Accessibility links

პოლონელი თათრები - მაგალითი მუსლიმანი ემიგრანტებისთვის?


თათართა კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი პოლონეთში

თათართა კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი პოლონეთში

ექვსი საუკუნეა ცხოვრობენ დღევანდელ პოლონეთში - ასევე ლიტვასა და ბელორუსიაში - თათრები. პოლონეთში მათ ადგილსამყოფელს ესტუმრა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გლენ კეიტსი, რომელსაც ერთმა პოლონელმა თათარმა ისიც კი უთხრა, ევროპაში ახლადჩამოსული მუსლიმებისთვის ჩვენი აქ არსებობა შეიძლება სანიმუშოდ გამოდგესო.

პოლონეთის თათრული თემი პატარაა. მათ, მეზობელ სახელმწიფოებში მცხოვრები თანამოძმეების მსგავსად, ხანდახან „ლიპკის თათრებს“ უწოდებენ, რაც ლიტვურიდან მოდის და „ყირიმელ თათრებს“ ნიშნავს. პირველად თათრების ამ რეგიონში ჩასახლება ხდება მე-14 საუკუნეში, როცა „ლიტვის დიდ სამთავროდ“ წოდებულმა გაერთიანებამ აღმოსავლეთ ევროპის უზარმაზარი ტერიტორია მოიცვა. ეს სახელმწიფო, რომელსაც მოგვიანებით მოსკოვის რუსეთი დაუპირისპირდა, რუსეთისა და პრუსიის წყალობით დაიშალა. მანამდე კი ის, პოლონეთთან ერთად, ეგრეთ წოდებულ „ორივე ქვეყნის რესპუბლიკას“ წარმოადგენდა. მოგვიანებით, უკვე მე-18 საკუნეში, პოლონეთის დაყოფის შემდეგ, ეს ყირიმელი თათრების შთამომავლები სამ სხვადასხვა სახელმწიფოში აღმოჩნდნენ. დაკვირვებულმა თვალმა ბრონისლავ ტალკოვსკის შეიძლება შეამჩნიოს, რომ მისი წინაპრები აღმოსავლეთიდან არიან.

პოლონელ თათრებს მიაჩნიათ, რომ ევროპაში ახლად ჩასული მაჰმადიანებისთვის მათი გამოცდილება მაგალითად შეიძლება იქცეს. თუმცა ისინი, ამავე დროს, გვაფრთხილებენ, რომ ასიმილაციას თავისი ბუნებრივი თანმდევი რისკი ახლავს, როცა თემი მცირერიცხოვანია. ტალკოვსკი ამბობს, თათრები პოლონეთს ემსახურნენ და ამ სახელმწიფომ, შესაბამისად, სამაგიერო გადაგვიხადაო. თათრები მსახურობდნენ ზემოხსენებულ ლიტვურ-პოლონური სახელმწიფოს არმიაში, რის შემდეგაც მათ „კეთილშობილის“ სტატუსი ენიჭებოდათ და უფლება ეძლეოდათ თავისუფლად ეცხოვრათ. მანამდე მათი მხრიდან იყო ჯანყიც მე-17 საუკუნის ბოლოს. ეს ჯანყი მეფე იან მესამე სობიესკის მეოხებით მშვიდობიანად დასრულდა, რადგან თათარი ჯარისკაცები დიდ პატივს სცემდნენ მეფეს. მათი დიდი ნაწილი, რომელმაც მანამდე ოსმალეთის არმიას შეაფარა თავი, უკან დაბრუნდა და ლიტვა-პოლონეთის არმიაში იმსახურა თვით ვენასთან ცნობილი ბრძოლის დროს, როცა ევროპელთა ერთიანმა არმიამ ოსმალეთის არმია დაამარცხა. ტალკოვსკი, რომელიც ახლა კრუშინიანის მუსლიმთა თემის თავმჯდომარეა, ამის თაობაზე ერთ ამბავსაც ჰყვება:

„როცა კრუშინიანიში პრინცი ჩარლზი გვესტუმრა და ჩვენს ექსკურსიამძღოლს, რომელიც თან ახლდა, ჰკითხა, რატომ ებრძოდნენ თათრები თავიანთ ძმებს ვენასთანო, პასუხად მიიღო: ჩვენს ძმებს კი არა, დამპყრობლებს ვებრძოდითო“.

ტალკოვსკის წინაპრებმა არაერთ არმიაში მოახერხეს სამსახური. ისინი პოლონელების მხარეს იყვნენ ამ ქვეყნის დაყოფის დროს და მათთან ერთად არაერთ ამბოხში მონაწილეობდნენ. პოლონელების მიმართ ერთგულების ნიშანია ისიც, რომ თათარი სამხედროები ნაპოლეონის დამპყრობელ არმიაში ჩაირიცხნენ გერმანიაში, ავსტრიაში - საერთოდ, შუა ევროპაში - მისი შემოჭრის დროს.

1939 წელს, როცა პოლონეთს განსაცდელის ჟამი დაუდგა, თათართა ქვედანაყოფები შეიქმნა. ამ დროისთვის, ბუნებრივია, ევროპის შუაგულში მყოფი ყირიმელი თათრები დიდწილად უკვე ასიმილირებულნი იყვნენ. მოხდა მათი გაქრისტიანებაც - არა მხოლოდ პოლონეთში, რომელიც ვატიკანის მთავარი საყრდენი იყო სლავურ სამყაროში, არამედ სხვა არეალებშიც. თათართა ნაწილი პროტესტანტი გახდა, ნაწილი მართლმადიდებელი. ტალკოვსკი ამ ასიმილაციის მიერ მოტანილ ეროზიაზე ლაპარაკობს:

„ძალიან ძნელია ისეთი პატარა ეთნოსისთვის, როგორიც თათრები ვართ, ასეთ დიდ ერზე გავლენა მოვახდინოთ. აქ ხომ მოსახლეობის 97 პროცენტი ერთ ჯგუფს მიეკუთვნება. ამ მხრივ თათარ ეთნოსს ემუქრება საფრთხე, რომ ზედმეტად შეერწყას პოლონელებს არა მხოლოდ კულტურული, არამედ რელიგიური თვალსაზრისით. ეს საფრთხეა ჩვენი პატარა თემისთვის“.

ეს პატარა თემი ახლა 5000 ადამიანს ითვლის. თუმცა მათი წარსული სრულიად განსხვავებულია პოლონეთის სხვა უმცირესობათა ტრაგიკული ბედისგან. ომამდელ პოლონეთში მილიონობით ებრაელი ცხოვრობდა. ისინი ჰოლოკოსტის დროს გაანადგურეს, მცირე ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. დღევანდელ პოლონეთში ხდება ხოლმე თავდასხმები შუა აზიიდან ჩასულ მაჰმადიან ემიგრანტებზე, ასევე ჩეჩნებზე, რომლებიც რუსეთის აგრესიას გაექცნენ თავიანთი კუთხიდან და იქ ეძებენ თავშესაფარს. ამას პოლონეთში ულტრამემარჯვენე ძალთა აღორძინების შიში მოჰყვა.

მართალია, ასიმილაციის შედეგად, თათარი მოსახლეობის რაოდენობა საუკუნეების მანძილზე შემცირდა, მაგრამ მას მერე, რაც ისინი ამ რეგიონში დასახლდნენ, თათრები მნიშვნელოვანწილად გადაურჩნენ რასისტულ დევნასა და ძალადობას.

თომაზ ალექსანდროვიჩი, თათარი, რომელიც მუსლიმების თემთა გაერთიანებებს ხელმძღვანელობს პოლონეთში, ამბობს, რომ ასეთი პატივისცემა, როგორიც მათ ადგილობრივთაგან აქვთ, დაეხმარება სხვა მუსლიმებს ახალ გარემოსთან ადაპტირებაში და იმაშიც, რომ პოლონურმა საზოგადოებამ ისინი თავიანთი რელიგიური ტრადიციების დაუთმობლად მიიღოს. ის ასახელებს საინტერნეტო ფორუმს, რომელშიც მომხმარებლებს, მაჰმადიანებზე ნაციონალისტური თავდასხმების საპასუხოდ, პოლონეთში თათრების ხანგრძლივი ცხოვრების ფაქტი მოჰყავთ მაგალითად. მაგრამ თათრებს არ სურთ ამ ქვეყანაში მხოლოდ სიმბოლურ როლს თამაშობდნენ. პოლონეთის მთავრობა საშუალო სკოლის მოსწავლეთათვის რელიგიის სწავლების პროგრამას აფინანსებს. მცირე ნაწილი ამ თანხიდან თათრების ორგანიზაციებს ეძლევათ ისლამის გაკვეთილებისა და კულტურული პროგრამებისათვის. ტალკოვსკისა და ალექსანდროვიჩისთვის, რომლებიც ცდილობენ ევროპაში ახლად ჩასულ მუსლიმებს დაეხმარონ, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „მათ ერთად შექმნეს იქ, პოლონეთში, ეს სიმდიდრე“. ამას კი, ალექსანდროვიჩის თქმით,“საუკუნეები დასჭირდა. ერთ დღეში ეს ვერ მოხერხდებოდა“.
XS
SM
MD
LG