Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი სისხლის სამართლის საქმე ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის შემდეგ დაკავებული ყოფილი მინისტრებ, ნიკა გვარამია და ალექსანდრე ხეთაგური, დანაშაულს არ აღიარებენ, - ინფორმაციას ამის შესახებ დაკავებულთა ადვოკატები ავრცელებენ. 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემა. ოფიციალური ცნობების თანახმად, საუბარია მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებასა და ფიქტიური ფირმის დაარსებაზე. დაკავებული პირებისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

დანაშაულის ჩადენაში მხილებულნი და დაკავებულნი არიან საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია, ”ხრამჰესი 1”-ის, „ხრამჰესი 2“-ის, შპს ”მტკვარი ენერგეტიკის” და კომპანია ”თელასის” გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი, შპს ”ელენდეფ სერვისის” დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, სააუდიტო კომპანია ”გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის” დამფუძნებელი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია და იზაბელა გუტიძე. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, ”ხრამჰესი 1“-ის, ”ხრამჰესი 2“-ის, ”მტკვარი ენერგეტიკისა” და ”თელასის” მფლობელმა კომპანია ”ინტერრაომ” მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრთან სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკება დაიწყო, რათა ზემოხსენებულ კომპანიებში საგადასახადო შემოწმება არ ჩატარებულიყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, ამ სქემის ფარგლებში ცრუმეწარმეობის მიზნით შეიქმნა შპს ”ელენდეფ სერვისი”, რომლის ფუნქციაც ვითომდა საკონსულტაციო საქმიანობით განისაზღვრებოდა.

ამ საქმეზე დაკავებული ალექსანდრე ხეთაგურის ადვოკატი დავით ხაჟალია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილითაა დაკავებული.
დამნაშავედ თავს არ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში. მოდულის იზოლატორში იმყოფება ამჟამად ...
მამუკა ჭაბაშვილი

”ეს არის ქრთამის აღება. საკმაოდ მძიმე ბრალდებაა. მეორე ნაწილი ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მესამე ნაწილი -11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. თუ რა მტკიცებულებები გააჩნია ბრალდებას აღნიშნული ბრალის გასამაგრებლად და დასადასტურებლად, ამას მხოლოდ მას შემდეგ შევიტყობთ, რაც სრულყოფილად გავეცნობით მტკიცებულებებს“.

ალექსანდრე ხეთაგურის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქრთამის აღების ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს და ამბობს, რომ ორ მხარეს შორის გარიგებაში პირადად მას მონაწილეობა არ მიუღია და არც იმ ციფრების შესახებ იცის რამე, რაზეც საგამოძიებო სამსახური საუბრობს.

ბრალდებას, ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის თანახმად, არ აღიარებს არც ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის მოქმედი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:

სოლიდარობის აქციის მონაწილენი
სოლიდარობის აქციის მონაწილენი
”დამნაშავედ თავს არ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში. მოდულის იზოლატორში იმყოფება ამჟამად და სხვა კომენტარებს და მტკიცებულებების შესახებ კომენტარებს უკვე გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც მასალებს მივიღებთ და ბრალი იქნება წარდგენილი”.

დაკავებულებს შეხვდა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ნიკა გვარამია თავის დაკავებას პირდაპირ ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელ პოსტზე საქმიანობას უკავშირებს:

” ის არის გაოგნებული. არა აქვს წარმოდგენა, რაზეა საუბარი. მისი განცხადებით, ის არ აღიარებს არანაირ ბრალს. ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება მის საქმიანობას, როგორც ტელეკომპანიის დირექტორის. გარდა ამისა, მე შევხვდი სხვა დაკავებულებს. არც ერთი მათგანი არ აღიარებს, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულს. არც ერთი მათგანი ამაზე არ საუბრობს. ისინი ყველანი არიან, ფაქტობრივად, რაღაცნაირად ემოციების ქვეშ, ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ რა მოხდა. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი მანამდე რამდენჯერმე იყვნენ დაკითხულები არაერთხელ, შესაბამისად, მათთვის არის გაუგებარი, რატომ იქნა გუშინ ეს გადაწყვეტილება მიღებული“.
ადასტურებს, რომ ჰქონდა შეკვეთა კონკრეტულ ფირმასთან, რომ საგადასახადო დავალიანების და, ზოგადად, ამ გადასახადის მოსაკრებლის განსაზღვრის მიზნით ჩაეტარებინათ რაღაც კვლევა ...
კოკი იონათამიშვილი

საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბარში ”ინტერრაოს” წარმომადგენელი ადასტურებს, რომ საკონსულტაციო მომსახურებისთვის, ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობასთან მუშაობის მიზნით, მართლაც დაიქირავა ფირმა, რომელსაც საქართველოსთან საშუალოვადიან პერსპექტივაში საგადასახადო შეთანხმების პროექტი უნდა შეემუშავებინა. ამ ფაქტს, თავის მხრივ, ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი კოკი იონათამიშვილი, რომელიც ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გამართა:

”ადასტურებს, რომ ჰქონდა შეკვეთა კონკრეტულ ფირმასთან, რომ საგადასახადო დავალიანების და, ზოგადად, ამ გადასახადის მოსაკრებლის განსაზღვრის მიზნით ჩაეტარებინათ რაღაც კვლევა და წინადადება შეეთავაზებინათ შემდგომ შესაბამისი უწყებებისთვის. და ასეთი რამე არის აბსოლუტურად ნორმალური და ლეგალური. როგორ გგონიათ, რომ ახლა ხუთი-ექვსი მაღალჩინოსანი, ყოფილი თუ მოქმედი, ღიად ლაპარაკობს სქემაზე, რომელიც არის კორუფციული? აბსურდია. ეს ისედაც ნათელი იყო, მაგრამ „ინტერრაოს“ გამოხმაურება კიდევ უფრო ადასტურებს, უბრალოდ, ამ ფაქტს“.

ფაქტს იმის შესახებ, აღნიშნავს კოკი იონათამიშვილი, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან და ტელევიზიით გავრცელებული ვიდეობრალდებები ამ ადამიანების ბრალეულობის არანაირ მტკიცებულებებს არ შეიცავდა. კოკი იონათამიშვილი ხელისუფლებას დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ, საზოგადოებას კი ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ წარმოებული მოქმედებების შესაჩერებლად კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს. ამ პათოსით კიდევ ერთი საპროტესტო აქცია თბილისში, მშვიდობის ხიდზე, 20 დეკემბერს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გამართა. აქციის მონაწილეებმა სპეციალური მიმართვაც შეიმუშავეს.

საპროტესტო აქციის ლოზუნგები
საპროტესტო აქციის ლოზუნგები
”შეშფოთებულები ვართ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს აღმკვეთ ღონისძიებად არ იქნეს გამოყენებული პატიმრობა, რათა ხელი არ შეეშალოს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობას”.

ესაა ნაწყვეტი მიმართვიდან, რომლის თანახმად, აქციის მონაწილე ორგანიზაციები ქმნიან კოალიციას ” საზოგადოებრივი ინიციატივა”, რომლის მიზანიც ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპების დამკვიდრება და კოჰაბიტაციის პროცესის ხელშეწყობა იქნება. თავად კოჰაბიტაციის პროცესი კი, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტად შევიდა ჩიხში 19 დეკემბერს განვითარებული მოვლენების, მათ შორის, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ. 20 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი პირების მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამოიყენოს ქვეყანაში არსებული ყველა დემოკრატიული და კონსტიტუციური მეთოდი. მათ შორის იგულისხმება საპროტესტო აქციებიც. მორიგი საპროტესტო აქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოს წინ დაგეგმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა განცხადებების პასუხად კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრები ამბობენ, რომ გამოძიება კანონისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით უნდა წარიმართოს და ყველაფერი მისხალ-მისხალ უნდა იქნეს გამოძიებული.
XS
SM
MD
LG