Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი მოითხოვს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უკეთ დაცვას


 ანჯეი დუდა
ანჯეი დუდა

პოლონეთი ნატოს მოუწოდებს გაზარდოს სამხედრო წარმომადგენლობა აგრესიულად მოქმედი რუსეთისაგან პოლონეთისა და, მთლიანად, რეგიონის დასაცავად.

ვარშავა სულ რამდენიმე თვეში, ივლისში, უმასპინძლებს ნატოს სამიტს და ახლავე ცხადია, რომ მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის შესახებ. პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ორშაბათს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, განმარტა პოლონეთის მოთხოვნა: „იგულისხმება ის, რომ ნატოს ჯარისკაცები პოლონეთის ან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ისე იყვნენ განთავსებული, რომ ჩანდნენ, რათა უსაფრთხოების გარანტიას იძლეოდნენ ადგილზე ყოფნით და ქმნიდნენ ისეთ ინფრასტრუქტურას, რომ ამ ჯარისკაცების უსაფრთხოებაც დამატებით იქნეს უზრუნველყოფილი“.

ვფიქრობ აგრეთვე, საჭიროა მკაფიო სიგნალის გაგზავნა, რომ ნატოს კარი ღია რჩება. საჭიროა ასევე განხილულ იქნეს სამიტში ჩვენი პარტნიორების მონაწილეობა - იმ ქვეყნების, რომლებიც დღეს მჭიდროდ თანამშრომლობენ ნატოსთან და რომლებიც, ვიმედოვნებ, რომ მომავალში გახდებიან ნატოს წევრები...
ანჯეი დუდა

ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოლონეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რამდენი სამხედრო მოსამსახურისა და რა მოცულობის სამხედრო აღჭურვილობის განთავსებას მოელის. მაგრამ, მისივე თქმით, ორივე საკმარისი უნდა იყოს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უშიშროების უზრუნველსაყოფად.

რუსეთს არაერთხელ უთქვამს, რომ ეწინააღმდეგება მის მეზობლად ნატოს სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას და საკუთრივ ნატოშიც არიან ქვეყნები, რომლებიც ასეთ ნაბიჯს, როგორც წესი, სკეპტიკურად აფასებენ: საჭიროდ მიიჩნევენ მოსკოვის გაღიზიანების თავიდან აცილებას. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას შეუდგა, ამ ფონზე კი შეიარაღებული ძალები გაააქტიურა და მათი დაფინანსება გაზარდა, პოლონეთსა და ნატოს დანარჩენ აღმოსავლეთევროპელ წევრებს ახალი არგუმენტები აქვთ თავიანთი პოზიციის დასასაბუთებლად.

„საჭიროა დიალოგი. პირველი რიგში, ვგულისხმობ დიალოგს რუსეთთან. ეს დიალოგი არ უნდა უგულებელვყოთ, მაგრამ, ამავე დროს, დიალოგი უნდა წარვმართოთ იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც ვცხოვრობთ. ეს ეხება, მაგალითად, საერთაშორისო სამართლის ხელყოფის პრობლემას, მაშინ როცა საერთაშორისო სამართალი, ჩემი აზრით, მშვიდობის გარანტია“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ. მისი თქმით, ნატოს წლევანდელი სამიტისაგან მისი ქვეყანა მოელის „პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს“ რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად და იმედი აქვს, რომ გადაწყდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს როგორც სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის, ისე ინფრასტრუქტურის მასშტაბის გაზრდა მაქსიმალურად ხანგრძლივი ვადით.

ვარშავის სამიტისთვის მზადებაზე საუბრისას ანჯეი დუდა ნატოს ღია კარის პოლიტიკასაც შეეხო.

„სამიტს რაც შეეხება, ვფიქრობ აგრეთვე, საჭიროა მკაფიო სიგნალის გაგზავნა, რომ ნატოს კარი ღია რჩება. საჭიროა ასევე განხილულ იქნეს სამიტში ჩვენი პარტნიორების მონაწილეობა - იმ ქვეყნების, რომლებიც დღეს მჭიდროდ თანამშრომლობენ ნატოსთან და რომლებიც, ვიმედოვნებ, რომ მომავალში გახდებიან ნატოს წევრები. პირველ რიგში, ვგულისხმობ შვედეთს, ფინეთსა და ავსტრალიას. უნდა დავამატოთ ქვეყნები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ნატოსთან - იორდანია და საქართველო. მაგრამ სამიტისა და უსაფრთხოების არქიტექტურის კონტექსტში ასევე არ უნდა დავივიწყოთ მოლდავეთი და უკრაინა“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, რომლის ქვეყანაც 1999 წელს გაწევრიანდა ალიანსში.

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, როგორც ჩანს, გაგებით ეკიდება პოლონეთის მოთხოვნებს.

„განვლილი წლის განმავლობაში განვახორციელეთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გასაძლიერებელი ყველაზე მასშტაბური ზომები ცივი ომის დასრულების შემდეგ. ნატოს ამჟამად ჰყავს მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა რეგიონში, რომელსაც პოლონეთი მიეკუთვნება, და მჯერა, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ პოლონეთში ვიხილავთ ნატოს ყველაზე მასშტაბურად, რაც კი აქამდე გვიხილავს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ვარშავა არ დარჩება იმედგაცრუებული ნატოს წლევანდელი სამიტის შედეგებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG