Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკარგული ”ფლეშკა” და გამჟღავნებული ინფორმაცია


კოალიციამ ”არჩევანის თავისუფლებისთვის” მოიპოვა ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომლის შმაგი ურატაძის კუთვნილი ”ფლეშკა”, რომელზე ჩაწერილი მასალებითაც პოლიციის წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულობა დასტურდება. კოალიციის თანახმად, მეხსიერების ბარათზე დატანილი ინფორმაციით და მოხსენებითი ბარათებით ირკვევა, რომ პოლიცია სასამართლოს სანქციის გარეშე სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს უთვალთვალებს და მათ შესახებ ინფორმაციას აგროვებს. კოალიცია, ფაქტზე რეაგირების მიზნით, უშიშროების საბჭოს უწყებათშორის კომისიას სპეციალური საზოგადოებრივი კომისიის შექმნისაკენ მოუწოდებს.

საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარის, გაზეთ ”გურია ნიუსის” მთავარი რედაქტორის ია მამალაძის თანახმად, ეგრეთ წოდებულ ”ფლეშკაზე”, რომელიც პოლიციელ შმაგი ურატაძეს ეკუთვნის, დატანილია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მომცველი ფაილები, კერძოდ, ფაილები ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში მცხოვრები მოქალაქეების პოლიტიკური შეხედულებების, ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერების, საჯარო მომსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემების შესახებ. პოლიციელის მიერ შეგროვილ მასალაში ცალკეა გამოყოფილი იმ ადამიანების მონაცემები, რომელთაც სატელიტური ანტენები აქვთ დამონტაჟებული. დაზუსტებულია ასევე ბიძინა ივანიშვილის კომპანიაში დასაქმებული პირების ვინაობა, იმ პირების ვინაობა, ვისაც დახმარება სჭირდება. ცალკეა თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული ფაილები, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს აცანაში, რათა სახელისუფლებო პარტიამ საარჩევნო ხმები მოიპოვოს და ასე შემდეგ. მეხსიერების ბარათზე ჩაწერილია ასევე ურატაძის კოლეგის, ვინმე ბენდელიანის პატაკებიც სოფელ ჯორუყვეთის მოსახლეობის მონაცემებზე, რაც ია მამალაძეს იმის დასტურად მიაჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეებზე ინფორმაციების შეგროვება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაევალათ:
ეს ადამიანი ძალიან კარგი შემსრულებელია უფროსობის დავალების, დავალებას ძალიან კარგად ასრულებს ...
ია მამალაძე

” თუკი ეს იქნებოდა მონაცემები, რომლებიც ჩამოთვლილი პირების რაღაც საეჭვო ქმედებებს შეიცავდა სამართალთან დაკავშირებით, მაშინ გასაგები იქნებოდა, მაგრამ პოლიცია აგროვებდეს მონაცემებს, ვინ არის ოპოზიციის მხარდამჭერი, ვინ მუშაობს ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში, ვის უდგას ანტენები, ვინ თაობს სოფელში ანტენების შემოტანას, ეს პოლიციის საქმე ნამდვილად არ არის და აქედან - ორივე ადამიანის, ორივე პოლიციელის, ურატაძის და ბენდელიანის, პატაკებიდან - კარგად ჩანს, რომ ეს არის სტრუქტურულად გაწერილი, თუ რა მონაცემები უნდა შეაგროვონ მათ, იმიტომ რომ მათი პატაკები არის იდენტური.”

ია მამალაძე აქვე აღნიშნავს, რომ პოლიციელ შმაგი ურატაძის მიერ მოპოვებული ინფორმაციის ნაწილი გაზეთ ”გურია-ნიუსის” თანამშრომლებმა გადაამოწმეს და მისი ნამდვილობაც დაადასტურეს. რაც შეეხება კითხვას, როგორ ჩაუვარდათ ”ფლეშკა” გაზეთის თანამშრომლებს, ია მამალაძე გვიპასუხებს:

”ეს ადამიანი ძალიან კარგი შემსრულებელია უფროსობის დავალების, დავალებას ძალიან კარგად ასრულებს. რამდენად სამართლიანია, ეს მეორე საკითხია. მაგრამ, როგორც ჩანს, არის ძალიან უყურადღებო, რადგან არ უფრთხილდება ამგვარი ინფორმაციის შემცველ ჩიპს და მას ქუჩაში კარგავს.”

კოალიციაში ”არჩევანის თავისუფლებისათვის” მიიჩნევენ, რომ თუკი დადასტურდა, რომ პოლიციელი ინფორმაციას ხელმძღვანელობის დავალებით აგროვებდა, ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ძალოვანი უწყება პოლიტიკური პოლიციის ფუნქციას ასრულებს, ემსახურება მმართველი პარტიის ინტერესებს და სცილდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს. შესაბამისად, საქმე შესწავლას მოითხოვს, თუმცა კოალიცია სამართალდამცავ ორგანოებს უნდობლობას უცხადებს და, როგორც კოალიციის წევრი მაგდა პოპიაშვილი გვეუბნება, უშიშროების საბჭოს უწყებათშორის კომისიას შემდეგი მოთხოვნით მიმართავს:
ჩვენთვის რთულია წინასწარ რამის განსაზღვრა ზეპირი განცხადებების საფუძველზე. და თუ მიზანი პოლიტიკური შეფასებებია, ეს უკვე ჩვენს კომპეტენციაში არ შემოდის ...
თამარ კინწურაშვილი

”ჩვენ ვითხოვთ, რომ შეიქმნას უწყებათშორის კომისიასთან საზოგადოებრივი კომისია, რომელიც ამ ყველაფერს დაადგენს - რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს. საზოგადოებრივ კომისიაში არ შევლენ მხოლოდ გიგა ბოკერია, თამარ კინწურაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, რომელთა ხელშიც ჩიპს რა მოუვა, არავინ იცის.”

მაგდა პოპიაშვილის თანახმად, უშიშროების საბჭოს არჩევნების საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიის ეგიდით შექმნილი საზოგადოებრივი კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მონაწილეობით უნდა დაკომპლექტდეს. უწყებათშორისი კომისიის წევრის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თამარ კინწურაშვილის თქმით კი, რა ფორმით მოხდება კომისიის რეაგირება ფაქტზე, მხოლოდ კოალიციის მიერ უწყებათშორისი კომისიისთვის მასალების მიწოდების შემდეგ გახდება ნათელი.

”გაურკვეველია საერთოდ ამ იდეის ლობირება, იმიტომ რომ, თუ კოალიციის მიზანია მოახდინოს დარღვევის პრევენცია ან რეაგირება მოხდეს რაიმე დარღვევაზე, - სამართალდარღვევაზე, თუკი ასეთთან გვაქვს საქმე, - მან უნდა ითანამშრომლოს კომისიასთან და მიაწოდოს შესაბამისი მასალები. ჩვენთვის რთულია წინასწარ რამის განსაზღვრა ზეპირი განცხადებების საფუძველზე. და თუ მიზანი პოლიტიკური შეფასებებია, ეს უკვე ჩვენს კომპეტენციაში არ შემოდის.”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ კი - პოტენციური საზოგადოებრივი კომისიის პოტენციურ მონაწილე ორგანიზაციაში - განმარტავენ, რომ კოალიცია „არჩევანის თავისუფლების“ მიერ მხილებული პოლიციელების ქმედება უფლებამოსილების გადამეტებისა და უკანონობის ნიშნებს შეიცავს.
XS
SM
MD
LG