Accessibility links

logo-print

რა სჭირდება პოსტსაბჭოთა პერიოდის დასრულებას

  • ნინო როდონაია

ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში დასრულდა პოსტსაბჭოთა ეპოქა და თანამედროვე ტიპის დემოკრატიის მშენებლობა დაიწყო. რით უნდა გამოიხატებოდეს პოსტსაბჭოთა პერიოდის დასასრული და სრულფასოვანი დემოკრატიული აღმშენებლობა? - ამ თემებზე რადიო თავისუფლებას ესაუბრა სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის თანადირექტორი ნიკო მელიქაძე.

რადიო თავისუფლება: ბატონო ნიკო, რა არის ქვეყნის პოსტსაბჭოური მდგომარეობის ძირითადი განმსაზღვრელი?

ნიკო მელიქაძე: ეს უაღრესად სერიოზული საკითხია და მასში გარკვევა და ანალიზი დიდ ყურადღებას მოითხოვს. სერიოზულობას ის განაპირობებს, რომ საქართველოს პოსტსაბჭოური მდგომარეობის დაძლევა-არდაძლევაზე ფუნდამენტურად არის დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობის ძალისხმევის ეფექტურობა. ჩემი ხედვით, ეს არსებითად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რაოდენ ადეკვატურად იაზრებს საზოგადოება პოსტსაბჭოური მდგომარეობის შინაარსს და რა არის ყოველი ჩვეგანისათვის გადასალახი, რათა მოვახერხოთ რადიკალურად განსხვავებულ ფასეულობებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ხელისუფლების განცხადებამ პოსტსაბჭოთა პერიოდის დასრულების შესახებ, სამწუხაროდ, არც მედიაში, არც ფართო საზოგადოებაში და არც პოლიტიკურ სისტემაში არ მისცა სტიმული პოსტტოტალიტარული მდგომარეობის საზოგადოებრივი გააზრების პროცესს და შესაბამისად, არც შეფასების მცდელობას.

რადიო თავისუფლება: რაზეა დამოკიდებული ქვეყანაში პოსტსაბჭოთა ეპოქის დასრულება?

ნიკო მელიქაძე: ეს დამოკიდებულია არა ხელისუფლების მტკიცე გადაწყვეტილებაზე არ დაუშვას სახელმწიფო მართვის ავტოკრატიული ფორმები, არამედ იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პიროვნულად თავისუფალ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. პოსტსაბჭოთა საზოგადოება თავის შინაგანი ბუნებით ჯერ კიდევ ტოტალიტარული აზროვნების საზოგადოებაა. მისი აზროვნების ფორმა საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი კომპონენტია და მარტივად მისი შეცვლა უაღრესად რთულია. აღმშენებლობის მეთოდოლოგია კი, რომელსაც ტოტალიტარიზმი ეფუძნება, ფუნდამენტურად ტექნოკრატიულია და შესაბამისად, სოციალურ რეალობას, მის მამოძრავებელ მექნიზმებს მთლიანად მიზეზ-შედეგობრივ საფუძვლებზე იაზრებს. აზროვნების ეს ენა სრულიად შეუსაბამოა კონსტრუქციული ფიქრისთვისადამიანის არსებობის ისეთ პრობლემებზე, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ზნეობის, პიროვნული ავტონომიის, ფასეულობათა თავისუფალი არჩევის და სხვა ჰუმანიტარულ კატეგორიებზე. გასათვალისწინებელია ერთი არსებითი რამ. როცა საქართველო სუვერენული გახდა, ყოველი თავისუფალი სუბიექტისთვის ფუნდამენტური პრობლემა დაისახა - რა მოვინდომო და როგორ ვიმოქმედო? ის, რაც ჩვენ მოვინდომეთ, ანუ დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, ჩვენი კულტურის პროდუქტი არ არის. ის, რაც სხვა ერებმა თავისი ისტორიული ევოლუციის პროცესში თავისთვის ჩამოიყალიბეს, ჩვენ რაციონალური, მიზანმიმართული პოლიტიკით გვაქვს გასაკეთებელი. ეს უნიკალური სირთულის პრობლემაა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი აზროვნების ხარისხი ჩვენი ძალისხმევის შედეგის ხარისხის განმსაზღვრელი ხდება. ჩვენ ვიცხოვრებთ ისე, როგორ აზროვნებასაც მოვახერხებთ.

რადიო თავისუფლება: რამდენად სრულფასოვნადაა ჩართული საქართველო დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში?

ნიკო მელიქაძე: დემოკრატია თავისთავად უაღრესად რთული სისტემა და ამასთან, ხელოვნური კონსტრუქციაა. ის ადამიანების მუდმივი ძალისხმევით არსებობს მანამ, სანამ ეს ძალისხმევა არის. თუ ძალისხმევა არ არის, არ არის არც დემოკრატია. ევროპული დემოკრატია პიროვნული თავისუფლების და მისი სულიერი აქტივობის უნიკალურ შინაარსს ეფუძნება. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ევოლუციის პროდუქტის არსებითი ნიშანი ფორმის და შინაარსის ჰარმონიული შეთანხმებაა. ჩვენ, როგორც საზოგადოებას არასდროს გვიმსჯელია იმაზე, თუ როგორ ქვეყანას ვაშენებთ და რა არის დემოკრატია? რას ეფუძნება დემოკრატია და რატომ დემოკრატია? ჩვენ განვითარებული დასავლური დემოკრატიისგან ფორმების პირდაპირ გადმოტანით, კოპირებით დავიწყეთ აღმშენებლობა. როცა საქმე სოციალურ ინსტიტუტებს ეხება, კოპირება სირთულეებისგან აზროვნების დეზერტირობაა. ჩვენ ეს კოპირება მოვახდინეთ ისე, რომ კვლავ არ გვიმსჯელია არსებით საკითხებზე. მაგალითად, ვინ არის თავისუფალი პიროვნება, როგორია მისი, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქის ზნეობრივი პრიორიტეტები და სულიერი სტატუსი? ამავდროულად, თუ პოსტსაბჭოურ მენტალიტეტს ვერ დავძლევთ, მაშინ ჩვენი სანუკვარი ნატვრა, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს,“ ვერ შესრულდება. უნდა გვესმოდეს, რომ ილიას მოხევის მიერ თავის დროზე წარმოთქმული ეს ფორმულა ნიშნავს არა მხოლოდ სხვათა ნებისგან გათვისუფლებულად ცხოვრებას, არამედ დამოუკიდებლობას საკუთარი ჩვევების, ინტერესების, მიდრეკილებებისგან და სოციალური ბმებისგან გათავისუფლებას. უნდა გქონდეს მიზნისთვის რისკის გაწევის, სხვათა გაძღოლის გარეშე მოქმედების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. ევროპა 4 საუკუნე ამზადებდა პიროვნულად თავისუფალ ადამიანთა საზოგადოებას და თავისუფლებას არა როგორც პოლიტიკური მოწყობის ფორმას, არამედ როგორც სოციალურ კულტურას და საზოგადოებრივი ყოფის ნორმას. ჩვენ კი კულტურულად მოუმზადებელ ნიადაგზე ვამყარებთ ჩვენთვის უცხო ფორმებს.

რადიო თავისუფლება: რას ვიღებთ შედეგად?

ნიკო მელიქაძე: ჩვენს პოლიტიკურ ლექსიკონში ტერმინების სახიფათო აღრევა ხდება. ცვლილებებს, რომლებიც ქვეყანაში ხდება რეფორმებს ვეძახით. რეფორმა, ანუ ფორმის ცვლა, ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის ორგანიზაციული სტრუქტურების ცვლილება. რეალურად კი ჩვენ ასაგები გვაქვს ფუნდამენტურად განსხვავებულ ფასეულობათა სისტემაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი წყობა. ანუ არა რეფორმა, არამედ გარდაქმნა და თანაც სისტემური. ეს კი სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ამოცანაა, რომელსაც გააჩნია სრულიად სხვა ტექნოლოგია და გააზრების ფორმები. როცა ეს ორი საკითხი ერთმანეთში აღრეულია, იღებ იმას, რაც ჩვენ მივიღეთ.

რადიო თავისუფლება: რა სირთულეებს უკავშირდება საზოგადოებრივი გარდაქმნა, როგორც პოლიტიკური აზროვნების პრობლემა?

ნიკო მელიქაძე: ერთია, როგორ მოხდეს წარსულის გააზრება და მეორე, როგორ მოხდეს მომავლის რაციონალური გააზრება და აღმშენებლობაში კონსტრუქციული ჩართვა, რომ მივიღოთ არა დემოკრატია, არამედ საქართველოს დემოკრატია. ან, გვქონდეს არა კონსტიტუცია, არამედ საქართველოს კონსტიტუცია. თუ წარსული პრობლემად არის აღქმული, აუცილებელია ასეთი შეკითხვის დასმა: როგორ აღმოჩნდა ეს შესაძლებელი? მაგალითად, პირობითად წარმოვიდგინოთ, რომ უახლოეს წარსულში ჩვენ აღმოვჩნდით ავტორიტარული ძალადობის მსხვერპლი. თუ არ დაისმება შეკითხვა, როგორ დაუშვა ძალადობის ამხელა გამოცდილების მქონე პოსტსაბჭოთა ქვეყანამ ძალადობის რესტავრაცია, გაკვეთილს ვერ გამოვიტანთ. ეს კი თითოეული მოქალაქის ვალია. ჩვენ ვცხოვრობთ ისე, რომ არ ვუბრუნდებით ისტორიულ გამოცდილებას და გაკვეთილის გამოტანა არ გვინდა. სანამ ასეა, პოსტტოტალიტარული აზროვნების საზოგადოებად დავრჩებით.თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში მომავალი თავისით არ მოდის, ის ადამიანებს თავისი ძალისხმევით მოჰყავთ. აზროვნების ამ ფორმას სტრატეგიული აზროვნება ჰქვია. ეს ტერმინი ხშირად ისმის, მაგრამ მისი ჭეშმარიტი შინაარსი გახსნილი არ არის. ტერმინოლოგიური ქაოსის პირობებში ძნელია აზროვნებაში წესრიგის დამყარება.და თუ აზროვნებაში წესრიგი არ არის, ის არც რეალობაში მყარდება.

რადიო თავისუფლება: არის, თუ არა საქართველო ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა ქვეყანა?

ნიკო მელიქაძე: კულტურულად ეს დამოკიდებულია იმაზე გახდა თუ არა, ან გახდება, თუ არა პიროვნული თავისუფლება, ამ ტერმინის პოზიტიური შინაარსით, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის არსებობის ფორმა და სასიცოცხლო აუცილებლობა. პოლიტიკურად კი ეს დამოკიდებულია იმაზე შევძლებთ, თუ არა ჩვენი სოციალური ქცევისა და აზროვნების ავტომატიზმებში დავამკვიდროთ თავისუფალი, ანუ ზნეობრივი აზროვნების ფორმები ისე, როგორც ამას კანტი იყენებს. მას მოჰყავს ჰორაციუსის სიტყვები: sapere aude. ეს ნიშნავს, გაბედე იყო ბრძენი, გაბედე იყო საკუთარი თავი. ჩვენ აუცილებლობის სამყაროში ვცხოვრობთ. ამ სქემის პოლიტიკური ფორმა ასეთია - თუ ვარ ის, ვინც ვარ, თუ მოვინდომე ის, რაც მოვინდომე, თუ გამაჩნია ის რესურსები, რაც გამაჩნია და ვიმყოფები იმ გარემოში, რომელშიც ვიმყოფები, მაშინ აუცილებლობის წინაშე ვარ. უნდა ვიმოქმედო და რაც მთავარია, ვიაზროვნო სპეციფიკურად. თუ ამას არ გავაკეთებ, კვლავ პოსტსაბჭოურ ეპოქაში ვიცხოვრებ. ამ ეპოქიდან გამოსვლა პირველ ყოვლისა, არის არა პოლიტიკური, არამედ ზნეობრივი და კულტურული პრობლემა.
XS
SM
MD
LG