Accessibility links

logo-print
სამშაბათს, 12 თებერვალს, კიდევ ერთი ცნობა დაემატა აჟიოტაჟს, რომელიც მთელ მსოფლიოში მოჰყვა ცნობას რომის პაპის გადადგომის გეგმაზე. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ ბენედიქტე XVI-ს კარდიოსტიმულატორი აქვს ჩადგმული. ვატიკანის პრესმდივანმა ფედერიკო ლომბარდიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აპარატის იმპლანტაცია მოხდა წლების წინ, ჯერ კიდევ პაპად ბენედიქტეს არჩევამდე, და რომ რამდენიმე თვის წინ საჭირო გახდა მცირე ქირურგიული ჩარევა კარდიოსტიმულატორის ბატარეის გამოსაცვლელად. თუმცა, ვატიკანის პრესმდივნის განცხადებით, ამ გარემოებას არ მოუხდენია გავლენა პაპის გადაწყვეტილებაზე გადადგეს.

რაც უნდა იყოს მიზეზი, ბენედიქტე XVI-მ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. თანამედროვე ეპოქაში პაპი არ გადამდგარა. ყველა სიკვდილამდე რჩებოდა რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად - 1415 წლის შემდეგ, როცა გადადგომა მოუწია გრიგოლ XII-ს.

„მომავალი პაპებისათვის თამასა ძალიან მაღლაა აწეული, რადგან პაპი აცხადებს, რომ, თუ კაცს არ ჰყოფნის ფიზიკური ან გონებრივი ძალა ამ საქმის გასაკეთებლად, მიზანშეწონილია გადადგომა. ბენედიქტე XVI-თვის ყოველთვის არსებობდა გადადგომის შესაძლებლობა, რადგან მას ბევრჯერ უსაუბრია პაპის გადადგომის შესაძლებლობაზე“, - განმარტავს ვატიკანის საკითხების ექსპერტი, ჟურნალისტი ჯერარდ ოკონელი, რომელსაც რომში ესაუბრა ჩვენი კორესპონდენტი.

ბენედიქტე XVI ერთ-ერთ წამყვან კათოლიკე თეოლოგად არის აღიარებული და, ბუნებრივია, კარგად ერკვევა კანონიკური სამართლის კოდექსში. კათოლიკური ეკლესიის ამ ერთადერთი და საყოველთაო კანონით კი, მართლაც, დაშვებულია პაპის გადადგომა.

ბენედიქტეს გადაწყვეტილების მიზეზად უკვე ბევრჯერ დასახელდა - როგორც თვით პაპის, ისე სხვების, მათ შორის, მისი ძმის, გეორგ რაცინგერის მიერ - შერყეული ჯანმრთელობა. რელიგიისა და თავისუფლების კვლევის ცენტრის, აშშ-ში დაფუძნებული ექტონის ინსტიტუტის რომის ოფისის ხელმძღვანელი, კიშორ ჯაიაბალანი აღიარებს, რომ პაპის განცხადება გადადგომის შესახებ, ბევრთან ერთად, მისთვისაც მოულოდნელი, შოკის მომგვრელიც კი იყო. თუმცა ექსპერტი იხსენებს, რომ ბენედიქტეს ჯერ კიდევ წლინახევრის წინ აქვს ნათქვამი, რომ პაპს, თუ ვეღარ გაუმკლავდა თავის მოვალეობებს, უნდა შეეძლოს არჩევანის გაკეთება გადადგომის სასარგებლოდ.

„ეს ძალიან რთული სამუშაოა, განსაკუთრებით, თუ უკვე 85 წლისა ხარ. ახალგაზრდა აღარ არის. თავის წერილში ის ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ „ამ დროს და ამ ასაკში ძალიან ძნელია, უნდა გქონდეს ძლიერი გონება ძლიერ ორგანიზმში - მე ეს აღარა მაქვსო“. ჩემი აზრით, მან გააცნობიერა, რომ ვერ უმკლავდებოდა ამოცანას. ყველა ეპისკოპოსს მთელ მსოფლიოში შეუძლია გადადგომა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რატომ არ უნდა შეეძლოს ამის გაკეთება რომის ეპისკოპოსს? ის, ალბათ, ასე ფიქრობს“ (ექსპერტის ამ განმარტების კონტექსტში შეგახსენებთ, რომ რომის პაპი რომის ეპისკოპოსია).

ბენედიქტე XVI - ერისკაცობაში იოზეფ რაცინგერი - 2005 წლის აპრილში - იოანე პავლე II-ის გარდაცვალების შემდეგ - აირჩიეს პაპად. ის ტრადიციების, კონსერვატიული ღირებულებების ერთგულ მიმდევრად არის მიჩნეული.

„ის გამოირჩევა, როგორც ქრისტიანული რწმენის მოძღვარი. ერთადერთი პაპია, რომელსაც იესო ქრისტეს ბიოგრაფია აქვს დაწერილი და, მართლაც, წარმატებული პროფესორი იყო, სანამ ეპისკოპოსი გახდებოდა, სანამ კარდინალი გახდებოდა, სანამ პაპი გახდებოდა. მას არც შემდეგ შეუწყვეტია რწმენის საკითხების კვლევა და სწავლება. და ის ემახსოვრებათ, აგრეთვე, როგორც კეთილშობილებითა და თავაზიანობით გამორჩეული ადამიანი“, ვარაუდობს ვატიკანის საკითხების ექსპერტი, ჟურნალისტი ჯერარდ ოკონელი.

თუმცა ბენედიქტე XVI-ს არაერთხელ გამოუწვევია კრიტიკული რეაქციებიც ამა თუ იმ საკითხზე - მათ შორის, ისლამსა ან ჰომოსექსუალთა ქორწინებაზე - გაკეთებული განცხადებებით.

ბენედიქტე XVI 28 თებერვალს გადადგება, რომის კათოლიკური ეკლესიის თითქმის რვა წლის წინამძღოლობის შემდეგ. ვატიკანის პრესმდივნის განცხადებით, რომელიც მან სამშაბათის ბრიფინგზე გააკეთა, გადადგომის შემდეგ ბენედიქტე აღარ მიიღებს მონაწილეობას ეკლესიის გაძღოლაში და არ ჩაერევა არც შემდეგ პაპის არჩევის პროცესში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG