Accessibility links

logo-print

პოლიტდევნილთა მისაღებად ქვეყანა ერთ კვირაში იქნება მზად


მთავარი პროკურატურა

მთავარი პროკურატურა

პროკურატურა საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტდევნილებად მიჩნეულ 25 პირს ერთი კვირის განმავლობაში სამშობლოში დაბრუნებას არ ურჩევს, ამ დროის შემდეგ კი, როცა მათ მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდება, საქართველოში დაბრუნება თავისუფლად შეეძლებათ. უკვე შეწყდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით მიმდინარე 9 პირის ძებნაც, თუმცა იურისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ, პარლამენტის მიერ მათთვის სტატუსის განსაზღვრის მიუხედავად, სასამართლო პროცესების შეწყვეტა არ ღირს. ამ საკითხზე ხელისუფლების მთავარ ოპონენტად საპარლამენტო უმცირესობა რჩება.

პროკურატურა პარლამენტის მიერ პოლიტიკური ნიშნით დევნილებად აღიარებულ პირებს ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში დაბრუნებისგან თავის შეკავებას ურჩევს, რათა საზღვარზე პრობლემები არ შეექმნათ. ამის შესახებ პროკურატურის მიერ 16 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

”კანონით დადგენილი ხსენებული ერთკვირიანი ვადის დაცვით, საქართველოს მთავარი პროკურატურა უზრუნველყოფს მითითებული პროცედურების განხორციელებას, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით აღიარებული პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების მიმართ ძებნის შეწყვეტა როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბით”.

როგორც პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი კახა წერეთელი განმარტავს, პოლიტდევნილის სტატუსის მქონეთა ნაწილის მიმართ ამ ეტაპზე სასამართლო გადაწყვეტილებებია მიღებული და მიმდინარეობს ძებნის მოხსნის პროცედურები, ხოლო პირთა ნაწილთან დაკავშირებით ძებნის პროცედურა ჯერ არ დასრულებულა. ეს განხილვა და ძებნის მოხსნის პროცედურა დასრულდება ერთი კვირის ვადაში, ანუ ამნისტიის კანონის მიღებიდან ერთი კვირის თავზე, მანამადე კი მათი ძებნის პროცედურა დსთ-ს და საქართველოს სივრცეში ძალაში რჩება:
საქართველოში დაბრუნება მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის. ეს ადამიანი დაისაჯა მხოლოდ იმიტომ, რომ არის ირაკლის, ჩემი შვილის, ბიძა ...

”მანდ არის პირების ორი კატეგორია. ერთი კატეგორიაა პირები, ვის მიმართაც გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და, შესაბამისად, პროკურატურამ უკვე მიმართა ყველაზე სასამართლოს განაჩენის გაუქმების შესახებ. არის პირთა მეორე კატეგორია, რომელთა მიმართ დევნა გრძელდება, ანუ ან გამოძიება მიმდინარეობს, ან სასამართლო განხილვა და ჯერ განაჩენამდე არ მისულა. ასეთ შემთხვევაში პროკურატურამ ყველა ასეთ პირზე უკვე შეიტანა შუამდგომლობები სასამართლოში მათ მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიებების გაუქმების შესახებ”.

კახა წერეთლის სიტყვებით, პროკურატურა რამდენიმე დღეში ოფიციალურად განაცხადებს, რომ ყველა პროცედურა ამოწურულია და პოლიტდევნილის სტატუსის მქონე პირებს საქართველოში დაბრუნება თავისუფლად შეეძლებათ.

იმ 25 პირს შორის, რომელთაც პარლამენტმა პოლიტდევნილის სტატუსი მიანიჭა, ერთ-ერთი ზურაბ გიგუაშვილია. ისიც საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება. შეგახსენებთ, რომ მას თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და მონაწილეობის ბრალდება ჰქონდა წაყენებული. ზურაბ გიგუაშვილის და, ეთერ გიგუაშვილი, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დედაა, ლაპარაკობს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ძმისთვის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყევტილება:

”საქართველოში დაბრუნება მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის. ეს ადამიანი დაისაჯა მხოლოდ იმიტომ, რომ არის ირაკლის, ჩემი შვილის, ბიძა”.
ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იყვნენ ბრალდებული, ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრიობას ებრძოდნენ ...

პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნილთა ძებნა, გაგებით ეკიდება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე. მისი სიტყვებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მათი ძებნის აუცილებლობა მოიხსნა, თუმცა ეკა ფოფხაძე უპრიანად მიიჩნევს ძებნის შეწყვეტის შესახებ გადაწყეტილება სასამართლოს ან საგამოძიებო ორგანოებს მიეღოთ:

”დევნის განმახორციელებელი რადგანაც არავინ არ არის, შესაძლებელი ყოფილიყო ამ ადამიანებს გაევლოთ კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა - წინასწარი გამოძიების, თვითონ გამოძიების, სასამართლო განხილვების - და, უკვე შეცვლილი რეალობის გათვალისწინებით, გამოძიებას, პროკურატურას თვითონ გადაეწყვიტა, რამდენად არსებობდა დევნის გაგრძელების ან შეწყვეტის აუცილებლობა, ან სასამართლოს თავად ემსჯელა”.

საპარლამენტო უმცირესობა კი კვლავ რჩება მთავარ ოპონენტად უმრავლესობისა, რომელმაც ამნისტიის კანონი მიიღო და რომელმაც ქვეყანაში 190 პოლიტპატიმრის და 25 პოლიტდევნილის არსებობა დაადასტურა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მარიამ საჯაია ამბობს, პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესების საზიანოა:

”ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იყვნენ ბრალდებული, ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრიობას ებრძოდნენ, და ამგვარი ადამიანების ქვეყანაში დაბრუნება ძალიან დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს მთლიანად საზოგადოებისთვის”.

ამასთან, მარიამ საჯაიას ყველაზე მეტად ის არ მოსწონს, რომ ინტერპოლის მიერ 9 პირის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვეტილია. ეს პირები არიან: მიხეილ ქარელი, ბიძინა გიორგობიანი, ჯემალ ქარქუსოვი, გიორგი ქადაგიშვილი, ლევან ფხაკაძე, გურამ გოგუა, მელიქ რაისიანი, ილია რამიშვილი და იასონ ჩიხლაძე.
XS
SM
MD
LG