Accessibility links

logo-print

ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო


ოთხშაბათს მოსკოვის სასამართლომ „ნოვაია გაზეტას“ მიმომხილველის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. სასამართლოს არ ესწრებიან ანა პოლიტკოვსკაიას შვილები ვერა და ილია, რომლებიც სასამართლოსაგან მოითხოვდნენ, 29 ივლისამდე, სანამ პროცესს მათი ადვოკატები არ ესწრებიან, საქმის არსებითი განხილვა არ დაწყებულიყო. ბრალდებული მხარის ადვოკატი მურად მუსაევი მიიჩნევს, რომ დაზარალებული მხარის მოთხოვნა „აუცილებლად გასათვალისწინებელი“ იყო, თუმცა, მხარეთა ასეთი ერთობლივი პოზიციის მიუხედავად, მოსკოვის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე არ დაელოდა დაზარალებული მხარის ადვოკატების გამოცხადებას და პროცესი 24 ივლისს დაიწყო. სასამართლოს ასეთ სიჩქარეს „შემაშფოთებელ ტენდენციას“ უწოდებს „ნოვაია გაზეტას“ წარმომადგენელი ნადეჟდა პრუსენკოვა:

„ჩვენ შეშფოთებული ვართ სამართალდამცველი ორგანოების ტენდენციით, რომელიც გამოძიების დასრულებას თუ ახალი ფაქტების მოძიებას კალენდარულ თარიღებთან აკავშირებს. ახლა არის ეჭვი, რომ ეს სასამართლო პროცესი ძალიან სურთ დაასრულონ ანა პოლიტკოვსკაიას სიკვდილის თარიღისათვის, რაც, ჩემი აზრით, სწორი არ არის არც კანონის, არც სამართლიანობისა და არც სინდისის თვალსაზრისით“.

ცნობილი რუსი უფლებადამცველი და პუბლიცისტი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის ოქტომბერში მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში, მოკლეს. განსასჯელის სკამზე ხუთი კაცია: ჩეჩნეთის მკვიდრი ლომ ალი ჰაიტუკაევი, მისი სამი ნათესავი და ასევე მოსკოველი პოლიციელი სერგეი ხაჯიკურბანოვი. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის ორგანიზატორი ჰაიტუკაევია, თუმცა ოთხშაბათს, სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე, განსასჯელებმა განაცხადეს, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ბრალდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენაში ეჭვი არ ეპარება გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ წარმომადგენელს ნადეჟდა პრუსენკოვას, რომელსაც გამოძიების დროს დაშვებული მრავალი პროცედურული ხარვეზის გამო პროკურატურის მიმართ პრეტენზიები აქვს:

„ჩვენ სასამართლო გვსურს და არა სანახაობა. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ საბრალდებო სკამებზე მსხდომი ყველა პირი ამ დანაშაულის თანამონაწილეა, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგი ვართ ისეთი მართლმსაჯულებისა, რომელიც ასფალტის დასაგები მანქანასავით მუშაობს და ტკეპნის ყველაფერს - როგორც სისხლის სამართლის კოდექსის თუ სამართლიანობის, ისე სინდისის ნორმებს.“

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი 2009 წელს სამი ბრალდებულის განთავისუფლებით დასრულდა, თუმცა იმავე წელს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ განსასჯელთა შორის იყო ყოფილი პოლიციელი დმიტრი პავლიუჩენკოვი.
XS
SM
MD
LG