Accessibility links

logo-print

24 მარტს საქართველოს რამდენიმე მედიასაშუალებამ ოფიციალურ პრეზენტაციამდე ორი დღით ადრე გაავრცელა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები, რაც IRI-მ უკვე გააცნო პოლიტიკურ პარტიებს. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგების სათავეში, 36%-იანი მაჩვენებლით, პარტია „ქართული ოცნება“ დგას. მას მოჰყვებიან „ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“ და ლეიბორისტული პარტია. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ გამოკვლევა „კარგ ანალიზს“ საჭიროებს და მის მთავარ შედეგებსაც მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასებენ. ოპოზიციისათვის კი ყველაფერი ნათელი და მისაღებია - საპარლამენტო უმცირესობის წევრები მიიჩნევენ, რომ კვლევამ ქვეყანაში არსებული რეალური სურათი ასახა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ საზოგადოების განწყობების შესასწავლად ჩატარებულ გამოკვლევაში, ტრადიციულად, არაერთი კითხვაა დასმული პოლიტიკური ლიდერების, პარტიების, ინსტიტუტების მიმართ ნდობის შესახებ, საქართველოს საგარეო კურსის, ქვეყანაში არსებული ვითარების თაობაზე. როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროგრამის ოფიცერი ლადო რაზმაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, გამოკვლევის სრული ვერსიის პრეზენტაცია მედიისათვის პარასკევს გაიმართება და დაზუსტებული ინფორმაცია 27 მარტს გახდება ცნობილი. მანამდე IRI სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, როგორც წესი, პოლიტიკურ პარტიებს აცნობს, წინასწარი ინფორმაციაც მათგან ვრცელდება. ლადო რაზმაძე აღნიშნავს, რომ შედეგების გასაჯაროებას პარტიებს ვერ აუკრძალავენ, თუმცა ოფიციალურ პრეზენტაციამდე IRI არც უარყოფს და არც ადასტურებს მედიით გავრცელებული ციფრების სიზუსტეს. თავად კვლევაში მონაწილეობა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1500-მა მოქალაქემ მიიღო:

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ამ კვლევას უკვეთს IPM-ს, რომელიც საველე სამუშაოებს ასრულებს, ხოლო ასევე ავტორიტეტული ორგანიზაცია „გელაპი“ მონაცემების სისტემატიზაციას და რეიტინგებად დამუშავებას უზრუნველყოფს. კვლევა ჩავატარეთ 3-დან 28 თებერვლამდე და, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1500 სრულწლოვანი მოქალაქე გამოიკითხა“.

„ქართული ოცნება“, როგორც მოსალოდნელი იყო, წინ არის, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ კვლევის პროცესი დაემთხვა ლარის კურსის საკმაოდ მძლავრი რყევის პერიოდს და ამანაც მოახდინა თავისი გავლენა შედეგებზე...

რადგანაც სოციოლოგიური კვლევის შედეგები არაოფიციალურად მედიამ უკვე გაავრცელა, მას უკვე მოჰყვა გამოხმაურება პოლიტიკურ წრეებშიც. უმრავლესობა ამ მონაცემებს ეჭვით უყურებს. ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ 25 მარტს განაცხადა, რომ მხოლოდ გამოკვლევის ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ შეაფასებს მთავრობა მასში წარმოდგენილ ტენდენციებს და, მისივე სიტყვებით, გამოკვლევას „კარგი ანალიზი“ დასჭირდება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კითხვაზე,ხვალ რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა36% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 10% - „თავისუფალ დემოკრატებს“, 6% - ლეიბორისტულ პარტიას. „პატრიოტთა ალიანსისა“ და ბურჯანაძის პარტიის სასარგებლოდ კი არჩევანს გამოკითხულთა 5-5% აკეთებს. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემდა ხმას კვლევაში მონაწილეთა 12%, ხოლო რესპონდენტთა 11%-მა საერთოდ უარი თქვა პასუხზე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ კვლევაში ასახულო მონაცემები შესაძლოა იმით აიხსნას, რომ ხალხის გამოკითხვა ლარის კურსის რყევის პერიოდს დაემთხვა:

„ამ მკვლევარმა ორგანიზაციებმა მაინცდამაინც დიდი სიმპათია საზოგადოების მხრიდან ვერ დაიმსახურეს, თუმცა რაც ვნახეთ, დაფიქრების საფუძველს მაინც იძლევა. „ქართული ოცნება“, როგორც მოსალოდნელი იყო, წინ არის, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ კვლევის პროცესი დაემთხვა ლარის კურსის საკმაოდ მძლავრი რყევის პერიოდს და ამანაც მოახდინა თავისი გავლენა შედეგებზე“.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, ლევან ბერძენიშვილის, შეფასებით, საზოგადოებრივი განწყობების ნამდვილი კვლევა არჩევნებია, მანამდე ჩატარებული მსგავსი გამოკითხვები კი მხოლოდ ტენდენციებს აჩვენებს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ შედეგები სინამდვილეს შეესაბამება და ქვეყანაში დღეს მიმდინარე პროცესებს კარგად ასახავს. დავით დარჩიაშვილი საპარლამენტო უმცირესობიდან ამბობს, რომ მოსახლეობის განწყობა მთავრობის მისამართით მკვეთრად კრიტიკული ხდება და ეს განწყობა პასუხია მთავრობის პოლიტიკაზე:

დავით დარჩიაშვილი

დავით დარჩიაშვილი

„ეკონომიკაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებული პრობლემები, კრიმინალის ზრდა - ეს არის ის, რაც საზოგადოებას აწუხებს. ცხადია, ეს იწვევს ჩვენი რეიტინგის ზრდას და მთავრობის რეიტინგის კლებას. მთლიანობაში, ვფიქრობ, ამ გამოკვლევის შედეგები ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებას“.

IRI-ს გამოკვლევაში, ტრადიციულად, ცალკეული პოლიტიკური ლიდერების მიმართ არსებული მაჩვენებლებიცაა ასახული. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ - ორივეს ნდობის 62-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. რეიტინგებში მესამე ადგილს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია იკავებს 57%-იანი მაჩვენებლით. მეოთხე ადგილს, 56%-ით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყოფენ. ოპოზიციის ლიდერებიდან 46%-იანი მაჩვენებლი აქვს „ნაციონალების“ ლიდერს დავით ბაქრაძეს.

გამოკვლევა სხვა არაერთ კითხვას სვამს საზოგადოებრივი განწყობების კვლევის კუთხით. მაგალითად, გამოკითხულთა 79% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, 15% კი ამის წინააღმდეგია. მონაწილეთა 85% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, წინააღმდეგობას გამოხატავსრესპონდენტთა 9%. ამ ფონზე საინტერესოა ხალხის განწყობები რუსეთთან მიმართებით - გამოკითხულთა მხოლოდ 5% მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობას დადებითად, 85% კი - უარყოფითად.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სათვის მიცემულ ინტერვიუში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ისიც თქვა, რომ მისი პოლიტიკური პარტია ყალიბდება როგორც ალტერნატიული პოლიტიკური ძალა. იმედიანად უყურებს თავის 5%-იან მაჩვენებელს "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძეც, რომელმაც თავის მხარდამჭერებს საკუთარი ფეისბუკის გვერდიდან წინასწარ მოულოცა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი პარტიებისათვის გამოკვლევის შედეგების გაცნობას დღეს და ხვალაც გააგრძელებს, ხოლო პარასკევს მთელ გამოკვლევას მედიას წარუდგენს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG