Accessibility links

logo-print

პოლიტიკური რეიტინგი არჩევნების შემდეგ


კრისტინა უილფორი

კრისტინა უილფორი

27 აგვისტოს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ივლის-აგვისტოში ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, კოალიცია „ქართული ოცნება“ კვლავაც წამყვან პოლიტიკურ ძალად რჩება. მაღალია ამავე პოლიტიკური პარტიის ლიდერთა რეიტინგის მაჩვენებელიც. პოლიტიკოსი ლიდერების სათავეში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დგას, ოპოზიციური პარტიებიდან კი წამყვან ძალად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სახელდება.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილი პოლიტური პარტიებისა და მათი ლიდერების საქმიანობის შეფასებას მოიცავს. საინტერესოა, რომ ამჯერად, გამოკვლევის თანახმად, თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერის მოწონების მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო. პოლიტიკოსთა სიას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ლიდერობს, რომელიც გამოკითხული 3 338 ადამიანიდან უმრავლესობას, 60 %-ს, მოსწონს. ალასანიას რეიტინგში მოსდევენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 54 %-იანი მაჩვენებლით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი - 51%-ით. გამოკვლევის შედეგები მედიას NDI-ს საქართველოს დირექტორმა კრისტინა უილფორმა გააცნო:

„პირველი სამი ყველაზე მოწონებული პოლიტიკური ფიგურა დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელია - თავდაცვის მინისტრი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა ამ პოლიტიკური ფიგურის რეიტინგმა 7-დან 10 პროცენტით დაიკლო აპრილის კვლევის შემდეგ, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში“.

ყველაზე პოპულარულ ათ პოლიტიკურ ლიდერს შორის მხოლოდ ორია ისეთი, რომლის მოწონების მაჩვენებელიც, წინა კვლევასთან შედარებით, არ შემცირებულა...

კრისტინა უილფორის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ, აპრილთან შედარებით, 5%-ით დაიკლო პატრიარქის მაჩვენებელმაც, ის კვლავაც რჩება ყველაზე პოპულარულ საჯარო ფიგურად. ამ კონტექსტში საინტერესოა პასუხები შეკითხვაზე, უნდა ჩაერთოს თუ არა ეკლესია საარჩევნო კამპანიაში. 73 % ამბობს, რომ არ უნდა ჩაერთოს, ხოლო 16 % ფიქრობს, რომ უნდა ჩაერთოს.

ოთხ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ფიგურას შორის მოხვდა უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, 48 %-იანი მაჩვენებლით. 48 %-ს მოსწონს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი, აპრილის კვლევასთან შედარებით (51%), დაკლებულია და 45 %-ია. გამოკითხულთა შორის პოლიტიკოსი ქალებიდან ყველაზე მეტად მოსწონთ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - მისი რეიტინგის პროცენტული მაჩვენებელია 44 %.

„ყველაზე პოპულარულ ათ პოლიტიკურ ლიდერს შორის მხოლოდ ორია ისეთი, რომლის მოწონების მაჩვენებელიც, წინა კვლევასთან შედარებით, არ შემცირებულა. ეს არის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომლის მაჩვენებელიც გაიზარდა 2%-ით და დავით ნარმანია, რომლის მაჩვენებელიც 4 %-ითაა გაზრდილი“.

თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გამოკითხულთა 19 %-ს არ მოსწონს პრეზიდენტი მარგველაშვილი, ხოლო 24 % აცხადებს, რომ პრეზიდენტის შესახებ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია. გამოკითხულთა 22 % ამბობს, რომ მოსწონს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, განსხავვებით 49 %-ისგან.

მოქალაქეებს დაუსვეს შეკითხვა, როგორ შეაფასებდნენ ისინი ქვემოთ ჩამოთვლილი ადამიანების საქმიანობას - პირველ ადგილს რეიტინგში ინაწილებენ საქართველოს პატრიარქი, რომლის საქმიანობასაც ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 66 % და კარგად - 17 %. 24 % დავით უსუფაშვილის საქმიანობას აფასებს, როგორც კარგს, 15 % კი კმაყოფილია სახალხო დამცველის, უჩა ნანუშვილის, საქმიანობით.

ცალკეა შეფასებული მინისტრების საქმიანობა. ამ სიაშიც პირველი ადგილი ირაკლი ალასანიას უჭირავს - ის მოსწონს გამოკითხულთა 37 %-ს. შემდეგ მოდის ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, 26 %-იანი მაჩვენებლით, და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე - 25 %-იანი მაჩვენებლით.

სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის პირველ სამ ადგილს ინაწილებენ საქართველოს ჯარი - 53%, პოლიცია - 39 %, ცესკო - 23 %.

გაუგებარია ამ კვლევის მეთოდოლოგია, არ არის გამჭვირვალე. საკმარისია გავიხსენოთ, რას ამბობდა ეს კვლევები თუნდაც 2012 წელს და რა შედეგები მივიღეთ სინამდვილეში...

გამოკითხულთა 82 % მიიჩნევს, რომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია ძლიერი პოლიტიკური პარტიის არსებობა. ამ მხრივ ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალად კვლევის მონაწილეების 51%-ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიაჩნია. შემდეგ მოდის ნინო „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“ - 5%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 4 %.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 42 % მიიჩნევს, რომ ასეთი „ქართული ოცნებაა“, 11 % „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ირჩევს, ხოლო 30%-ისთვის ასეთი არც ერთი პარტია არ არის.

ასევე, შეკითხვაზე, რას მოელით თქვენი მაჟორიტარი დეპუტატებისგან, გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ მაჟორიტარი დეპუტატი იმას გააკეთებს, რასაც მას პარტია ეტყვის. მხოლოდ 35% ფიქრობს, რომ ის ამომრჩეველთა ინტერესებს დაიცავს,

რესპონდენტების 55 %-მა არ იცის, თუ ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი.

NDI-ს გამოკვლევას მალევე მოჰყვა შეფასებები როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციურ პოლიტიკურ წრეებში. გამოკვლევის სანდოობას კვლავაც ეჭვქვეშ აყენებს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე:

„გაუგებარია ამ კვლევის მეთოდოლოგია, არ არის გამჭვირვალე. საკმარისია გავიხსენოთ, რას ამბობდა ეს კვლევები თუნდაც 2012 წელს და რა შედეგები მივიღეთ სინამდვილეში“.

საკუთარ რეიტინგზე მსჯელობა ჯერჯერობით ნაადრევად მიაჩნია დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას, როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მისი მიზანი ახლა საქმის კეთებაა და არა რეიტინგზე ზრუნვა.

„ნაციონალური მოძრაობაში“ კი ფიქრობენ, რომ ამ გამოკვლევამ კარგად ასახა ის პრობლემები, რაც ქვეყანაში დაგროვდა და ამის გამოხატულებაა ხალხის დამოკიდებულებაც.

ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

„ამ გამოკვლევიდანაც ჩანს, რომ ქვეყანაში მთავარი გამოწვევებია სიღარიბე, სამუშაო ადგილები და კრიმინალის ზრდა, ამ პრობლემების მოგვარებაში, ხალხის აზრით, მთავრობა არის სრულიად უუნარო და არაფრის მომცემი და სწორედ ამ მიზეზითაა დაცემული მთავრობის ყველა წევრის რეიტინგი 10 %-ით მაინც. რაც შეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს, ჩვენც, ცხადია, გვესმის, რომ გაცილებით მეტი მუშაობა დაგვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ნდობა დავიბრუნოთ და შემდეგი არჩევნები მოვიგოთ“, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის აპრილის გამოკვლევის სრული ვერსიის ხილვა NDI-ს ვებსაიტზეა შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG