი-სამი ნაბიჯით წინ უნდა ვუსწრებდეთ კრიმინალს. ვერ უნდა დაგვასწროს ვერც ერთმა კრიმინალმა ვერც გასროლა და ვერც სხვა ვერაფერი“.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების პასუხად, შინაგანა საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მოსამზადებელია კანონპროექტი, რომელიც პოლიციელისათვის უფლებამოსილების გაზრდას უზრუნველყოფს. მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას თქმით, პოლიციელის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა ჰქონდეს რეალური ბერკეტები და მექანიზმები, რათა ეფექტიანად შეძლოს საფრთხის თავიდან აცილება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG