Accessibility links

logo-print

პოლიტიკური გემოვნების პარადოქსი

  • ნინო როდონაია

მერაბ ლაბაძე, მამუკა კომახია

მერაბ ლაბაძე, მამუკა კომახია

საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებისთვის ინოვაციური განათლების ფონდმა ,,საქართველოს პოლიტიკური ბარომეტრის” პროექტის ფარგლებში, კონრად ადენაუერის ფონდთან თანამშრომლობით მოამზადა საპილოტე კითხვარი. მისი ერთ-ერთი მიზანი იყო მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიის გათვითცნობიერებაში დახმარებოდა.

პროექტის ხელმძღვანელი, ინოვაციური განათლების ფონდის დირექტორი მერაბ ლაბაძე განმარტავს, რომ მსგავსი ინტერნეტინსტრუმენტი აპრობირებულია აშშ-სა და ევროპაში და განსაკუთრებით პოპულარული გახდა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც როგორც ეროვნული, ისე ევროპარლამენტის არჩევნებისთვის გამოიყენეს. მეთოდოლოგიის მარტივად ასახსნელად გეტყვით, რომ მკვლევართა ჯგუფი პარტიების პროგრამების და მოსაზრებების გათვალისწინებით ადგენს კითხვარს, რომელსაც ავსებენ ჯერ თავად პარტიები, შემდეგ მოქალაქეები და საბოლოოდ ხდება პასუხების პროცენტული თანხვედრის დაანგარიშება. მერაბ ლაბაძის თქმით, ინტერნეტკითხვარის შედგენისას ევროპარლამენტის 2009 წლის არჩევნებისას გამოყენებული მეთოდოლოგია დაიცვეს, თუმცა, მცირე ცვლილებით.

”ოდნავ გამარტივებულია, თუმცა, მომავალში შეიძლება დავამატოთ გარკვეული ფილტრები. რადგან ეს პირველი საპილოტე პროექტი იყო, ამოვიღეთ შეკითხვების მნიშვნელობის პრეფერენციები და პოლიტიკური მიდრეკილებები იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, სუფთა სურათი დაგვენახა. დანარჩენი ზუსტად იგივე იყო მათემატიკური ფორულებით, კითხვარის შედგენით და პარტიებთან ურთიერთობით”, - განუმარტა რადიო თავისუფლებას მერაბ ლაბაძემ.

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მომზადებულ კითხვარში ცვლილება ზოგიერთ სფეროსაც შეეხო, რასაც ინოვაციური განათლების ფონდის დამფუძნებელი მამუკა კომახია ქვეყნის პოლიტიკური რეალობით ხსნის:

”თუ მაგალითად, ევროპაში აქტუალურია გენდერის, ან გარემოს დაცვის საკითხები, ქართული რეალობიდან გამომდინარე დაისვა ცოტა სხვა ტიპის შეკითხვები, რომლებიც ქართველი ამომრჩევლისთვის იყო უფრო მნიშვნელოვანი.”

საქართველოს ამომრჩევლებისა და პარტიებისთვის სოციოლოგების, პოლიტოლოგების, იურისტების, ეკონომისტების და მედიაექსპერტების ჯგუფმა თავდაპირველი 60-მდე შეკითხვიდან საბოლოოდ შეარჩია 28, რომელზეც პარტიათა პასუხები შესაძლოა, ერთმანეთისგან ყველაზე მეტად განსხვავებული ყოფილიყო. ნაციონალური მოძრაობის, ”ქართული ოცნების,” ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, ”ახალი მემარჯვენეების” და ლეიბორისტული და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიების პასუხები სისტემაში წინასწარ ჩაიტვირთა და შემდეგ იმავე საკითხებისადმი დამოკიდებულება მოქალაქეებმა გამოხატეს. ხუთბალიანი სისტემით, სადაც პირველი პასუხი იყო ”სრულიად არ ვეთანხმები,” ბოლო კი ”სრულიად ვეთანხმები,” პარტიებმა და მოქალაქეებმა მოსაზრებები სოციალურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების, შიდა და საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ საკითხებზე გამოთქვეს. პასუხების შედარებამ, როგორც პროექტის ხელმძღვანელი ამბობს, ზოგიერთი ამომრჩველისთვის მოულოდნელი შედეგი აჩვენა.

მერაბ ლაბაძის განმარტებით, ”გარკვეული ფორმულით ხდებოდა პროცენტული გადაფარვის დადგენა. იყო შემთხვევები, როცა ადამიანი იყო ერთი პოლიტიკური ძალის მომხრე, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მისი პოზიციები უფრო მეტად დაემთხვა სულ სხვა პოლიტიკური ძალის პოზიციებს. ყოველ შემთხვევაში, კითხვარში დაფიქსირებულ პოზიციებს.”

კითხვარით იმის დადგენაა შესაძლებელი, თუ რამდენად ემთხვევა ამომრჩევლის მოსაზრება ამა, თუ იმ პარტიის პოზიციას და არა პირად სიმპათიას. ამიტომ, ზოგიერთი ადამიანისთვის ერთგვარად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, როცა გაირკვა, რომ პასუხების მიხედვით ყოფილა მომხრე ისეთი პარტიისა, რომელიც მასში პირად სიმპათიას ყველაზე ნაკლებად იწვევდა. პარადოქსში, რომელმაც გარკვეული უხერხულობაც კი გამოიწვია, მამუკა კომახია შედარებით ვიწრო წრეში ჩატარებული გამოკითხვის დროსაც დარწმუნდა.

”რეალურად აღმოჩნდა, რომ თურმე პოლიტიკურ პარტიებს პიროვნებები რომ მოაშორო, ისინი მომხრეები არიან იმ პარტიებისა, რომლებიც იდეაში მათი სიმპათიით არ სარგებლობენ. არის კიდევ ერთი მომენტი. შესაძლოა, პასუხი ისე გაეცი, რომ ახლოს აღმოჩნდი ორ, თან ურთიერთდაპირისპირებულ პარტიასთან. ჩვენ კი გვგონია, რომ მედიასივრცეში ეს ორი პარტია ერთმანეთს უპირისპირდება, რაღაც პოპულისტური მომენტებიც არის, მაგრამ რელურად მათ პლატფორმებში შესაძლოა, ბევრი მიმართულება მსგავსი იყოს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას მამუკა კომახიამ. მისივე თქმით, პოლიტიკური კულტურის ამაღლება სწორედ მაშინ ხდება, როცა არჩევანი ეფუძნება არა ემოციას, არამედ პარტიის პროგრამას. ინოვაციური განათლების ფონდის დამფუძნებელი არ ვარაუდობს, რომ ეს უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მოხდება, მაგრამ ელის, რომ წლების შემდეგ ადამიანები ერთ რამეზე დაფიქრდებიან.

”თუ პოლიტიკური ფიგურა მომწონს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ რეალურად მის პოზიციებს არ ვეთანხმები და რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები მაქვს, რამდენად ღირს ასეთი ადამიანის მხარდაჭერა?! იმიტომ, რომ როდესაც პოლიტიკური პარტია არჩევნებში იმარჯვებს, მისი პროგრამა ფაქტობრივად, ამომრჩეველთან ხელშეკრულებაა და მისი პირობები უნდა დაიცვას. მაგრამ, თუ აღმოჩნდა, რომ შენ ამ ხელშეკრულების პირობებს არ ეთანხმები, ბუნებრივია, ამ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ ისეთი მომთხოვნიც ვერ იქნები”, - ამბობს მამუკა კომახია.

თავად პარტიებისთვის ინოვაციური განათლების ფონდში პოლიტბარომეტრის მსგავს ინსტრუმენტებს საინტერესოს უწოდებენ როგორც ამომრჩევლის მოსაზრებების გასაგებად, ისე პარტიული კონკურენციისთვის. შედეგებს პარტიების დაფიქრების საფუძვლადაც მიჩნევს მერაბ ლაბაძე გამომდინარე იმ სურათიდან, რომელიც მემარჯვენეობა-მემარცხენეობის და ევროატლანტიკური და ევრაზიული ინტეგრაციისადმი გამოხატული პოზიციების მიხედვით შედგენილმა ”პოლიტიკურმა ლანდშაფტმა” აჩვენა. მისი განმარტებით, ”შეიძლება მოულოდნელი პასუხებიც კი იყო, რაც ნაწილობრივ ალბათ, გამოიწვია საარჩევნო პროცესებმა. კერძოდ, თითქოს მემარჯვენე პარტია ცენტრში აღმოჩნდებოდა, ან შეიძლება ოდნავ მემარცხენედ წარმოჩენილიყო. ამიტომ, მათ ეს ინსტრუმენტი შესაძლოა, მესიჯების დაზუსტებისთვის გამოადგეთ.” იმას, რომ საქართველოში პარტიებს შესაძლოა, მემარჯვენე იდეები ჰქონდეთ დეკლარირებული, მაგრამ მოქმედებდნენ როგორც მემარცხენეები, ან მემარცხენე ცენტრისტები, რამდენიმე მიზეზით ხსნის მამუკა კომახია:

”ეს პოლიტიკური კულტურის დაბალი დონის ბრალია არა მხოლოდ ამომრჩევლებში, არამედ თავად პარტიებში. საქართველოში არ არის მკვეთრი განსხვავება იმაში პარტია მემარჯვენეა, თუ მემარცხენე. ბევრ პარტიას უნდა მემარჯვენე იდეები გაატაროს, მაგრამ რეალურად საქართველოს მსგავს ქვეყნებში არჩევნებს უფრო მემარცხენე იდეები იგებს.”

საქართველოსგან განსხვავებით, განვითარებული დემოკრატიის ევროპულ ქვეყნებში პარტიების ამოცანაა ზუსტად წარმოჩენილი პოზიციები ერთმანეთისგან მკაფიოდ განასხვავონ ამომრჩევლის მოსაზიდად – ამბობს მერაბ ლაბაძე. რაც შეეხება ასეთ სახელმწიფოებში პოლიტბარომეტრის მსგავსი ინსტრუმენტის ეფექტურობას, ინოვაცური განათლების ფონის დირექტორის თქმით, გააჩნია ეს რჩევაა, თუ უბრალოდ კვლევა პოზიციის დასაფიქსირებლად.

”თუ ამას აღვიქვამთ წინასაარჩევნო რჩევად, ევროპულ სივრცეში დიდი რაოდენობით პარტიების პირობებში, როცა ამომრჩეველი არ არის ჩამოყალიბებული ვის მისცეს ხმა, შესაძლოა, ამ ინსტრუმენტმა შედეგის მიხედვით უბიძგოს კონკრეტული პარტიის არჩევისკენ. ალბათობა იმისა, რომ რომელიმე პარტიასთან უფრო ახლოს აღმოჩნდება, იქ გაცილებით დიდია, რადგან სპექტრი გამოკვეთილია და პარტიები ცდილობენ ზუსტად დააფიქსირონ პოზიცია და ჰქონდეთ განსხვავება”, - ამბობს მერაბ ლაბაძე. მისივე ინფორმაციით, მაგალითად, გერმანიაში, საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს ინტერნეტკითხვარი ექვსმა მილიონმა ადამიანმა შეავსო. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის ამ ინსტრუმენტით ისარგებლა 3 ათასმა მოქალაქემ, რასაც ავტორები საპილოტე პროექტისთვის კარგ მაჩვენებელს უწოდებენ.

ინოვაციური განათლების ფონდი მომავალი საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მათი სპეციფიკის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით გეგმავს კითხვარების მომზადებას. მანამდე კი ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აინტერესებს დაემთხვევა, თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისადმი მისი პირადი სიმპათია პროგრამულ ხედვასაც, შეუძლია დღესაც ისარგებლოს ინტერნეტსაიტით politbarometri.ge და ამისთვის სულ რამდენიმე წუთი დახარჯოს.

როგორც ინოვაციური განათლების ფონდის დირექტორი მერაბ ლაბაძე ამბობს, ამ პროექტის მიზანია გამოიკვეთოს პარტიული პოლიტიკის არა ემოციური, არამედ რაციონალური ფაქტორები, რომლებიც განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში დღესაც ბუნდოვანია.
XS
SM
MD
LG