Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამწვრობის ცენტრის ექიმები სამსახურის შენარჩუნებას ითხოვენ


თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამედიცინო ცენტრის - ე.წ. დამწვრობის ცენტრის - მედპერსონალის ნაწილმა სამედიცინო დაწესებულების წინ აქცია გამართა. მედპერსონალს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და კონსერვატიული პარტია შეუერთდა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ დამწვრობის ცენტრის მედპერსონალის შესაძლო შემცირებას, რაც იმითაა განპირობებული, რომ დამწვრობის ცენტრი უნდა გაუქმდეს და ის რეფერალური საავადმყოფოს (ყოფილი მე-5 საავადმყოფოს ) განყოფილებად გადაიქცეს. აქციის მონაწილენი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ პაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლების შემცირების გამოც.
ჩვენ გავარემონტეთ რეფერალურ საავადმყოფოში ფართი, რომელიც გაწერილი იყო მაგ შეთანხმებაში, და ამ ფართში გადადიოდა დამწვრობის ცენტრის განყოფილება და პაციენტები...

ე.წ დამწვრობის ცენტრის შენობის წინ შეკრებილი მედპერსონალის ნაწილი დღეს მოსალოდნელ უმუშევრობაზე ლაპარაკობდა. საქმე ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს მიერ გამოცხადდა ტენდერი 150 ადგილიანი საავადმყოფოს მშენებლობაზე. სატენდერო ლოტში 3 სხვა კლინიკასთან ერთად დამწვრობის ცენტრიც მოხვდა, ლოტის გამარჯვებული კი ფარმაცევტული კომპანია „პეესპეს“ შვილობილი შპს „ნიუ ჰოსპიტალი“ გახდა. შესაბამისად, ის გახდა დამწვრობის ცენტრის მფლობელიც. „ნიუ ჰოსპიტალმა“ ახალი საავადმყოფო კი ააშენა, მაგრამ მასში დამწვრობის ცენტრი არ შევიდა, რადგან, როგორც შპს „ნიუ ჰოსპიტალის“ დირექტორის მოადგილე თენგიზ ჯარმელაშვილი ამბობს, გარკვეული ცვლილება მოხდა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის სამინისტროსა და ყოფილ მე-5 საავადმყოფოს, ახლანდელ რეფერალურ კლინიკას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დამწვრობის ცენტრი რეფერალური საავადმყოფოს შემადგენლობაში უნდა გადასულიყო, როგორც განყოფილება. „ნიუ ჰოსპიტალმა“ ეს განყოფილებაც გაარემონტა.

”ჩვენ გავარემონტეთ რეფერალურ საავადმყოფოში ფართი, რომელიც გაწერილი იყო მაგ შეთანხმებაში, და ამ ფართში გადადიოდა დამწვრობის ცენტრის განყოფილება და პაციენტებიც, შესაბამისად, მოხვდებიან იქ. მაგრამ არანაირი ვალდებულება არც რეფერალურ საავადმყოფოს და არც ჩვენ [დამწვრობის ცენტრის] თანამშრომლებთან დაკავშირებით არ გვქონია”, - აცხადებს „ნიუ ჰოსპიტლის“ დირეტორის მოადგილე თენგიზ ჯარმელაშვილი.

რეფერალური საავადმყოფოს ადმინისტრაციამ დამწვრობის ცენტრის მედპერსონალის მიღება ტესტირების საფუძველზე გადაწყვიტა, დამწვრობის ცენტრის მედიკოსები კი აცხადებენ, რომ მათთვის ტესტირება მოულოდნელობა იყო. შეთანხმებულნი იყვნენ მხოლოდ გასაუბრებაზე და იმედი ჰქონდათ, რომ საავადმყოფოს პერსონალი მთლიანად გადავიდოდა რეფერალური საავადმყოფოს დაქვემდებარებაში არსებულ განყოფილებაში.

”[მედპერსონალს] უთხრეს, რომ გასაუბრება იქნება, მერე დაურიგეს ფურცლები და უთხრეს, რომ ტესტირება იქნება. პასუხები ჯერ არ მოსულა. ადმინისტრაციიდან ვიცით, რომ 40 თანამშრომელი გადადის, მაგრამ გუშინ და დღეს ისევ ხელშეკრულებების გაგრძელების პროცესი მიდის. 24 დეკემბრამდე უგრძელებენ ხელშეკრულებას თანამშრომლებს”, - ამბობს დამწვრობის ცენტრის მთავარი ექთანი მანანა ბრეგვაძე.
გვაქვს ჩვენი მიმღები, ჩვენი რეანიმაცია, განყოფილებები ბავშვთა - ცალკე, ცალკე - მოზრდილთა პალატები. იმ მხრივაც არის მოხერხებული, რომ არ დაგვჭირდება კონსულტანტების გამოძახება...

დამწვრობის ცენტრში ამჟამად 120 ადამიანია დასაქმებული. ცენტრი 60 პაციენტზეა გათვლილი. დღეს იქ 21 პაციენტი მკურნალობს, რეფერალური საავადმყოფოს დამწვრობის განყოფილება კი 17 პაციენტს მოემსახურება. დამწვრობის ცენტრის მედპერსონალი, გარდა კოლეგების ნაწილის უმუშევრად დარჩენისა, პაციენტებისთვის განკუთვნილი ადგილების ნაკლებობასაც აპროტესტებდა, თუმცა ამ აზრს არ იზიარებს გუგა ქაშიბაძე, დამწვრობის ცენტრის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. ის ამბობს, რომ ახალ განყოფილებაში ექიმისა და პაციენტისთვის პირობები გაცილებით გაუმჯობესებულია:

”გვაქვს ჩვენი მიმღები, ჩვენი რეანიმაცია, განყოფილებები ბავშვთა - ცალკე, ცალკე - მოზრდილთა პალატები. იმ მხრივაც არის მოხერხებული, რომ არ დაგვჭირდება კონსულტანტების გამოძახება. პედიატრია იქვეა, იქვეა რეანიმაცია; გვექნება 24-საათიანი ანალიზების გაკეთების საშუალება. რა თქმა უნდა, პაციენტისთვის და იმ ექიმებისთვის, ვინც იქ გადავა, გაცილებით უკეთესი პირობები იქნება, მაგაზე ორი აზრი არ არის.”

დამწვრობის ცენტრის მედპერსონალის მხარდასაჭერად მისული „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, მაგდა ანიკაშვილი, მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლოს და საზოგადოებისთვის საზიანოს უწოდებს. დამწვრობის ცენტრის საკითხს ქრისტიან-დემოკრატები პარლამენტში დააყენებენ უახლოეს სამთავრობო საათზე.
თუ ჩვენ გვყავს სამედიცინო პერსონალი, რომელიც, მიუხედავად 10-15-20-წლიანი სტაჟისა, ვერ პასუხობს ელემენტარულ კითხვებს, მაშინ ჩვენ სხვა კითხვა გვიჩნდება: რამდენად უსაფრთხოა ამ ადამიანების მუშაობა პაციენტებთან?..

ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია კი დამწვრობის ცენტრის მედიკოსებთან მიმართებაში შემდეგნაირია: ახალი ადმინისტრაცია - იგულიხმება რეფერალური საავადმყოფოს ადმინისტრაცია - უფლებამოსილია გარკვეული ტესტირების საფუძველზე შეარჩიოს მედპერსონალი, რაც მოხდა კიდევაც. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დოლიძე ამბობს, რომ ტესტირებაზე ელემენტარული კითხვები დაისვა, რომელსაც გარკვეული სტაჟის მქონე სამედიცინო პერსონალმა უნდა უპასუხოს და თუ მათთვის შეურცხმყოფელია ასეთ ტესტირებაში მონაწილეობა, მაშინ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა. იმის შესახებ, თუ რა კითხვაა ეს, თავად მიხეილ დოლიძე ლაპარაკობს:

”თუ ჩვენ გვყავს სამედიცინო პერსონალი, რომელიც, მიუხედავად 10-15-20-წლიანი სტაჟისა, ვერ პასუხობს ელემენტარულ კითხვებს, მაშინ ჩვენ სხვა კითხვა გვიჩნდება: რამდენად უსაფრთხოა ამ ადამიანების მუშაობა პაციენტებთან? თუმცა, საბედნიეროდ, ასეთი პრობლემა შეექმნა იმ ადამიანების ჯგუფს, რომელთაც უარი განაცხადეს შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე ან მიიღეს მონაწილეობა და ვერ გადალახეს ბარიერი. ასევე, რამდენადაც ვიცი, მათ წინასწარ იცოდნენ, რომ ასეთი შერჩევა მოხდებოდა.”

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მიხეილ დოლიძის სიტყვებით, იმ მედიკოსებს, რომლებიც რეფერალური საავადმყოფოს ახალ განყოფილებაში ვერ გადავლენ, შეუძლიათ სამსახური სხვა კლინიკებში ეძებონ. მიხეილ დოლიძის სიტყვებით, არც ერთი კვალიფიციური ექიმი სამსახურის გარეშე არ დარჩება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG