Accessibility links

logo-print

კოალიცია „ქართული ოცნების” 4 აპრილს გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის მონაწილეთა თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მხარს არ დაუჭერენ „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას, რომელიც საჰაერო თავდაცვის თაობაზე მემორანდუმის გაფორმების გარემოებათა შესასწავლად სპეციალური კომისიის შექმნას ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში მიიჩნევენ, რომ კომისიის შექმნის საფუძველი არ არსებობს, „თავისუფალი დემოკრატები“ კი პოლიტიკური სკანდალის შექმნას ცდილობენ.

კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე საკითხებზე იმსჯელა - მათ შორის, მთის შესახებ კანონპროექტსა და პარლამენტის ოთხი კომიტეტის ახლად არჩეულ თავმჯდომარეებთან მუშაობის ფორმატზე. ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საკითხზე კი, კერძოდ, საჰაერო უსაფრთხოების მემორანდუმის სკანდალთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თანახმად, საუბარი არ ყოფილა. თუმცა იმის მიუხედავად, პოლიტსაბჭოს სამუშაო დროის რა ნაწილი დაეთმო „თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნის განხილვას, სხდომის დასრულების შემდეგ მმართველი გუნდის წევრები ერთმნიშვნელოვნად ამბობენ,რომ ინიციატივას „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს:

“მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არ არის ის თემა, რომელზეც ახლა კომისია უნდა შეიქმნას. საკითხი, რომელიც ხანდახან სპონტანურად წარმოიქმნება. იმ თემებზე, რაზეცაა საუბარი, მე ვფიქრობ, რომ ამ თემებზე თავის დროზე უნდა ყოფილიყო, თუ სასაუბრო იყო ეს თემები და სალაპარაკო და არა მაშინ, როცა სხვა პროცესებს უკავშირდება ეს ყველაფერი“.

სხვა პროცესებს, ანუ სწორედ საჰაერო უსაფრთხოების საკითხზე საფრანგეთთან მემორანდუმის გაფორმების პარალელურად განვითარებული მოვლენების შემდეგ ოპოზიციაში გადასული „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურ აქტივობას და მათი ლიდერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას, განცხადებებს - კერძოდ, განცხადებებს იმის შესახებ, რომ საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოების სისტემების შეძენის შესახებ მემორანდუმის გაფორმებისთვის ხელის შეშლას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მასთან სატელეფონო კავშირზე მყოფი თავდაცვის ახლანდელი მინისტრი მინდია ჯანელიძე ცდილობდა.

“ერთი ჭეშმარიტება, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, არის ის, რომ თუკი ჩვენ გვინდა ავიცილოთ თავიდან ომი, დაპირისპირება, ყველაზე დიდი ძალა ომის თავიდან აცილებისა არის იყო მზად ომისთვის, იყო მზად შენი მშვიდობის დაცვისთვის. ამას, ბუნებრივია, სჭირდება შეიარაღებულ ძალებში და ჩვენს საზოგადოებაში წინააღმდეგობის გაწევის ნება. მაგრამ ეს ნება რომ რეალიზდეს, მას სჭირდება შესაძლებლობები - შესაძლებლობები, რომელსაც ჰქვია თავდაცვითი შესაძლებლობები. სწორედ ასეთი ერთ-ერთი ფუნდამენტური შესაძლებლობის შეძენაზე ათქმევინეს უარი საქართველოს ბატონმა ღარიბაშვილმა და ბატონმა ივანიშვილმა“, განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომლის თანახმად, მემორანდუმს თავდაცვით შეიარაღებაზე შეთანხმების გაფორმება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ეს არ მოხდა.

ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესს საფრთხე არ ემუქრება და ზედმეტი აჟიოტაჟი მხოლოდ აზიანებს პროცესს, აღნიშნავს, თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, რომელიც ირაკლი ალასანიას მემორანდუმის თვითნებურ ხელმოწერაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ რადგან მთავრობას არ ჰქონდა წარმოდგენა, რაზე უნდა ეწარმოებინა კონსულტაციები ალასანიას საფრანგეთში,მას დაურეკა მემორანდუმზე ხელმოწერის გარკვეული პერიოდით გადადების წინადადებით:

“საკითხი იყო ცნობილი, საკითხი იყო განხილული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკითხი იყო შეთანხმებული და ვინმეს ჰქონდა, ასე ვთქვათ, უფლებამოსილება, რომ მსგავს დოკუმენტზე ხელი მოეწერა“, განაცხადა მინდია ჯანელიძემ 3 აპრილს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.

3 აპრილსვე მინისტრმა უმასპინძლა საფრანგეთისრესპუბლიკის ელჩს საქართველოში რენო სალენსს და თავდაცვის ატაშეს ვიცე-პოლკოვნიკ ანდრე ევრას. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანახმად, მხარეებმა მიმდინარე საკითხები და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა რენო სალენსმა განაცხადა, რომ გასულ წელს საქართველოს მთავრობასა და ფრანგ მწარმოებლებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ჩვეულ რეჟიმში დაიწყო გარკვეული განხილვები. მისი განმარტებით, არანაირ ხელშეკრულებაზე, არანაირ ვალდებულებასა და შეთანხმებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა, გასულ წელს დაწყებული განხილვები კი გრძელდება.

გრძელდება პროცესიც, რომელიც საჰაერო თავდაცვითი სისტემების სკანდალის საპარლამენტო განხილვის ფორმატში გადატანას გულისხმობს და რომელიც, სავარაუდოდ, ისეთ მასშტაბებებს ვერ მიაღწევს, როგორსაც „თავისუფალი დემოკრატები“ და ამ საკითხით დაინტერესებული საზოგადოება ისურვებდა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, 4 აპრილს, დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ, მაგალითად, განაცხადა, რომ დროებითი კომისია საიდუმლო მასალების განხილვის უფლებამოსილებას არ ფლობს. ამდენად, მისი შექმნა ამ თვალსაზრისითაც გაუმართლებელი იქნებოდა. „თავისუფალი დემოკრატები“ კი ცდილობენ კოლეგები დაარწმუნონ, რომ საჰაერო თავდაცვითი შეიარაღების საკითხზე კომისიის შექმნა, სიმართლის დადგენის თვალსაზრისით, თავად საპარლამენტო უმრავლესობის ინტერესებშია და პარლამენტია სწორედ ის ადგილი, სადაც ამ საკითხებზე მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს. ფრაქცია საპარლამენტი კომისიის შექმნის განაცხადს მომავალი კვირის დასაწისში შეიტანს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG