Accessibility links

logo-print
ჯერჯერობით დაუზუსტებელია, თუ რა რანგის ყოფილ ჩინოვნიკებს შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პოლიტიკური ამნისტია, რომელიც დაკითხვებისა და დაკავებების მასშტაბური პროცესის შესაჩერებლად არის გამიზნული. სავარაუდოდ, ამნისტია შეეხება ყველას, ვისაც, მაგალითად, ძალადობრივი დანაშაული არა აქვს ჩადენილი და ვინც თავად აღიარებს საკუთარ დანაშაულს. კიდევ რა არის მოსალოდნელი ამ კუთხით და რა საკითხებში იჩენს თავს უთანხმოება?

”არავის აქვს უფლება კანონზე მაღლა დააყენოს საკუთარი თავი და მისცეს ხელშეუხებლობის გარანტია ვინმეს. ამიტომ საკანონმდებლო აქტმა უნდა მოაწესრიგოს ვითარება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამდაგვარი დოკუნტის შექმნაზე”, - უთხრა რადიო თავისუფლებას 2 იანვარს ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პოლიტიკური ამნისტიის პერსპექტივებზე საუბრისას და იქვე აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, ამნისტია შეეხება დაბალი რანგის საჯარო მოხელეებს და მათ ”უმნიშვნელო სამართლებრივი გადაცდომა” ეპატიებათ. კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა პოლიტიკურ ამნისტიასთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა და მასზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება.
თუ იმ სისტემის მიერ დაზარალებული კონკრეტული მოქალაქე გვყავს, ჩვენ მას ვერ ვეტყვით, რომ აქ პოლიტიკური ამნისტიაა ან რაღაც შერიგებაა და ამიტომ, უკაცრავად ...

რადგანაც სადღესასწაულო დღეები ჯერ არ დასრულებულა, პარლამენტი არდადეგებზეა და ამ წელს ამ მხრივ ჯერ რეალურად არაფერი შეცვლილა, ვიხელმძღვანელოთ პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებებით, რაც მან 28 დეკემბერს შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა. თუკი დავით უსუფაშვილის ინფორმაციით ვიმსჯელებთ, საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესობას ამ საკითხზე საუბარს სახელმწიფო მოხელეთა რანგთან დაკავშირებული წინაპირობების გარეშე სთავაზობს და წინასწარ არ საზღვრავს უნდა შეეხოს თუ არა ამნისტია, მაგალითად, მინისტრებს ან მათ მოადგილეებს. მაგრამ აუცილებელი პრინციპის მიხედვით, ამნისტია არ შეეხება ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენ პირს და, მაგალითად, დავით უსუფაშვილის თქმით, წარმოუდგენელია სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის ან 26 მაისის საქმეებში დამნაშავე პირთა პატიება. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე შეუძლებლად მიიჩნევს მათ პატიებასაც, ვინც სახელმწიფო მილიონობით ლარით აზარალა და სახელმწიფო ქონება მიითვისა. აქვეა კიდევ ერთი პრინციპი და ის დაზარალებულთა ინტერესებს იცავს:

”თუ იმ სისტემის მიერ დაზარალებული კონკრეტული მოქალაქე გვყავს, ჩვენ მას ვერ ვეტყვით, რომ აქ პოლიტიკური ამნისტიაა ან რაღაც შერიგებაა და ამიტომ, უკაცრავად, თქვენი ყოფილი მაღაზია ვეღარ დაგიბრუნდებათ, ანდა თქვენი ნაკვეთი, რომელიც თქვენი იყო და ვიღაცამ წაგართვათ, ამიტომ ვეღარ დაგიბრუნდებათ. ანუ აქ არის დაზარალებულის საკითხი და დაზარალებულის ხარჯზე, კონკრეტული მოქალაქის ხარჯზე ვერანაირ პატიებაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, რადგანაც ეს იქნებოდა უპატიებელი პატიება”.

უსუფაშვილის თქმით, ახალი ხელისუფლება არ მოითხოვს, რომ ყველამ, ვისაც კანონი აქვს დარღვეული, მუდმივად თავდახრილმა იაროს და დაუსრულებლად იხადოს ბოდიში, მაგრამ ამნისტიაზე თუ მიდგა ჯერი, მაშინ მავანმა პატიებაც უნდა ითხოვოს:
მე მგონი, დღეს ხელისუფლება ეძებს გამოსავალს იმ ჩიხიდან, რომელშიც მოექცა, როდესაც დაიწყო ყოფილი ხელისუფლების წევრთა მიმართ ერთმანეთის მიყოლებით საქმეების აღძვრა და ახლა გამოსავლის ძებნაშია ...

”თუ ამნისტიაზე ვსაუბრობთ, რაღაცის პატიებაზე, ესე იგი რაღაცა საპატიებელი ყოფილა და საპატიებელი რომ არსებობდა, ეს უნდა თქვას იმ ვიღაცამ, ვისაც საპატიებელი აქვს. სხვანაირად როგორ განვახორციელო თქვენი ამნისტია, რა გაპატიოთ, თუ თქვენ ამბობთ: რა მაქვს საპატიებელი, მე ვიყავი ყველაზე მაგარი და თქვენ ხართ ქვეყნის დამანგრევლებიო. თუ მაგ პოზიციაზე დარჩებიან, მაშინ იქნება სირთულეები ამნისტიის გზაზე”.

რადიო თავისუფლებამ 3 იანვარს, მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა გაერკვია, რას ფიქრობენ ამ საკითხზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. თუმცა კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს ყოფილი ჩინოვნიკებისგან, რომლებიც დაკითხვებისა და დაკავებების პროცესში ძირითადად პოლიტიკურ ზეწოლაზე ლაპარაკობენ, ნაკლებად წარმოუდგენია პატიების თხოვნა. ის მოელის, რომ საბოლოოდ საკითხი ასე კატეგორიულად არ დადგება, რადგანაც პრობლემის დაძლევა თავად ახალი ხელისუფლების ინტერესებში შედის:

”მე მგონი, დღეს ხელისუფლება ეძებს გამოსავალს იმ ჩიხიდან, რომელშიც მოექცა, როდესაც დაიწყო ყოფილი ხელისუფლების წევრთა მიმართ ერთმანეთის მიყოლებით საქმეების აღძვრა და ახლა გამოსავლის ძებნაშია. თუ ეს პროცესი არ დასრულდა, უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხელისუფლება, არა ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ არსებული განწყობების გათვალისწინებით”.
თითქმის ყოველი მეათე წევრი საზოგადოებისა არის მეტ-ნაკლებად სხვადასხვა ტიპის დანაშაულში მონაწილე - სამოხელეო დანაშაული იქნება ეს, სისხლის სამართლის თუ ასე შემდეგ ...

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ სამართლებრივი დევნის მასშტაბური პროცესის შეჩერების გარეშე საზოგადოებაში სიმშვიდე ვერ დაისადგურებს და, ამასთან შედარებით, არაფერი იქნება საზოგადოების ის შესაძლო იმედგაცრუება, რაც ამნისტიის შედეგად არის მოსალოდნელი.

მართალია, საზოგადოების დიდ ნაწილს შურისძიების წყურვილი ამოძრავებს, მაგრამ პოლიტიკის ექსპერტის ხათუნა ლაგაზიძის აზრით, თუკი დაკავებების პროცესმა მასობრივი სახე მიიღო, შესაძლოა ხალხში შურისძიების წყურვილი შიშმა და აგრესიამ ჩაანაცვლოს, რაც კიდევ უფრო სახიფათო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. პოლიტიკური ამნისტიის ინიციატივის წამოყენებას ხათუნა ლაგაზიძე ”გონივრულ გადაწყვეტილებად” მიიჩნევს:

”თითქმის ყოველი მეათე წევრი საზოგადოებისა არის მეტ-ნაკლებად სხვადასხვა ტიპის დანაშაულში მონაწილე - სამოხელეო დანაშაული იქნება ეს, სისხლის სამართლის თუ ასე შემდეგ. საქმე რომ აქამდე მივიდეს, ანუ როდესაც ეს შეიძლება შეეხოს ჩვენს მეზობელს, ჩვენს ნათესავს, ჩვენს ნაცნობს, უკვე ეს საზოგადოებაში გამოიწვევს ძალიან დიდ აგრესიას და, შეიძლება სამართლის აღსრულების სახელით, მაგრამ ჩვენ, ფაქტობრივად, მივიღებთ ისევ ისეთივე ტოტალური შიშის რეჟიმს, როგორიც იყო ”ნაციონალური” რეჟიმი”.

იმას, რომ მასობრივი დაპატიმრებებისა და დაკითხვების პროცესი ქვეყნის ინტერესებს დაუპირისპირდება და ეს პროცესი აუცილებლად უნდა შეწყდეს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც აღნიშნავს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG