Accessibility links

logo-print
14 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით, გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით ”პოლიტიკური პლაკატი - საქართველოს არჩევნების ისტორია”. ექსპოზიცია 200-მდე საარჩევნო პლაკატს აერთიანებს და იქ 1990 წლიდან 2010 წლამდე საქართველოში ჩატარებული არჩევნების პერიოდში დაბეჭდილი პლაკატებია გამოფენილი. როგორ იცვლებოდა პოლიტიკური პლაკატების დიზაინი, სლოგანები და ლიდერთა იმიჯები?

”მტერს კვლავაც შევახსენებ, დემოკრატია ლობიოობა არ არის” - ეს 1990 წელს საპარლამენტო არჩევნებში ნაძალადევის რაიონის #9 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატის ჯაბა იოსელიანის საარჩევნო პლაკატზე დაბეჭდილი ტექსტიდან მცირე ამონარიდია. პლაკატზე, ამ ციტატის გარდა, მისი ბიოგრაფია და რამდენიმე შავ-თეთრი ფოტოა დაბეჭდილი. ფოტოზე ის შეიარაღებულ, შავსათვალიან თანამოაზრეებთან ერთად არის გამოსახული. პლაკატი მოყვითალო, დაბალი ხარისხის ქაღალდზეა დაბეჭდილი. ლევან თაქთაქიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 23 წლის იყო, ეს პლაკატი იმელის შენობიდან რომ ჩამოხსნა და სახლში წაიღო:

”სხვათა შორის, ყველგან, სადაც ეს პლაკატი გამოაკრეს, მაშინვე ჩამოხიეს. მთელი კოსტავა სავსე იყო ამ პლაკატებით, მაგრამ დილით გაკრული პლაკატები, საღამოს უკვე ვეღარსად ვნახე. სულ ჩამოხეული იყო. მერე ორ პლაკატს გადავაწყდი იმელის კედელზე. მხედრიონელები იცავდნენ და, როგოც ჩანს, ვერ ჩამოხიეს. მივედი და მოხსნა რომ დავაპირე, დაცვა მოვიდა, რატომ ხსნიო, ვუთხარი, ვაგროვებ-მეთქი. ბოლოს, არასერიოზულ ადამიანად ჩამთვალეს და პლაკატის წამოღების უფლება მომცეს”, - ამბობს ლევან თაქთაქიშვილი.

მას მერე ლევან თაქთაქიშვილმა თავის კოლექციას კიდევ ათობით პოლიტიკური პლაკატი შემატა, დღეს კი კოლექცია მთლიანად ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. ის ენთუზიაზმით ათვალიერებინებს გარშემომყოფებს იმ პოლიტიკურ პლაკატებს, რომლებსაც წლების მანძილზე სახლში ინახავდა.
ჩვენ გადავწყვიტეთ სწორედ ამ პლაკატების საშუალებით მოგვეყოლა საზოგადოებისათვის საქართველოში ჩატარებული არჩევნების ისტორია ...

”პოლიტიკური პლაკატი - საქართველოს არჩევნების ისტორია” - გამოფენა ამ სახელწოდებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით გაიხსნა. გამოფენა, 1990 წლიდან 2010 წლის ჩათვლით, 16 - საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის - არჩევნების პერიოდში დაბეჭდილ პოლიტიკურ პლაკატებს აერთიანებს. პლაკატები საგამოფენო დარბაზში ქრონოლოგიის მიხედვით არის განლაგებული და დამთვალიერებელს ადვილად შეუძლია დაინახოს, თუ როგორ ვითარდებოდა და იცვლებოდა პოლიტიკური პლაკატების დიზაინი, პოლიტიკური სლოგანები თუ პოლიტიკური ლიდერების მიმიკა წინასაარჩევნოდ. „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ლიბერალ-დემოკრატიული ეროვნული პარტია, ბლოკი „თავისუფლება“, „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“, „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“, „რუსთაველის საზოგადოება“, „მერაბ კოსტავას საზოგადოება“, „საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი“, „საქართველოს მწვანეები“, სტალინური პარტია, სლოგანით ”ყვაოდა ტურფა ქვეყანა” - ეს იმ პარტიების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც, 1990 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა პერიოდში საქართველოში გამართულ არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას.

”ჩვენ გადავწყვიტეთ სწორედ ამ პლაკატების საშუალებით მოგვეყოლა საზოგადოებისათვის საქართველოში ჩატარებული არჩევნების ისტორია”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ემზარ ჯგერენაია, ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი: ”პირველ რიგში, გვაქვს შესაძლებლობა თვალი გავადევნოთ, თუ როგორ იცვლებოდა სლოგანები, თემები და მოწოდებები, რომლითაც პოლიტიკური პარტიები მიმართავდნენ საზოგადოებას. გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა სიმბოლიკის ცვლა, პოლიტიკური პლაკატების ფერები, ქაღალდის ხარისხი და ა.შ. ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების ხანგრძლივი გამოცდილება და სწორედ ამიტომ სასურველია, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიები გარკვეული პასუხისმგებლობით აღვიჭურვოთ და ვიგრძნოთ, რომ არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის”, - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

ემზარ ჯგერენაია 200-მდე გამოფენილი პლაკატიდან განსაკუთრებით ერთ-ერთს, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ შავ-თეთრ პლაკატს გამოყოფს, რომელზეც აღბეჭდილია პატარა გოგონა, პირველი რესპუბლიკის დროშით ხელში.

90-იან წლების დასაწყისში დაბეჭდილი პლაკატების უმეტესობა სწორედ შავ-თეთრია. მათ 21-ე საუკუნის პოლიტიკური პლაკატებისაგან ასევე ის განასხვავებს, რომ პლაკატის უმეტეს ნაწილს ტექსტი წარმოადგენს, საიდანაც დაინტერესებული ამომრჩეველი პოლიტიკური პარტიის მიზნებისა თუ დეპუტატობის ამა თუ იმ კანდიდატის შესახებ ინფორმაციას იგებს:

”ხმა მიეცით - თუ გსურთ გათავისუფლდნენ მონები, ხმა მიეცით, თუ გსურთ მიეცეს ნიჭსა გზა ფართო, ხმა მიეცით, თუ გსურთ ლეკვი ლომისა იყოს სწორი“ და ა.შ. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ”რუსთაველის საზოგადოების” გზავნილებია, „ღვთისშვილთა კავშირი“ კი ფლომასტერით დახატული საარჩევნო პლაკატიდან ატყობინებს საზოგადოებას, რომ მათი პრიორიტეტები ღვთის რწმენისა და ჰუმანისტური მსოფლმხედველობის აღორძინება და სოციალურად ნაკლებად უზრუნველყოფილთა უფლება-ინტერესების დაცვაა.

მოგვიანებით, 90-იანი წლების ბოლოს, საარჩევნო პლაკატზე დაბეჭდილი ტექსტი უკვე სლოგანის სახეს იღებს. მაგალითად, 1999 წელს საპარლამენტო არჩევნებისათვის შექმნილი პლაკატებიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ აცხადებს: ”სტაბილური ეკონომიკური კეთილდღეობისკენ” ან ”კეთილდღეობა თქვენს ოჯახებს” ან ”ვაზი უნდა ხარობდეს“ და ”პური უნდა ცხვებოდეს”. კიდევ უფრო მოგვიანებით ჩნდება სლოგანები: ”მოვდივართ საქმით, გპირდებით საქმეს”, ”დასაქმება და დაბალი ტარიფები”, ”გასაკეთებელი კიდევ ბევრია” და ა.შ. ”მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს ოჯახს” - ეს, მაგალითად, 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის დაბეჭდილი პლაკატია, რომელზეც ედუარდ შევარდნაძეა გამოსახული. სხვათა შორის, ემზარ ჯგერენაია პლაკატებზე დაბეჭდილი ლიდერების პორტრეტებზეც ამახვილებს ყურადღებას:
90-იანი წლები ძალიან რთული პერიოდი იყო. ჩვენ, თანამშრომლები, დავდიოდით და საკუთარი ხელით ვაგროვებდით პლაკატი იქნებოდა თუ გაზეთის ნომრები ...

”პლაკატებიდან ჩანს, რომ პოლიტიკოსები თანდათან სწავლობენ პოზირებას, ისინი ცდილობენ, რომ საკუთარი თავი საუკეთესო პოზიციიდან წარმოაჩინონ - აქ იგულისხმება სხეულის ენა, ჩაცმულობა. ამ ყველაფერს ძალიან ნაკლები ყურადღება ეთმობოდა 90-იან წლებში დაბეჭდილ პლაკატებზე. მაშინ ძალიან ხშირი იყო ნაციონალური სიმბოლოების გამოყენება, ადამიანის სხეულის ენა ამბობს, რომ ისინი მზად არიან ბრძოლისთვის, დგანან ხელშემართულნი. თანამედროვე პოლიტიკოსებს კი უფრო ქარიზმატული და, რაც მთავარია, მშვიდი გამომეტყველება აქვთ.”

ჟანა ქვათაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების უფროსი, გვეუბნება, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში პოლიტიკური, საარჩევნო პლაკატები გამოიფინა. მან ბიბლიოთეკის პლაკატისა და ესტამპის ფონდიდან საკუთარი ხელით გადაარჩია თითოეული პლაკატი და გამოსაფენად გამოიტანა:

”90-იანი წლები ძალიან რთული პერიოდი იყო. ჩვენ, თანამშრომლები, დავდიოდით და საკუთარი ხელით ვაგროვებდით პლაკატი იქნებოდა თუ გაზეთის ნომრები. მივდიოდით ხოლმე და ვთხოვდით პარტიებს პლაკატებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თვითონაც გვაწვდიდნენ ხოლმე. ამ გამოფენისათვის პირადად დავუკავშირდი ყველა პოლიტიკურ პარტიას. ძალიან ბევრი პარტია დიდი გულისხმიერებით მოეკიდა ამ საქმეს და დახმარება გაგვიწია, თუმცა იყო პარტიები, რომლებმაც თქვეს, რომ მათ ეს გამოფენა არ აინტერესებდათ”, - ამბობს ჟანა ქვათაძე.

პლაკატები, ისევე როგორც სხვადასხვა ნივთები თუ წიგნები, ერის მეხსიერების ცოცხალი და მნიშვნელოვანი მატიანეა, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, იზრდებოდა თუ, პირიქით, სუსტდებოდა საქართველოში პოლიტიკური კულტურა, ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და სწორედ ამიტომ მიიჩნევს ის ბიბლიოთეკაში გამოფენილ ექსპოზიციას უნიკალურად და მნიშვნელოვნად იმ თვალსაზრისით, რომ დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა ერთ საგამოფენო სივრცეში გადახედოს და შეაფასოს უკანასკნელი 20 წლის საქართველოს პოლიტიკური სიტუაცია.
XS
SM
MD
LG