Accessibility links

logo-print
საქართველოში სხვადასხვაგვარად აღიქვეს პრემიერ-მინისტრის მოწოდება, რომ სამართალდამცველმა სტრუქტურებმა წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ პოლიტიკოსთა დაკავებისგან. თუკი ერთნი თვლიან, რომ ”ქართული ოცნება” ამით საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებული ეჭვების გაფანტვას ცდილობს, მეორენი ფიქრობენ, რომ სამართლებრივი პროცესების პოლიტიკისთვის დაქვემდებარებამ შესაძლოა ასეთი ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფროს. როდემდე და რა პირობით ცხადდება მორატორიუმი?

10 ივლისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების უნაკლოდ ჩატარების მიზანს მიუძღვნა, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ბიძინა ივანიშვილმა პროკურატურისა და შს სამინისტროს საყურადღებოდ დასვა. მან თქვა, რომ სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ”მკაფიოდ დასაბუთებული, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევის გარდა”, თავი უნდა შეიკავონ ”დანაშაულში მხილებულ იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და დაკავებისაგან”, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში.

”ჩვენი პრიორიტეტია ყველა დამნაშავის განსასჯელის სკამზე დასმა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში უფრო მაღალი პრიორიტეტია პოლიტიკური თავისუფლება”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა 10 ივლისს გავრცელებულ მიმართვაში.

ბოლომდე კარგად არ ესმის, მაგრამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ვარაუდობს, რომ პრემიერ-მინისტრის მოწოდება მართლმსაჯულების პროცესის შეჩერებას არ ნიშნავს და რომ ის ძირითადად წინასწარი დაკავების პრაქტიკას უკავშირდება. ”შესაძლებელია ვიფიქროთ იმაზე, რომ იძულებითი ღონისძიებების ნაცვლად მოხდეს არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენება. მაგრამ თუ არსებობს კონკრეტული დანაშაულები და საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობს, ეს უნდა გაგრძელდეს და სამართლებრივი პროცედურები არ უნდა შეჩერდეს არჩევნების გამო”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკა ფოფხაძემ.

იმ პერიოდში, როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ვიყოთ მაქსიმალურად თავშეკავებულნი... თუ, რა თქმა უნდა, დანაშაულის ბუნებიდან რაღაც სხვა არ გამომდინარეობს (ეს, უმეტესწილად, ძალადობრივ დანაშაულებს ეხება), გამოძიების მეთოდები არ იყოს მიმძლავრებითი...
პრემიერ-მინისტრის სულისკვეთებას იზიარებს მთავარი პროკური. როგორც არჩილ კბილაშვილმა აღნიშნა 10 ივლისს, ტელეკომპანია ”მე-9 არხში” სტუმრობისას, ბიძინა ივანიშვილის მოწოდება საპრეზიდენტო არჩევნების ”მაქსიმალურად მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში” ჩატარებას ისახავს მიზნად, მაგრამ ის სულაც არ გულისხმობს დანაშაულის მიმართ სამართალდამცველი სტრუქტურების ლოიალურ მიდგომას.

”იმ პერიოდში, როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ვიყოთ მაქსიმალურად თავშეკავებულნი... თუ, რა თქმა უნდა, დანაშაულის ბუნებიდან რაღაც სხვა არ გამომდინარეობს (ეს, უმეტესწილად, ძალადობრივ დანაშაულებს ეხება), გამოძიების მეთოდები არ იყოს მიმძლავრებითი, არ იყოს დევნითი და ამან გავლენა არ იქონიოს თავისუფალ არჩევნებზე”, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მიმართვის გულწრფელობა ეჭვქვეშ დააყენეს ”ქართული ოცნების” პოლიტიკურმა ოპონენტებმა. მაგალითად, როგორც 10 ივლისს აღნიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ, ქვეყანაში გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტები და შეუსრულებელ მოწოდებებთან დაკავშირებული გამოცდილება ვითარების გამოსწორების იმედს არ იძლევა.

”ჩვენ ვნახეთ არაერთი ძალადობის ფაქტი ოპოზიციის წარმომადგენლებზე, უმცირესობების წინააღმდეგ. მოძალადეები კი საერთოდ არ ისჯებიან ან ისჯებიან სიმბოლურად. ამ ფონზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება პრობლემატური, ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მომავალ არჩევნებს. მე ვიმედოვნებ, რომ ამ განცხადებას რეალურად მოჰყვება ამ კურსის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება საქმე ძალიან რთულ წინასაარჩევნო პროცესთან, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხის წინაშე დააყენებს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

თუკი „რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელს ელენე ხოშტარიას მოვუსმენთ, მას გაუმართლებლად მიაჩნია, რომ ”ქართული ოცნება” სამართლებრივ პროცესებს პოლიტიკას უქვემდებარებს. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ანალიტიკოსმა ივარაუდა, რომ ყოველივე ეს საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკის საპასუხო ნაბიჯს წარმოადგენს და თავის მოსაწონებლად კეთდება; თუმცა, მისი აზრით, ამგვარმა სვლამ შესაძლოა, პირიქით, გააძლიეროს ეჭვები პოლიტიკური დევნის არსებობასთან დაკავშირებით საქართველოში.

საპირისპირო აზრისაა „საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა კახიშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, პრემიერ-მინისტრის მოწოდება გამართლებულია იმ მიზნის მისაღწევად, რომ გაიფანტოს და დამატებით აღარ გაჩნდეს ეჭვები პოლიტიკურ დევნასთან და შერჩევით სამართალთან დაკავშირებით:

ჩვეულებრივი ამბავია. მე ვფიქრობ, 2-3 თვე შეიძლება მოცდა. ეს საქმეები არსად არ გარბის და არჩევნების შემდეგ სამართალი ამოქმედდება, ასე ვთქვათ, მთელი თავისი სიმკაცრით...
”ასე თუ ისე, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს და ჯერჯერობით გამოსდის კიდევაც, რომ საერთაშორისო ასპარეზზე, პიარული თვლასაზრისით, უგებს „ქართულ ოცნებას“. ბევრი სალაპარაკო რომ არ მიეცეთ ტყუილუბრალოდ, ამიტომ გაკეთდა, ალბათ, ასეთი ტიპის მოწოდება პრემიერის მხრიდან. თუ უკიდურესი აუცილებლობა არ არის კონკრეტულად ვინმეს დაკითხვა ან პასუხისგებაში მიცემა, ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, თუკი ამას არ გააკეთებენ, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა შეუწყო ხელი, რომ წარმოჩნდეს ერთადერთ ოპოზიციურ პარტიად, რომელიც პოლიტიკურად დაჩაგრულია”.

რაც შეეხება უკვე დაკავებულ პირებს, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს, კახი კახიშვილის აზრით, ეს ფაქტი არ მოახდენს გავლენას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე; თუმცა ცალკეულ საერთაშორისო ანგარიშებში ეს წინასწარი დაკავება, დიდი ალბათობით, აისახება როგორც ოპოზიციური პარტიის რეალური საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

იმას, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი არჩევნების შემდეგ გაგრძელდება და, თანაც, მთელი ძალით გაგრძელდება, 11 ივლისს ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა განუმარტა. მან თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის მოწოდებაში მხოლოდ წინასაარჩევნო მორატორიუმი იგულისხმება და ეს აუცილებელია იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ იყოს ”მუდმივი აპელირება პოლიტიკურ დევნაზე”. გია ხუხაშვილი თვლის, რომ აბსოლუტურად თავისუფალი არჩევნების ჩატარების მიზნის გათვალისწინებით, ერთგვარი მორატორიუმის გამოცხადება ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივობას უკავშირდება და, კერძოდ, იმას, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ”გარკვეული კითხვის ნიშნების ინიცირება” მოახერხა.

”ჩვეულებრივი ამბავია. მე ვფიქრობ, 2-3 თვე შეიძლება მოცდა. ეს საქმეები არსად არ გარბის და არჩევნების შემდეგ სამართალი ამოქმედდება, ასე ვთქვათ, მთელი თავისი სიმკაცრით”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
XS
SM
MD
LG