Accessibility links

NDI-ის პოლიტიკური რეიტინგი - ხმები არავის სასარგებლოდ


გამოკვლევის პრეზენტაცია

გამოკვლევის პრეზენტაცია

13 აპრილს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი გამოკვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც გამოკვლევიდან ირკვევა, მოსახლეობის უმრავლესობას, 61%-ს, ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. ვერ გამოიკვეთა ვერც ის პოლიტიკური ლიდერი, ვის საქმიანობასაც უმრავლესობა დადებითად შეაფასებდა. და მაინც, მათ შორის უკეთესი მაჩვენებლები აქვთ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს - 27 %, და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს, - 34%.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას? - საპარლამენტო არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე, NDI-ის გამოკვლევის შემადგენელი ამ შეკითხვის პასუხად ხმები ასე გადანაწილდა: 34 %-ს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, 61 %-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვის მისცემს ხმას არჩევნებზე. რაც შეეხება კონკრეტული პარტიების მიხედვით შეფასებებს, 13 აპრილს მედიას ეს შედეგებიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს დირექტორმა ლორა თორნტონმა გააცნო:

„რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? „ქართული ოცნებას“ აქვს 16%, „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ - 15%, „თავისუფალ დემოკრატებს“ - 9%, ხოლო „ლეიბორისტულ პარტიასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ აქვთ 5-5% მხარდაჭერა“.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, თქვენი აზრით, რომელი პარტია გაიმარჯვებდა? - 43 % პასუხობს, რომ არ იცის, 31 % ფიქრობს, რომ გამარჯვებული „ქართული ოცნება“ იქნება, 11 % კი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“. ამასთან, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა გამოკითხულთა 66 % და, სავარაუდოდ, „არას“ იტყოდა 34 %.

გამოკითხვაში იყო კიდევ ერთი შეკითხვა: რომელ პარტიას არ მისცემდნენ ხმას არასოდეს? - გამოკითხულთა 20 % ამბობს, რომ ეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“, 19 % ამბობს, რომ ეს არის „ქართული ოცნება“, 10 % ამბობს, რომ არ არსებობს ასეთი პარტია.

მოსალოდნელი იყო ასეთი შედეგები, რადგან, მაგალითად, 2012 წელს ჩვენ, მათი კვლევის თანახმად, 12 % გვქონდა მაჩვენებელი. ამ მონაცემის გათვალისწინებით, მას შემდეგ არც ერთი კვლევა არ შეიძლება ჩაითვალოს რეალურად და ამ ორგანიზაციას უკვე მიადგა სერიოზული ჩრდილი...

ხელისუფლების არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს არ მიუღია დადებითი შეფასება უმრავლესობისგან - ასეთია NDI-ის პოლიტიკური რეიტინგის შედეგი. როგორც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს დირექტორი ლორა თორნტონიც შენიშნავს, დასახელებული პოლიტიკური ლიდერებიდან ყველაზე დადებითად ხალხი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას აფასებს. ჯამში, ასეთი გამოკითხულთა 27 %-ია. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის საქმიანობას კარგად აფასებს, ჯამში, - 34 %. მას მოჰყვება პრეზიდენტი მარგველაშვილი - 27 %, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი - 21 %. უმრავლესობის დადებითი ხმა არც რომელიმე სამინისტროს მიუღია:

„ვერ დავასახელებთ გამორჩეულად რომელიმე სამინისტროს, რომლის საქმიანობაც უმრავლესობამ დადებითად შეაფასა, თუმცა სხვა სამინისტროების ფონზე უკეთესი შეფასება აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩვენი კვლევებითაც ჩანს, რომ მოსახლეობა ყველაზე დადებითად სწორედ ჯანდაცვის რეფორმას აფასებს“.

შემდეგ, რეიტინგის მიხედვით, მოდის იუსტიციის სამინისტრო, დადებითი შეფასების 27%-იანი მაჩვენებლით, განათლების სამინისტრო - 22 %, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი -14% და ა.შ. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 5 %, აქვს ფინანსთა სამინისტროს.

რაც შეეხება სხვა ინსტიტუტებს, საქართველოს ჯარს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 54 % და იუსტიციის სახლებს - 50 %. შემდეგ მოდის პოლიცია, სახალხო დამცველის აპარატი, ცესკო, პროკურატურა, სასამართლო და ბოლო ადგილზე -პარლამენტი.

კვლევის მონაწილეებს აზრი ჰკითხეს ორი შეხედულების თაობაზეც: პირველს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად, ეთანხმება 59 %, ხოლო იმას, რომ ივანიშვილი აღარ ახდენს გავლენას მმართველობაზე - 14 %.

ამავე დროს, აპრილში გამოკითხულთა 41 %-ის და მარტში გამოკითხულთა 66 %-ის აზრით, კარგი იქნება ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; 30 % თვლის, რომ სასურველია იყოს და, მეტიც, ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა და 6 % -ია ისეთი, ვინც ფიქრობს, რომ აჯობებს იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები, მაგრამ არ ეკავოს პოლიტიკური პოსტი.

რა იციან და რას ფიქრობენ მოქალაქეები პარლამენტის შესახებ? გამოკითხულთაგან 71 % შენიშნავს, რომ პარლამენტის საქმიანობის შესახებ ცოტა რამ იცის. 7 % ამბობს, რომ საკმაოდ ბევრი გაუგია. 21 %-მა საერთოდ არაფერი იცის. კითხვაზე, თუ ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი, აპრილის მონაცემებით, 34 %-ს აქვს სწორი პასუხი, 7 %-ს -არასწორი, 58 %-მა კი ეს საერთოდ არ იცის. კითხვაზე, მიუმართავთ თუ არა პარლამენტის რომელიმე წევრისათვის ან მისი ოფისისათვის რაიმე საკითხთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 95 % ამბობს, რომ არა და მხოლოდ 3 %-ია ისეთი, ვისაც დეპუტატთან საქმიანი კონტაქტი ჰქონია. საინტერესოა, რომ ამ 3 %-დან პასუხი მიიღო 56 %-მა, 44 %-მა კი ვერა.

15%-მაჩვენებლიანი სამთავრობო პარტია ნიშნავს იმას, რომ მათ მხარდამჭერი და ამომრჩეველი, ფაქტობრივად, აღარ ჰყავთ. 15% რეიტინგში ეს არის მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ ამ მთავრობას ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას და გავაგრძელებთ განვითარებას...

როგორც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის წარმომადგენელი კობა თურმანიძე აცხადებს, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა, 97 %, ამბობს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათ არც პარლამენტის წევრი და არც მისი წარმომადგენელი არ დაჰკავშირებია. ზოგადად პარლამენტის საქმიანობის შეფასების მაჩვენებელი კი ასეთია:

„კითხვაზე, 2012 წლის შემდეგ პარლამენტი მუშაობს უკეთესად, იგივენაირად თუ უარესად, 42 % განსხვავებას ვერ ხედავს, 31 % უარესად აფასებს, 14 % კი - უკეთესად“.

პარლამენტის შეფასებების ნაწილში საინტერესოა გამოკვლევის შედეგები ქალთა მონაწილეობასთან მიმართებით. გამოკითხულთა 45 % ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გენდერული კვოტის შემოღება, 25 % ფიქრობს, რომ ეს უმნიშვნელოა.

როგორ აფასებენ გამოკვლევის შედეგებს პოლიტიკური პარტიების ლიდერები და ექსპერტები, რამდენად მოსალოდნელი იყო მათთვის ასეთი რეიტინგები? „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი, მედიასთან საუბრისას შენიშნავს, რომ NDI-ის კვლევებს არ ენდობა:

„მოსალოდნელი იყო ასეთი შედეგები, რადგან, მაგალითად, 2012 წელს ჩვენ, მათი კვლევის თანახმად, 12 % გვქონდა მაჩვენებელი. ამ მონაცემის გათვალისწინებით, მას შემდეგ არც ერთი კვლევა არ შეიძლება ჩაითვალოს რეალურად და ამ ორგანიზაციას უკვე მიადგა სერიოზული ჩრდილი. არავისთვის დამალული არ არის, რომ ეს ორგანიზაცია უკვე ათეული წელია „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ დაკავშირებული.

„არაადეკვატური და დაუზუსტებელი“ - მოკლედ, ასეთია უმრავლესობის შეფასება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი იმედი აქვთ, რომ ოქტომბერში საქართველოში პოლიტიკური რეალობა შეიცვლება. ასე ფიქრობს პარტიის ერთ-ერთი წევრი, სერგო რატიანი:

„15 %-მაჩვენებლიანი სამთავრობო პარტია ნიშნავს იმას, რომ მათ მხარდამჭერი და ამომრჩეველი, ფაქტობრივად, აღარ ჰყავთ. 15 % რეიტინგში ეს არის მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ ამ მთავრობას ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას და გავაგრძელებთ განვითარებას“.

„თავისუფალ დემოკრატებში“ კვლევის სანდოობას ეჭვქვეშ არ აყენებენ. როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი, ზურაბ აბაშიძე, ამბობს, მათი პოლიტიკური ძალის რეიტინგი იზრდება და ამას გამოკვლევაც ადასტურებს.

ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

„ახალი პოლიტიკური ცენტი - გირჩის“ ლიდერი კი, ზურაბ ჯაფარიძე, ამბობს, რომ პოლიტიკურმა რეიტინგებმა მკაფიოდ გამოკვეთა ტენდენცია, რომ ხალხი არ ენდობა ძველ პარტიებს და სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალა.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში NDI-ის გამოკვლევის შედეგებს სხვადასხვაგვარად აფასებენ. “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, მაგალითად, შენიშნავს, რომ არ აპირებს ამ პროცენტების შეფასებას, მით უმეტეს, რომ, მისი თქმით, საქართველოში ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკვლევას არავინ ენდობა.

რაც შეეხება ანალიტიკოსების შეფასებებს, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ შედეგები ლოგიკურია, რადგან პარტიების მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი საკმაოდ გაზრდილია. მათი თქმით, მთავარია, ვის დაუჭერს მხარს ის 61 %, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.

შეგახსენებთ, რომ NDI კვლევას ატარებდა პარტნიორ ორგანიზაციასთან - კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) - ერთად 2016 წლის 23 თებერვლიდან 14 მარტამდე. სულ, საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 3 900 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,6 პროცენტია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG