Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე და მარშალ პილსუდსკის ქუჩა გორში


პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე გორში
პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე გორში

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე გორში განსაკუთრებულად აღინიშნა. ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დილიდან შეხვედრებს მართავდნენ გორის უნივერსიტეტში, სადაც პოლონური ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა, დღის მეორე ნახევრაში კი სტუმრებმა და მასპინძლებმა თავი მოიყარეს ქალაქის გარეუბანში, სადაც ერთ-ერთ ქუჩას პოლონეთის მარშლის, იოზეფ პილსუდსკის, სახელი ეწოდა. იქვე მცხოვრებმა ადამიანებმა ეს სახელი და გვარი პირველად გაიგეს. პილსუდსკის ხსენება საბჭოთა ეპოქაში აკრძალული იყო. პოლონეთისა და საქართველოს ჰიმნების შესრულების შემდეგ გაიხსნა ფოტოგამოფენა, რომელიც იოზეფ პილსუდსკის და პოლონეთში მცხოვრები ქართველი იუნკრების ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს.

პოლონეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე იოზეფ პილსუდსკი 1918-1922 წლებში პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაური იყო. 1921 წელს პოლონეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო. ქვეყანაში წითელი არმიის შემოსვლისა და ბოლშევიკური ანექსიის დროს საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. მაშინ პოლონეთის მთავრობამ ქართველ ემიგრანტებს შესთავაზა პოლონეთში დამკვიდრებულიყვნენ. ვარშავის ქართულ ემიგრაციას პილსუდსკი სიცოცხლის ბოლომდე ფინანსურად ეხმარებოდა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის არმიაში 6 ქართველი სამხედრო გენერალი და 108 ოფიცერი მსახურობდა. ქართველი იუნკრებისთვის პოლონეთი მეორე სამშობლოდ იქცა. ისინი პოლონელებთან ერთად წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდნენ. პოლონურ არმიაში გორელი ჯარისკაცებიც მსახურობდნენ, რომლებიც მოგვიანებით საბჭოთა რეჟიმმა კატინთან დახვრიტა.

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე გორში
პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე გორში

საქართველოში პოლონეთის ელჩმა ანჟეი ჩიეშოვსკიმ ადგილობრივ ხელისუფლებას და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ამ ინიციატივისთვის და დახმარება აღუთქვა იმ სკვერის მოწყობაში, რომელიც ამ დასახლებაში გაკეთდება:

„მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენს გვერდით ვიმყოფები. საქართველოსა და პოლონეთის მეგობრობის ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის. აქ წარმოდგენილ ფოტოგამოფენაზეც სწორედ ამ ისტორიის კადრებს ნახავთ. ახლაც ჩვენი თანამშრომლობა უკვე მრავალი წელია გრძელდება და დღევანდელი დღეც არის ერთი მაგალითი იმისა, რომ მყარი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსა და პოლონეთს“.

ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა იან მარიცკიმ იოზეფ პილსუდსკის მოღვაწეობასა და ქართველების მიმართ მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

„მაშინ, როდესაც საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა, 1921 წელს, ბევრი ქართველი ემიგრაციაში წავიდა. იმ დროს მარშალი პილსუდსკი იყო ადამიანი, რომელმაც კარი გაუღო და ხელგაშლილი შეხვდა ქართველ სამხედროებს და იუნკრებს. პილსუდსკის ქართველები საკუთარი მოქალაქეებისგან არ განუსხვავებია იმ პერიოდში, როცა ქართველებს ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. გორი მარშლის გარდაცვალებიდან 80 წლის შემდეგ გამოხატავს მადლიერებას იმისათვის, რაც მათმა წინაპრებმა მიიღეს პოლონეთისგან“.

გორის უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა, 2008 წლის აგვისტოს ომი და ომის შემდეგ გორისთვის პოლონეთის დახმარება გაიხსენა. მისი აზრით, ამ ყველაფერს საფუძველი სწორედ 20-იანი წლებიდან ჩაეყარა და ეს ურთიერთობა დღემდე გრძელდება.

გორი-ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავამ) გრიგოლ ფერაძის საქართველოსა და პოლონეთში მოღვაწეობა გაიხსენა. მისი თქმით, ამ ადამიანმა ქართულ-პოლონური ურთიერთობა უფრო გააღრმავა და დღევანდელ დღემდე მოიტანა. ფერაძის გორთან კავშირი კი იმით გამოიხატებოდა, რომ იგი სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი იყო.

ქალაქის გარეუბანში მალე პილსუდსკის სახელობის სკვერი მოეწყობა და კორპუსებზე მისი სახელის მანიშნებელი აბრებიც გაჩნდება. ქალაქში, სადაც ბოლშევიკური და საბჭოთა იმპერიის დიქტატორის სტალინის ქუჩა არსებობს, დღეს მარშალ პილსუდსკის ქუჩაც გაიხსნა, იმ კაცისა, რომელმაც სტალინისა და მისი მეგობრების მიერ ანექსირებული ქვეყნიდან დევნილი ქართველი იუნკრები პოლონეთში შეიფარა და დაეხმარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG