Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა ტადეუშ მაზოვიეცკი - პოლონეთის პირველი ლიდერი სოციალიზმის დამხობის შემდეგ


ტადეუშ მაზოვიეცკი

ტადეუშ მაზოვიეცკი

ტადეუშ მაზოვიეცკი, პოლონეთის „სოლიდარობის“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დამფუძნებელი „მრგვალი მაგიდისა“, რომლის გარშემოც კომუნისტებმა და ოპოზიციამ ამ ქვეყნის ბედი გადაწყვიტეს, 86 წლისა გარდაიცვალა ორშაბათს. მაზოვიეცკი პოლონეთის პირველი პრემიერ-მინისტრი იყო სოციალიზმის დამხობის შემდეგ. ის ამ თანამდებობაზე მოხვდა 1989 წელს და საკვანძო ფიგურას წარმოადგენდა კომუნისტური სისტემიდან კაპიტალისტურზე გადასვლის პერიოდში. ტადეუშ მაზოვიეცკი პოლონეთის დისიდენტურ მოძრაობაში მიღებული კათოლიკე აქტივისტი და ჟურნალისტი იყო. 1980 წელს გლდანსკელ გაფიცულებს შეუერთდა და მუშებს თავისი მხარდაჭერა შესთავაზა: სახელგანთქმული ლეხ ვალესას მრჩეველი გახდა. მოგვიანებით, როცა ამის შესაძლებლობა გაჩნდა, საბჭოთა კავშირის „პერესტროიკისა“ და, საერთოდ, სოციალისტური სისტემის რღვევის წლებში, არჩევნებში ჩაერთო და პირველ თავისუფალ კენჭისყრაში გაიმარჯვა. შემდგომში ის დაუპირისპირდა ვალესას და უკვე 1990 წელს არჩევნებში დამარცხდა სწორედ ვალესასთან, რომლის პოპულარობა ჯერ კიდევ დიდი იყო პოსტკომუნისტურ პოლონეთში. მაზოვიეცკი დანიშნეს გაეროს საგანგებო წარგზავნილად ბოსნია-ჰერცეგოვინაში და ამ პოსტზე დარჩა 1995 წლამდე, ვიდრე საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებათა წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად არ გადადგა. მაზოვიეცკის პროტესტი უკავშირდებოდა სრებრენიცას ხოცვა- ჟლეტას. პოლონეთის მიმართ მის დამსახურებაზე პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი ამბობს, პოლონეთი მადლობელი უნდა იყოს მაზოვიეცკისა ყველაფრისთვის, რაც 1989 წლის შემდეგ მოხდაო. საგარეო საქმეთა მინისტრმა იაროსლავ შიკორსკიმ პოლონეთის მედიას უთხრა, მაზოვიეცკი პოლონეთის „თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მამამთავარი იყოო“. ლეხ ვალესამ განაცხადა, რა დასანანია, რომ ასეთი ხალხი მიდის, მისი სიბრძნის გამოყენება შეგვეძლო დღესაცო. პოლონეთის უკანასკნელი კომუნისტი ლიდერი, გენერალი ვოიტეხ იარუზელსკი სიმშვიდეს, ზომიერებას და გადაწყვეტილების მიღების უნარს უქებდა მაზოვიეცკის. ევროპის პარლამენტის თავმჯდომარის, მარტინ შულცის წარმომადგენელმა, მარცინ გრაევსკიმ კი ასე შეაფასა მაზოვიეცკის ღვაწლი:

„დავკარგეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი, რეფორმატორი, ინტელექტუალი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც პოლონეთისა და ევროპის ისტორიაში ცვლილებების შემოქმედი იყო. „სოლიდარობის“ მოძრაობის მთავარმა მრჩეველმა მაზოვიეცკიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შუა და აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური რეჟიმების დამხობაში. როგორც პოლონეთის პირველმა არაკომუნისტმა ლიდერმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მან ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გზაზე გაიყვანა, რასაც, საბოლოოდ, მოჰყვა ევროკავშირის წევრობა“.
XS
SM
MD
LG