Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი“: პოლიტიკური სიძულვილის რიტორიკა მსოფლიოში განხეთქილებას თესავს


სალილ შეტი, „ამნესტი ინტერნეშნლის“ გენერალური მდივანი
სალილ შეტი, „ამნესტი ინტერნეშნლის“ გენერალური მდივანი

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ამნესტი ინტერნეშნლის“, შეფასებით, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მსოფლიოში მდგომარეობა უარესდება იმის გამო, რომ პოლიტიკოსები „შხამიან“, „დეჰუმანიზაციისაკენ“ მიმართულ რიტორიკას იყენებენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების გასამყარებლად. ეს შეფასება გამოთქმულია „ამნესტის“ მორიგ წლიურ ანგარიშში, რომელიც 22 თებერვალს გამოქვეყნდა.

„ამნესტის“ გენერალური მდივანი სალილ შეტი შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინასაარჩევნო განცხადებებს ასახელებს იმის მაგალითად, რომ პოლიტიკაში ძლიერდება აგრესიული, განხეთქილების წამქეზებელი რიტორიკა. სალილ შეტიმ ამ საკითხზე ილაპარაკა პარიზში და თქვა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ადამიანთა შორის შიშის გავრცელებით და განხეთქილების დათესვით ცდილობენ უზრუნველყონ საკუთარი პოლიტიკური მომავალი. ასეთ პოლიტიკოსებად „ამნესტის“ გენერალურმა მდივანმა დაასახელა დონალდ ტრამპი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი, ვიქტორ ორბანი და სხვები.

აღმოვჩნდით ვითარებაში, როცა ადამიანის უფლებებს მსხვერპლად წირავენ პოლიტიკის საკურთხეველზე. და ჩვენი ბოლო გზავნილია ის, რომ, მართალია, ლიდერები და მთავრობები იმედს გვიცრუებენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ადამიანები ამას არ ურიგდებიან...
სალილ შეტი

„მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენი ანგარიშიდან მოდის, არის რეალურად ის, რომ 2016 წელს ვიხილეთ შიშისა და სიძულვილის პოლიტიკის შემაძრწუნებელი ზრდა. მთელ მსოფლიოში ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც საზოგადოებაში განხეთქილებას თესავენ, პოლარიზაციას იწვევენ, განტევების ვაცად აქცევენ უმცირესობებს, მიგრანტებს, ლტოლვილებს. და ამის შედეგია ის, რომ ადამიანის უფლებების მხრივ მკვეთრ დაღმასვლას ვხედავთ“, - უთხრა „ამნესტი ინტერნეშნლის“ გენერალურმა მდივანმა პარიზში საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“.

როგორც, დაახლოებით, 400-გვერდიან ანგარიშში ვკითხულობთ, გასული საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ, არასოდეს ყოფილა ვითარება „სიძულვილის ენის“ გამოყენების თვალსაზრისით ისეთი მძიმე, როგორიც იყო 2016 წელს, რაც ხელს უწყობდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუარესებას.

„აღმოვჩნდით ვითარებაში, როცა ადამიანის უფლებებს მსხვერპლად წირავენ პოლიტიკის საკურთხეველზე. და ჩვენი ბოლო გზავნილია ის, რომ, მართალია, ლიდერები და მთავრობები იმედს გვიცრუებენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ადამიანები ამას არ ურიგდებიან. ამას ვხედავთ შეერთებულ შტატებში პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ და ამას ვხედავთ დასავლეთ აფრიკაშიც, გამბიაში, ამას ვხედავთ მსოფლიოს ყველა კუთხეში. და ჩვენ მოვუწოდებთ ხალხს მთელ მსოფლიოში: თუ გსურთ, რომ რამე შეცვალოთ, დროა იმოქმედოთ, წინ აღუდგეთ სიძულვილსა და დისკრიმინაციას, დადგეთ ადამიანობის დასაცავად!“ - უთხრა „როიტერსს“ ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

„ამნესტი ინტერნეშნლის“ ანგარიში ასახავს ვითარებას 159 ქვეყანაში და ტერიტორიაზე. ის ჰყვება, როგორ იტანჯებიან ადამიანები კონფლიქტების, ლტოლვილობის, დისკრიმინაციის, რეპრესიების შედეგად.

ანგარიშის იმ ნაწილში (სულ ორგვერდიან ნაწილში), რომელიც საქართველოს შეეხება, ნათქვამია, რომ შეშფოთების საგნად რჩება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის არარსებობა, შერჩევითი მართლმსაჯულება, პოლიტიკური ნიშნით დევნა და სამართალდამცავების მხრიდან ძალის და ზემოქმედების სხვა საშუალებების გამოყენება. კონკრეტულ ფაქტებს შორის დასახელებულია, მაგალითად, ე. წ. კაბელების და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული საქმეები, ე. წ. კორცხელის ინციდენტი, ლგბტ პირებზე თავდასხმები და 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობა, რაც, სავარაუდოდ, გამოიწვია პოლიციელის მხრიდან ზეწოლამ.

გურამ იმნაძე
გურამ იმნაძე

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, გურამ იმნაძემ, 22 თებერვალს ჩვენი რადიოს თბილისის სტუდიაში სტუმრობისას თქვა, რომ საქართველოს შესახებ ანგარიშში ასახულია ყველა ის პრობლემა, რომელზეც 2016 წელს ყურადღებას ამახვილებდა სამოქალაქო სექტორი. გურამ იმნაძემ მაგალითად მოიყვანა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი, როცა პოლიციამ რამდენჯერმე არ შეასრულა თავისი მოვალეობა, აღეკვეთა ძალადობის ფაქტები.

„ამნესტი ინტერნეშნლის“ ანგარიშში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლება და რუსი სამხედროები განაგრძობენ ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმოსვლის შეზღუდვას და ადამიანების დაკავებას. ანგარიშში მოყვანილია 2016 წლის მაისში სოფელ ხურჩასთან აფხაზი მესაზღვრის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი. „ამნესტი ინტერნეშნლი“ აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საზღვრებთან მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების არსებობა უარყოფითად აისახება ადგილობრივ მცხოვრებთა მდგომარეობაზე და ხელყოფს მიმოსვლის, შრომისა და ღირსეულად ცხოვრების უფლებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG