Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი პოლიტიკურ დევნილთა და პოლიტპატიმართა დამატებით სიას განიხილავს


იგორ გიორგაძე, ლევან მამალაძე, ემზარ კვიციანი, ირაკლი ოქრუაშვილი, ყინწვისის სპეცოპერაციის შედეგად დაპატიმრებული პირები და სხვები - იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ახალი ხელისუფლებისგან პოლიტიკური დევნილის და პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ, სულ 80-ს აღწევს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტში წარდგენილი სიების შესწავლას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი უახლოეს დღეებში დაიწყებს.

პარლამენტის მიერ 190 ადამიანის პოლიტპატიმრად და 25-ის პოლიტდევნილად გამოცხადების შემდეგ კიდევ ვინ და რა ნიშნით მოითხოვს ამავე სტატუსს?

ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე, რომელიც ამავე დროს ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”, აცხადებს, რომ ბოლო დროს, შიშის ფაქტორის დაძლევის შემდეგ, მათ მიმართ პოლიტიკურ დევნაზე არაერთი ადამიანი ალაპარაკდა - მათ შორის, ბიზნესმენები, რომლებსაც კერძო საკუთრება დაათმობინეს, ზოგი დააპატიმრეს, ზოგმაც ქვეყნიდან გაქცევით უშველა თავს; ყოფილი პოლიტიკოსები, რომლებზეც ძებნა იყო გამოცხადებული. ეს ადამიანები დღეს პოლიპატიმრისა და პოლიტდევნილის სტატუსის მიღებას მოითხოვენ. მათი რიცხვი სიაში, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს უკვე გადაეგზავნა, დაახლოებით 80-ს აღწევს. ამ საქმეების ნაწილი ახალ პარლამენტს მუშაობის დაწყებისთანავე გადაეცა, -თუმცა ყველა მათგანის განხილვა მაშინ ვერ მოესწრო, - ნაწილიც ახლა დაემატა.

”მისცემენ თუ არა ამ ადამიანებს სტატუსს, ეს ჯერ გაურკვეველია. ეს, უბრალოდ, მათი სურვილია, რომ ისინი ცნონ პოლიტიკურ დევნილებად და პოლიტპატიმრებად. მათ შორის არიან ე.წ. ყინწვისის საქმის მონაწილეები, ლევან მამალაძე, იგორ გიორგაძე, ემზარ კვიციანი და სხვები - სულ 80-მდე ადამიანი”.
ეს არის სოციალურ-პოლიტიკური რევანში იმ სოციალურ-პოლიტიკურ ცვლილებებზე, - მათ შორის, პიროვნულ, საკადრო ცვლილებებზე, - რაც ვარდების რევოლუციას მოჰყვა ...
დავით დარჩიაშვილი

თუმცა ნანა კაკაბაძე იმასაც ამბობს, რომ უნდა დადგინდეს კრიტერიუმები, რის საფუძველზეც ადამიანებს აღნიშნულ სტატუსს მიანიჭებენ. მისი აზრით, ერთმანეთს ვერ გაუთანაბრდება პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების და, მაგალითად, იმ ბიზნესმენების სტატუსი, რომლებსაც პირადი ქონება იძულებით დაათმობინეს, დღეს კი ისინი პოლიტპატიმრების სტატუსს მოითხოვენ.

”წარსულის რევანში დღევანდელობასა და მომავალზეც” - ასეთია საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის შეფასება. პარლამენტარი ფიქრობს, რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების უფლება ყველას აქვს, თუმცა ყველამ ერთნაირად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე:

”ეს არის სოციალურ-პოლიტიკური რევანში იმ სოციალურ-პოლიტიკურ ცვლილებებზე, - მათ შორის, პიროვნულ, საკადრო ცვლილებებზე, - რაც ვარდების რევოლუციას მოჰყვა. ძველი ელიტა, ძველი კლანები დღეს ცდილობენ დაიბრუნონ ის მდგომარეობა, რაც 90-იან წლებში მოიპოვეს. მათ შორის ისეთი უკანონობებიც, რასაც ვერც კი შევადარებთ გენერალ კალანდაძის მიმართ არსებულ ბრალდებებს. მე მესმის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი ადამიანი გაანაწყენა, ბევრი კითხვა არსებობდა, მაგრამ რით სურთ ჩანაცვლება, ამას პასუხი თავად საზოგადოებამ თუ არ გასცა, მე მგონი, სხვა გამოსავალი არ არსებობს. ჩვენ გვინდოდა დემოკრატიული საქართველოს აშენება, რომელიც არ იქნებოდა დაფუძნებული ქურდულ და კორუფციულ მენტალიტეტზე, შენიღბულზე მართლმადიდებლობის საბურველში. ხოლო ახლა რაც ხდება, სწორედ ამის დაბრუნების საფრთხეს ვხედავ”.

პოლიტპატიმრების სიასთან დაკავშირებით უცვლელია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აზრი. შეგახსენებთ, რომ საიამ სამუშაო ჯგუფი სწორედ იმიტომ დატოვა, რომ, მათი განცხადებით, კომისია საქმეებს დეტალურად არ სწავლობდა.საიას წარმომადგენელი ეკა ფოფხაძე არ უარყოფს ქვეყანაში პოლიტპატიმრების თუ მის გარეთ პოლიტდევნილების არსებობას, თუმცა, მისი თქმით, სადავოა რეალურად რამდენად იყო ამ სტატუსის მატარებელი ის ორასამდე ადამიანი, რომელსაც პარლამენტის დადგენილებით ეს სტატუსი მიენიჭა. ეკა ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მუდმივ რეჟიმში პოლიტპატიმართა საქმეებს არ უნდა განიხილავდეს და ამ პროცესს ლოგიკური დასასრული უნდა ჰქონდეს.

პარლამენტში ახალ სიაში მოხვედრილი საქმეების განხილვა რამდენიმე დღეში განახლდება, როცა საკანონმდებლო ორგანო მუშაობას შეუდგება, - განუცხადა მედიას ეკა ბესელიამ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, გაიზრდება თუ არა პარლამენტის დადგენილებით პოლიტიკურ პატიმრებად და პოლიტიკურ დევნილებლად აღიარებულ პირთა სია.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG