Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-სა და პროკურატურის კონცეფციები


”საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის” ორგანიზებით, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა, პირველი კონცეფციის ავტორი ლევან იზორიაა, ხოლო მეორის - თამარ ლალიაშვილი. ორივე კონცეფციის ავტორის მთავარი მიზანი ამ სახელმწიფო ინსტიტუციების დეპოლიტიზება და სტრუქტურული რეფორმებია.

მაშინ, როცა სასტუმრო ”თბილისი მარიოტის” ერთ-ერთ საკონფერენციო დარბაზში სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის, ”გორბის” მიერ ჩატარებული ”დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის” შედეგების პრეზენტაცია მიმდინარეობდა, მეზობელ საკონფერენციო დარბაზში სამართალდამცავი სტრუქტურების ახალ კონცეფციებს წარმოადგენდნენ. ”გორბის” გამოკვლევის მიხედვით, 2012 წელს გამოკითხული 3001 რესპონდენტიდან თავდასხმის არ ეშინია გამოკითხულთა 98%-ს , 97 % -ს ოჯახის წევრების და ბინის უსაფრთხოების განცდა აქვს. გამოკვლევის პრეზენტაციისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველო 10-ჯერ უსწრებს უსაფრთხოების განცდით საშუალო ევროპულ ქვეყნებს:

” ვიქტიმიზაციის ინდექსი საქართველოში არის დაახლოებით 10-ჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე საშუალო ევროპული მაჩვენებელი, რაც კიდევ ერთხელ, გასული წლის შემდეგ, ადასტურებს, რომ საქართველო რჩება ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად.“

მოსაზრებას, რომ უსაფრთხოების განცდა, სამართალდამცავი სტრუქტურების გამართული მუშაობის შედეგად, მიღწეულია, ნაწილობრივ იზიარებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ”საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სისტემისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონცეფციის” ავტორი, ლევან იზორია. მისი შეფასებით, რეფორმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარდა, მხოლოდ ფასადურია და სისტემა რჩება საბჭოთა მილიციის კანონმდებლობის ქვეშ, რადგან მოქმედი კანონი პოლიციის შესახებ, მისი სიტყვებით, 1993 წელს მიიღეს, გამჭვირვალე შენობების მიღმა კი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მწვავე პრობლემები დგას:

” დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სისტემა მთლიანად, ფუნქციონალურად, გაიგივებულია როგორც საპოლიციო, ასევე უშიშროების სამსახურებთან, ჩვენ კი გვინდა, რომ სამინისტროს საქმიანობის 60% იყოს სამოქალაქო სამსახურებით დაკომპლექტებული, ისეთი სამსახურებით, როგორიც არის საჯარო სამსახურის განვითარება, ზოგადად, და მოდერნიზაცია, ქვეყანაში ადმინისტრაციული კანონის გაუმჯობესება, ანუ ე.წ. შსს უნდა იქცეს საშინაო საქმეთა სამინისტროდ, სადაც ფუნქციების უმეტესობა სამოქალაქო სამსახურებზე მოვა.“

ლევან იზორიას კონცეფციის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დარჩება საპოლიციო ფუნქციაც, გარდა ჩამოთვლილი ფუნქციებისა, თუმცა ის, დღეს არსებული 16 დეპარტამენტის ნაცვლად, განაწილებული იქნება ორში - საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასა და საზღვრის დაცვის პოლიციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონცეფციის გარდა, ”საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე პროკურატურის კონცეფციაც განიხილეს. მისი ავტორი სამართლის დოქტორი თამარ ლალიაშვილია. მისი სიტყვებით, დამოუკიდებელი პროკურატურა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი სეისმოგრაფია, დღევანდელი პროკურატურა კი სახელისუფლო მარწუხებშია მოქცეული. სწორედ ამ გავლენებისგან გათავისუფლებაა თამარ ლალიაშვილის კონცეფციის მთავარი პოსტულატი. ამასთან, კონცეფციის მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკისრება პროკურორების გათავისუფლებას იუსტიციის მინისტრის გავლენისგან, რადგან, თამარ ლალიაშვილის განმარტებით, იუსტიციის მინისტრი დღეს პროკურორის ფუნქციებით აღჭურვილი მინისტრია:

” ჩვენ გვყავს იუსტიციის მინისტრი პროკურორი, რომელსაც ყოველ საქმეზე შეუძლია მისცეს მითითებები პროკურორს, გააუქმოს პროკურორის გადაწყვეტილება; მას შეუძლია ზედამხედველობა განახორციელოს გამოძიებაზე, -ამას ითვალისწინებს პოლიციის შესახებ კანონის მე-40 მუხლი, - არა მხოლოდ გამოძიებაზე, არამედ ოპერატიულ-სამძებრო ოპერაციებზე და, პარალელურად, მას აქვს უფლება თავად აწარმოოს სისხლისსამართლებრივი დევნა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ.”

და ამ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრი ყოველთვის გამოიყენებს თავის პოლიტიკურ უფლებამოსილებას, მით უფრო, რომ ის არის მთავრობის წევრი, ამბობს თამარ ლალიაშვილი. მისი კონცეფციის მიხედვით, პროკურატურა დარჩება იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, მაგრამ მინისტრი აღარ იქნება პროკურორის უფლებებით აღჭურვილი და მას არ ექნება მითითებების მიცემის უფლება; ასევე შეიცვლება პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის წესი:

” მთავარი პროკურორის სამ კანდიდატურას წარადგენს დამოუკიდებელი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან როგორც უზენაესი სასამართლოს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები, ასევე სახალხო დამცველი, პროკურორები, მოსამართლეები, საზოგადოების წარმომადგენლები და პრეზიდენტს შეეძლება მისი დანიშვნა მხოლოდ და მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის თანხმობით და მოთხოვნა არის, რომ ოპოზიციის უმრავლესობის თანხმობაც უნდა იყოს.”

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი ნინო გვენეტაძე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ კონცეფციაში ასევე რჩება პროკურორის უსაზღვროდ დიდი დისკრეციის, ანუ უფლება-მოვალეობის ალბათობა. ნინო გვენეტაძის სიტყვებით, დღეს სამართლის სისტემაში პროკურორის დისკრეცია უსაზღვროდ დიდია - იმდენად, რომ მას დაცვის მხარე თავისი უფლებებით ვერ უტოლდება და ამით ირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. ამ მხრივ პროკურორის უფლება-მოვალეობები კონცეფციაშიც გადასახედია.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG