Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი პაპს „გენოციდზე“ საუბრისთვის აკრიტიკებს


რომის პაპი ფრანცისკე
რომის პაპი ფრანცისკე

თურქეთი მკაცრად აკრიტიკებს რომის პაპ ფრანცისკეს სიტყვა „გენოციდისთვის“, რომელიც მან იხმარა ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურებისას. ფრანცისკეს ამ გამოსვლის მომდევნო დღეს ანკარამ გამოაცხადა, რომ ვატიკანიდან თავისი ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის.

საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში, 12 აპრილს ჩატარებულ წირვას,რომელიც სომეხთა ხოცვა-ჟლეტის მე-100 წლისთავს მიეძღვნა.

„გასულ საუკუნეში ჩვენმა, ადამიანთა, ოჯახმა სამი მასობრივი და უპრეცედენტო ტრაგედია გადაიტანა. პირველი, რომელიც ფართოდ არის მიჩნეული „XX საუკუნის პირველ გენოციდად“, თავს დაატყდა ჩვენს სომეხ ხალხს“, - განაცხადა რომის პაპმა ღვთისმსახურებისას, რომელსაც ესწრებოდნენსომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი და სომეხთა რელიგიური ლიდერები.

ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა დახოცვის „XX საუკუნის პირველ გენოციდად“ მოხსენიებით პაპმა თავისი ერთ-ერთი წინამორბედის ციტირება მოახდინა, კერძოდ, ციტირება განცხადებიდან, რომელსაც 2001 წელს ხელი მოაწერეს პაპმა იოანე პავლე II-მ და სომეხთა პატრიარქმა. ამდენად, ფრანცისკეს გამონათქვამი კათოლიკური ეკლესიის ლიდერის მხრიდან რაიმე სიახლე არ ყოფილა. თუმცა სიახლეა ის, რომ სომეხთა ტრაგედიასთან მიმართებით ცნება „გენოციდი“ პირველად წარმოთქვა პაპმა კათოლიკური სამყაროსცენტრში, წმინდა პეტრეს ტაძარში.

100 წლის წინ, პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვა და დეპორტაცია მართლაც ბევრ ისტორიკოსს მიაჩნია გენოციდად. სომეხთა გენოციდი აღიარებული აქვს 20-მდე ქვეყანას, მათ შორის - საფრანგეთს, კანადას, ლიტვას, შვედეთს, მაგრამ თურქეთი კატეგორიულად უარყოფს ასეთი შეფასების მართებულობას. ის აცხადებს, რომ 100 წლის წინ ოსმალეთის იმპერიაში გაცილებით ნაკლები სომეხი დაიღუპა. ამასთან, მიზეზი იყო, პირველ რიგში, სამოქალაქო დაპირისპირება და არა მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკა ქრისტიანული უმცირესობის გასანადგურებლად.

ის, რომ თურქეთისათვის მიუღებელია სომეხთა ხოცვა-ჟლეტის „გენოციდად“ შეფასება, კიდევ ერთხელ დადასტურდა რეაქციით, რომელიც მოჰყვა რომის პაპის 12 აპრილის გამოსვლას. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ იმავე დღეს გააკეთა შემდეგი განცხადება სტამბულში: „რელიგიური ლიდერებისაგან მოველით მშვიდობისაკენ მოწოდებას და ისლამოფობიისა და ანტიისლამური რიტორიკისათვის თავის არიდებას. პაპის განცხადებები არის ისტორიის არასწორი ინტერპრეტაცია და არასწორი წაკითხვა - ერთი ჯგუფის ტკივილის აღიარება და მეორის უგულებელყოფა. ეს განცხადება გზას უხსნის ევროპაში მზარდ რასიზმს და მუსლიმებსა და თურქებს კოლექტიურ დანაშაულში სდებს ბრალს. ამ განცხადებისთვის შერჩეული დრო ძალიან სამწუხარო, არასწორი და შეუსაბამოა“.

„განცხადებისათვის შერჩეულ დროში“ თურქეთის პრემიერ-მინისტრი, როგორც ჩანს, გულისმხობს იმ გარემოებას, რომ მოახლოებულია სადავო გენოციდის მე-100 წლისთავის აღსანიშნავი თარიღი - 2015 წლის 24 აპრილი.თურქეთის მხარე კრიტიკულ განცხადებას არ დასჯერდა: 13 აპრილს ვატიკანიდან გაიწვიეს თურქეთის ელჩი სამშობლოში კონსულტაციებისათვის.

ერევნელი პოლიტოლოგი სერგეი მინასიანი შეუსაბამოდ მიიჩნევს თურქეთის ასეთ რეაქციას თუნდაც იმიტომ, რომ ფრანცისკე არ არის პირველი პაპი, რომელმაც სომეხთა დახოცვა გენოციდად მოიხსენია.

„რეაქცია არ არის მთლად პროპორციული თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ, მართლაც, ცხადია, რომ ნებისმიერი განცხადება რომის პონტიფექსისა - კაცისა, რომლის აზრსაც ყურს უგდებს ასობით მილიონი კათოლიკე მთელ მსოფლიოში - საკმაოდ მნიშვნელოვანია. მაგრამ, მეორე მხრივ, ახალი არაფერი მომხდარა. ისიც ცხადია, რომ ისეთ ფონზე, როცა ყველაფერი, რაც გენოციდს უკავშირდება, სიმბოლური დატვირთვის მქონედ და მტკივნეულად აღიქმება როგორც სომხების, ისე თურქების მიერ, რეაქცია იყო ისეთი, როგორიც მოჰყვა ოფიციალური ანკარის მხრიდან“, - ეს შეფასება გამოთქვა ერევნელმა პოლიტოლოგმა ჩვენს რადიოსთან საუბრისას.

12 აპრილს რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში, ჩატარებული საგანგებო წირვა სომხებისთვის - და არამარტო მათთვის - მნიშვნელოვანი იყო იმის გამოც, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ „ეკლესიის მოძღვრის“ წოდება მიანიჭა X-XI საუკუნეების დიდ სომეხ პოეტსა და საეკლესიო მოღვაწეს გრიგორ ნარეკაცს. კათოლიკურ ეკლესიას მხოლოდ 35 მოღვაწისათვის აქვს მინიჭებული ეს წოდება. მათ შორის არიან ნეტარი ავგუსტინე და თომა აკვინელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG