Accessibility links

კონფლიქტის გაყინვა შეიძლება, მოწესრიგება კი - არა


მავთულხლართები საქართველოს ტერიტორიაზე

მავთულხლართები საქართველოს ტერიტორიაზე

მსოფლიოში დღეს მრავალი ცხელი წერტილი, გაყინული თუ გაღვივებული კონფლიქტია; ბევრგან ისვრის იარაღი და იღუპებიან ადამიანები; გუშინდელი მეგობრები, მეზობლები და ნათესავები გათიშულნი არიან მავთულხლართიანი გამყოფი საზღვრებით და ხშირად მათ გამშველებლად თუ მათ შუამავლად გვევლინებიან იმ ქვეყნის ჯარისკაცები, რომელმაც ყველაფერი გააკეთა კონფლიქტის გასაღვივებლად. ამიტომ პოსტსაბჭოთა სივრცეში კონფლიქტის გაყინვა შეიძლება, მოწესრიგება კი - არა.

ასეთი გაყინული თუ ცხელი კონფლიქტების ნამდვილი ინკუბატორია პოსტსაბჭოთა სივრცე, სადაც საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ რამდენიმე ეთნიკურმა თუ პოლიტიკურმა კონფლიქტმა იჩინა თავი.

ამ კონფლიქტების გეოგრაფიას, რომელიც კავკასიიდან აღმოსავლეთ ევროპამდეა გადაჭიმული, ცოტა ხნის წინ დაემატა უკრაინა, სადაც რუსეთმა ჯერ ყირიმის ანექსია მოახდინა, შემდეგ კი, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების საინფორმაციო და სამხედრო მხარდაჭერით, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მცოცავი ანექსია დაიწყო. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში არსებულ ვითარებაზე გვიამბობს ჟურნალისტი ალექსეი მაცუკა, საინფორმაციო სააგენტო „დომბასის ამბების“ ხელმძღვანელი, რომელსაც საავტორო პროგრამა მიჰყავს რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურში. ორი თვის წინ, იმის გამო, რომ მის და მისი კოლეგების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, ალექსეი იძულებული გახდა დონეცკი დაეტოვებინა. ამჟამად „დონბასის ამბები“ მაუწყებლობს ქალაქ სლავიანსკში, რომელიც უკრაინის არმიამ სეპარატისტებისაგან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა. ალექსეი მაცუკას იმ დროს დავუკავშირდით, როდესაც რადიო თავისუფლებისათვის მორიგ საავტორო გადაცემას ამზადებდა.

ახლა დონეცკში სეპარატისტები მშვიდობიან კვარტალთა დაბომბვას განაგრძობენ ქალაქის გარეუბნებში, ისინი „გრადის“ ტიპის დანადგარიდან უშენენ ცეცხლს დონეცკის რაიონსა და მის ახლომდებარე სხვა ქალაქებს...

ალექსეი მაცუკა: „სამწუხაროდ, მე ახლა ვიმყოფები არა დონეცკში, არამედ კიევში, რადგან დონეცკში შეუძლებელია იმ ჟურნალისტების ყოფნა, რომლებიც დამოუკიდებლები და უკრაინის მოქალაქეები არიან, რადგან ადგილობრივი შეიარაღებული ნეონაცისტური ორგანიზაციები, რომლებიც თავს „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს“ უწოდებენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა უკრაინელმა ჟურნალისტებმა ვერ შეძლონ ნორმალური მუშაობა ქალაქ დონეცკის ტერიტორიაზე. კერძოდ, მათ რამდენჯერმე სცადეს შემოჭრილიყვნენ ჩვენს რედაქციასა და ჩემს საცხოვრებელ სახლში, გამუდმებით გვემუქრებოდნენ და დამიწვეს მანქანა. ამის გამო იძულებული გავხდით ჩვენი გაზეთის რედაქციის ევაკუირება მოგვეხდინა უფრო უსაფრთხო ქალაქში, რომელსაც ახლა უკრაინის არმია აკონტროლებს. თავად ქალაქ დონეცკში კი, ალბათ, აღარ დარჩა არც ერთი უკრაინული რედაქცია, რომელიც სრულფასოვნად მუშაობს, გარდა კომუნალური მიმართულების საინფორმაციო საშუალებებისა, რომლებიც შეიარაღებული სეპარატისტების მომხრეები არიან და რომლებშიც ის ე.წ. ჟურნალისტები საქმიანობენ, სვასტიკით სიარულსაც რომ არ ერიდებიან“.

რადიო თავისუფლება: ალექსეი, ძალიან ძნელია გულგრილად მოუსმინო თქვენს თავგადასავალს, მაგრამ ალბათ ჯობს, როგორც ჟურნალისტებმა, ვეცადოთ დისტანცირება შევძლოთ და არ გამოვიყენოთ ტერმინები, რომელთაც პროპაგანდისტული მიზნით შეიძლება ესა თუ ის მხარე იყენებდეს. მხედველობაში მაქვს მძიმე ტერმინი „ნაცისტები“, რაც, თუ მე სწორად გავიგე, თქვენ არა მარტო სეპარატისტების, არამედ ზოგიერთი მათი მომხრე ჟურნალისტის მისამართითაც იხმარეთ.

ალექსეი მაცუკა: რატომ ვუწოდებ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკას ნეონაცისტებს? სინამდვილეში, ამ ორგანიზაციაში არის რადიკალური ფრთა, რომელიც არ მალავს, რომ ედუარდ ლიმონოვის ნაციონალ-ბოლშევიკურ პოლიტიკურ პარტიას განეკუთვნება. ეს ამ რადიკალური დაჯგუფების ერთი ნაწილია. მეორეს კი წარმოადგენს ალექსანდრ დუგინის ევრაზიული კავშირის ახალგაზრდული ფრთა, რომელიც ასევე არ მალავს საკუთარ ნეონაციზმთან წილნაყარ კონსერვატიულ, რასისტულ შეხედულებებს და გენოციდის პოლიტიკას ქადაგებს. მეტიც, როდესაც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მებრძოლები გამოჩნდნენ ქალაქში, მათ დაიწყეს სხვა კანის ფერის მქონე ადამიანების დაპატიმრება, შედიოდნენ სინაგოგებში და ემუქრებოდნენ მათ მრევლს.

რადიო თავისუფლება: ალექსეი, მე მესმის თქვენი დამოკიდებულება, მაგრამ მოდი ამაზე საუბარს ნუ გავაგრძელებთ, რადგან თქვენ ამ სტუდიაში არ გყავთ ოპონენტი იმ მედიაორგანიზაციის სახით, რომელიც დონეცკელი თუ ლუგანსკელი სეპარატისტების პოზიციებიდან აშუქებს მოვლენებს და, კაცმა რომ თქვას, მე უფრო იმისთვის დაგირეკეთ, რომ თქვენგან მომესმინა, რა ხდება უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც განვლილი უქმე ძალიან მძიმე იყო და უკრაინის არმიამ 20-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. პრეზიდენტი პოროშენკო შურისგებით კი დაიმუქრა ამ ჯარისკაცების დახოცვის გამო, მაგრამ ორშაბათს სეპარატისტებმა „ან 26“ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავიც ჩამოაგდეს. რა ვითარებაა ამ ფონზე უკრაინაში, ზოგადად, და, კერძოდ, დონეცკში?

ალექსეი მაცუკა: ახლა დონეცკში სეპარატისტები მშვიდობიან კვარტალთა დაბომბვას განაგრძობენ ქალაქის გარეუბნებში, ისინი „გრადის“ ტიპის დანადგარიდან უშენენ ცეცხლს დონეცკის რაიონსა და მის ახლომდებარე სხვა ქალაქებს. ისინი ამას არც მალავენ და ამის შემოწმება მარტივად შეიძლება, თუ სოფელ მარიანკიში მოხვდები, რომელიც დანგრეული სახლებითაა სავსე. ამგვარად, სეპარატისტებმა აირჩიეს ტაქტიკა, ნგრევა მიაწერონ უკრაინის არმიის მიერ განხორციელებულ საარტილერიო იერიშს. ასეთივე ვითარებაა ლუგანსკშიც. უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ და ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ არ ჰქონიათ განზრახვა მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით ესროლათ, მაგრამ რადგან ეს ოლქები საინფორმაციო ბლოკადაში იმყოფებიან, სეპარატისტები ადგილობრივ მცხოვრებლებს ატყუებენ, რომ დაბომბვა უკრაინის არმიის მხრიდან წარმოებს. მეტიც, მართლმადიდებელი ეკლესია აგროვებს მრევლს, ადამიანებს ტაძრებში აგროვებს, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის. ანუ გამოიყენება იგივე ტექნოლოგია: წარმოებს დაბომბვა, ადამიანები კი ფეხმოუცვლელად დგანან და ლოცულობენ. გასაგებია, ადამიანებს თავს ახვევენ ამ შაბლონს, მათ ცოცხალ ფარად იყენებენ, რაც აღმაშფოთებელია.

რადიო თავისუფლება: გასაგებია თქვენი დამოკიდებულება, მაგრამ მინდა გკითხოთ, რას ფიქრობენ დონეცკელები ცენტრალური ხელისუფლებისა და სეპარატისტების დაპირისპირებაზე: ისინი ომის გაგრძელებას ემხრობიან თუ ცეცხლის შეწყვეტას და კონფლიქტის მშვიდობიან პოლიტიკურ მოწესრიგებას?

ალექსეი მაცუკა

ალექსეი მაცუკა

ალექსეი მაცუკა: დონეცკის საზოგადოების აზრი გაყოფილია. იქ ხალხს მართლაც მოუწევს არჩევანის გაკეთება ან „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“, ანდა ერთიანი უკრაინის სასარგებლოდ. და ვიდრე არ არსებობს ასეთი არჩევანი, პრობლემის რაიმენაირ მოგვარებაზე ლაპარაკიც შეუძლებელია, რადგან ინფანტილური არჩევანი „ჩვენ გვინდა მშვიდობა“, რაც ყველას უნდა ჩვენთან, - ეს ძალიან ზოგადი კონცეფციაა და ძალიან წააგავს სირაქლემას, რომელიც ქვიშაში ყოფს თავს. რას ნიშნავს „მშვიდობა გინდა“? ვისთან ერთად გინდა მშვიდობა - უკრაინასთან, რუსეთთან, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა“ თუ ზიმბაბვესთან ერთად? - ვეკითხებით მათ. ისინი გვპასუხობენ, რომ არ სურთ ამ დაპირისპირებაში ჩარევა. ნახეთ, თვით დონეცკის მერსაც კი, რომელიც კიევში იმყოფება, აქაც კი არ შეუძლია შექმნას რაიმე წინააღმდეგობის მოძრაობა და ადამიანებს სტიმული მისცეს. ავიღოთ სლავიანსკი, რომელიც უკრაინის არმიამ ორი კვირის წინ გაათავისუფლა. ჩვენ ახლა სლავიანსკში ვმუშაობთ, იქ გადავიტანეთ ჩვენი გაზეთის რედაქცია და ვხედავთ, რომ დონეცკის მცხოვრებლები ვერ ბედავენ ჩამოვიდნენ უწინ ტერორისტების მიერ დაპყრობილ, ახლა კი განთავისუფლებულ ქალაქ სლავიანსკში და, უბრალოდ, დაეხმარონ ქალაქის მცხოვრებლებს თუნდაც დასუფთავებაში, სკოლებსა და დაწესებულებებში წესრიგის ორგანიზებაში.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს, ალექსეი, რა შეგიძლიათ გვითხრათ, როგორც თვითმხილველმა, მოხალისეებზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტების მხარეზე ოსი, ჩეჩენი და სხვა ჩრდილოკავკასიელები იბრძვიან, მაშინ როცა უკრაინის ეროვნული გვარდიის რიგებში თითქოს ქართველი მოხალისეები უნახავთ.

ალექსეი მაცუკა: სინამდვილეში ასეთი ინფორმაცია ახლა არ გავრცელებულა. საკმარისია გაიაროთ ილიჩის მოედანზე, - არსებობს ჩვენთან ასეთი პროსპექტი, - სადაც რამდენიმე ბლოკ-საგუშაგოზე წააწყდებით იარაღში ჩამჯდარ ადამიანებს, რომლებიც არა უკრაინულ ანდა რუსულ, არამედ ჩვენთვის გაუგებარ რაღაც ენაზე საუბრობენ. არ ვიცი ოსები არიან თუ არა, მაგრამ გარეგნობით ისინი აშკარად კავკასიელებს ჰგვანან და მათი მოტივაციაც გასაგებია: ადგილზე გასამრჯელოს მოპოვება. ეს კი ხდება ბიზნესმენებისათვის მანქანებისა და ფულის შეწერით, აშინებენ ადამიანებს, ითხოვენ გამოსასყიდს. ერთი სიტყვით, ისინი აქ გამორჩენისათვის არიან ჩამოსულები.

რადიო თავისუფლება: მაგრამ თქვენ არაფერი გითქვამთ მოხალისეებზე უკრაინის არმიის მხარეზე. გინახავთ ან გსმენიათ თქვენ რაიმე ანტიტერორისტულ ოპერაციაში ქართველის თუ რომელიმე სხვა ეროვნების მოხალისეების შესახებ? მათ მოტივაციაზე რას გვეტყოდით?

ალექსეი მაცუკა: გულახდილად გეტყვით, რომ უკრაინის არმიაში ქართველები არსად შემხვედრიან. ჩვენი ჟურნალისტები მუშაობენ და გადაადგილდებიან ეროვნულ გვარდიასთან, შინაგანი ჯარების ნაწილებთან, სპეცდანიშნულების ბატალიონებთან „აზოვსა“ და „აიდართან“ ერთად და რატომღაც ჩვენ არსად გვინახავს არც ქართველი, ამერიკელი თუ ვინმე სხვა. ყველგან არიან ჩვენი, უკრაინელი ბიჭები. ხოლო „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ საგუშაგოებზე ჩვენ ვაფიქსირებთ ოსებსაც და სხვადასხვა კავკასიური აქცენტით რუსულად მოლაპარაკე სხვა ადამიანებსაც, რომლებიც აბსოლუტურად ვერ ერკვევიან ვერც დონეცკის გეოგრაფიულ, პოლიტიკურ თუ მედიალანდშაფტში.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მოლდავეთს სულ უფრო აშფოთებს ვითარება დნესტრისპირეთის რეგიონში, რომელიც ცდილობს გააძლიეროს მოსკოვთან ურთიერთობა მას შემდეგ, რაც მოლდავეთმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. ტირასპოლმა კიშინიოვს ცოტა ხნის წინ „ცივილიზებული განქორწინებაც“ შესთავაზა. მოლდავეთის ხელისუფლება, რომელიც შეშფოთებით ადევნებს თვალს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, მშვიდად ხვდება და უპასუხოდ ტოვებს ტირასპოლის ასეთ პროვოკაციულ გამოხდომებს და თავის მხრივ სულ უფრო აძლიერებს სავაჭრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ევროკავშირთან, რაშიც მოლდავეთს რუმინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა ეხმარება. და იმ დროს, როდესაც თვით მოლდავეთის შიგნითაც კი ბევრი კრიტიკოსი ჰყავს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების „5+2“-ის ფორმატის სამშვიდობო პროცესს, კიშინიოვი ამტკიცებს, არსებული სამშვიდობო მექანიზმი სიცოცხლისუნარიანია და მას თავი არ ამოუწურავსო. მოლდავეთის ევროინტეგრაციის საქმეთა ვიცე-პრემიერს ეუჯენ კარპოვს კვირის დასაწყისში ჩემი მოლდაველი კოლეგა ვალენტინა ურსუ ესაუბრა დნესტრისპირეთის კონფლიქტის გარშემო და, კერძოდ, ტირასპოლის კონცეფციაზე, რაც მოლდავეთისა და კიშინიოვის „ცივილიზებულ გაყრას“ ითვალისწინებს.

ეუჯენ კარპოვი

ეუჯენ კარპოვი

ეუჯენ კარპოვი: „ამ კონცეფციას ჩვენ ერთმნიშვნელოვნად აღვიქვამთ, როგორც სამშვიდობო პროცესის დამანგრეველს, რადგან ეს კონცეფცია მოკლებულია ნებისმიერ იურიდიულ და პოლიტიკურ საფუძველს და წინააღმდეგობაშია საერთაშორისო ურთიერთობებთან. არსებობს რეალობა, რასაც ანგარიში უნდა გაეწიოს. არსებობს მოლდავეთის რესპუბლიკა, აღიარებული იმ საზღვრებში, რომელიც საბჭოთა კავშირის დროისათვის არსებობდა. არ მოიძებნება არც ერთი საერთაშორისო სუბიექტი, რომელიც ასეთი „განქორწინების“ იდეას მხარს დაუჭერდა. რუსეთის ფედერაცია, რომლის დიდი მხარდაჭერითაც სარგებლობს დნესტრისპირეთის რეგიონი, საერთაშორისო დონეზე და პოლიტიკურ დონეზე მოლდავეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უჭერს მხარს“.

მაგრამ ხომ არ არის ეს თვალთმაქცობა რუსეთის მხრიდან, ანუ ხომ არ ახმოვანებს ტირასპოლი მოსკოვის იდეას მოლდავეთის ფედერალიზაციის შესახებ, როგორც ამას მიიჩნევს გამოსავლად კრემლი აღმოსავლეთ უკრაინის შემთხვევაში? ევროინტეგრაციის საქმეთა ვიცე-პრემიერი ეუჯენ კარპოვი აცხადებს, რომ 2000-იან წლებში ფედერალიზაციის იდეა მოლდავეთშიც განიხილებოდა, მაგრამ ყველა მიხვდა, რომ ეს ხაფანგი იყო.

ეუჯენ კარპოვი: „ფედერალიზაციის იდეა მოლდავეთშიც განიხილებოდა. თუ გავიხსენებთ 2000-იან წლებს, მაშინაც არსებობდა სპეციალური კომისია, რომელიც ფედერალური სახელმწიფოს, მოლდავეთის რესპუბლიკის ახალ კონსტიტუციაზე მუშაობდა, შემდეგ იყო კოზაკის გეგმის სახელით ცნობილი რუსული იდეა, მაგრამ არც ერთ ამ ინიაციატივას არ მოჰყოლია განხორციელება და არ მისულა ბოლომდე. და აქ კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ ვერ იმუშავა ვერც ერთმა ამ პროექტმა, რატომ ჩაიფუშა ისინი. პასუხი ერთმნიშვნელოვანია: მოლდავეთის საზოგადოება ძალიან სწრაფად მიხვდა, რომ ეს იყო მკვდრადშობილი, არაეფექტური გეგმები - ხაფანგები, რომლებიც დაასუსტებდა მოლდავეთის სახელმწიფოს და მათი მიღება არც ერთი სარჩულით არ შეიძლებოდა“.

ეუჯენ კარპოვი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან მოლდავეთის ასოცირების შეთანხმებამ არ უნდა გააღიზიანოს რუსეთი და არ უნდა განაწყოს იგი მოლდავეთზე ზეწოლისათვის.

ეუჯენ კარპოვი: რუსეთის ფედერაცია მოლდავეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო, ეკონომიკური პარტნიორია, რომელსაც უდიდესი კულტურული პოტენციალი აქვს. ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა გარკვეული ტრადიცია, ჩვენ გვაერთიანებს კავშირები, რომლებსაც ვერ ჩამოწერ, მაგრამ, ამასთან, უნდა ვხელმძღვანელობდეთ იმ პრინციპით, რაც ევროპისათვის ფუძემდებლურია: „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“. სხვაგვარად თუ ვიტყვით, რუსეთის ფედერაციამ უნდა გააცნობიეროს, რომ რეგიონი მრავალფეროვანია და რომ მოლდავეთს საკუთარი გზა აქვს. მოლდავეთის რესპუბლიკა ლათინური სახელმწიფოა, ევროპული ტრადიციებისა და ევროპული ცივილიზაციის მქონე სახელმწიფო, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფით და იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ იმ პუნქტს, რომელიც ავირჩიეთ - ევროპის კავშირს“.

მიჩნეულია, რომ რაკი რუსეთის ხელი ურევია, პოსტსაბჭოთა სივრცეზე არსებული ყველა კონფლიქტი მეტ-ნაკლებად ერთმანეთს წააგავს, თუმცა დნესტრისპირეთის შემთხვევაში რუსეთი ვერ წავიდა ისე შორს, როგორც აფხაზეთის ანდა სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში მოიქცა. მეტიც, როგორც ჩემი კოლეგა ანდრეი ბაბიცკი აცხადებს, ტირასპოლისა და კიშინიოვის ურთიერთობაში არსებული დაძაბულობა არაფრით აისახება ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებიც საზღვარზე დაუბრკოლებლად გადაადგილდებიან.

ანდრეი ბაბიცკი

ანდრეი ბაბიცკი

ანდრეი ბაბიცკი: „იქ არ არსებობს ისეთი მწვავე დაპირისპირება, როგორიც, მაგალითად, აფხაზეთსა და ოსეთს აქვთ საქართველოსთან. იქ კოლოსალური რაოდენობის კავშირები და კონტაქტებია. ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან კიშინიოვსა და ტირასპოლს შორის. არსებობს სამეურნეო, სამართლებრივი, ადამიანური და სხვადასხვა სახის კავშირები. საერთოდ, პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი დნესტრისპირეთში სავსებით მზად არის წავიდეს ფედერალიზაციაზე“.

როდესაც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ამბოხი დაიწყო, ბევრი ვარაუდობდა, რომ რუსეთის სამიზნე გახდებოდა დნესტრისპირეთიც და მოსკოვი შეეცდებოდა უკრაინის საზღვარზე მდებარე ამ პრომოსკოვური ანკლავიდანაც შეექმნა პრობლემები უკრაინის ახალი ხელისუფლებისთვის, მაგრამ პირქუში პროგნოზები არ გამართლდა.

ანდრეი ბაბიცკი: „თავიდან ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ დნესტრისპირეთი შეიძლებოდა გამხდარიყო პლაცდარმი, რომლის გავლითაც დაიძვრებოდა რუსეთის სამხედრო ძალა და შეუერთდებოდა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის დაჯგუფებას. მაგრამ ეს აღმოჩნდა საკმაოდ გულუბრყვილო ვარაუდი, რადგან დნესტრისპირეთში რუსეთს ძალიან მცირერიცხოვანი სამხედრო ძალა ჰყავს, სადღაც 1200 კაცამდე, რაც ასეთი ამოცანის შესასრულებლად არასაკმარისია. გარდა ამისა, ვითარება დნესტრისპირეთში კონტროლდება, სამშვიდობო პროცესში მონაწილეობს ევროპაც, რის გამოც უსაფუძვლოა შიში, თითქოს რუსეთს დნესტრისპირეთში რაღაც სერიოზული ძალები გააჩნდეს. თავად დნესტრისპირეთისათვის კრიზისი უკრაინაში სერიოზული გამოწვევაა, რადგან დნესტრისპირეთისათვის უკრაინა არის მთავარი ტრანზიტული ქვეყანა, რომლის გავლითაც დნესტრისპირეთში დამზადებული საქონელი გადაიზიდება რუსეთში და არამარტო რუსეთში. იქ ექსპორტის 30 პროცენტი მოდის ევროპაზე, დანარჩენი კი მოლდავეთსა და რუსეთში მიდის. შესაბამისად, ტირასპოლს არ სურს ვითარების გამწვავება უკრაინასთან, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი დნესტრისპირეთიდან სწავლობს და მუშაობს უკრაინაში და თუკი უკრაინასთან საზღვარი დაიკეტება, როგორც ერთხელ უკვე მოხდა 2006 წელს, ეს დნესტრისპირეთისათვის კატასტროფის ტოლფასი იქნება“.

სანამ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და არავინ იცის, ვის დარჩება გამარჯვება, დნესტრისპირეთის ხელისუფლება სიმშვიდეს ინარჩუნებს, რადგან სეპარატისტულ ანკლავს, რომელსაც დასავლეთიდან მოლდავეთი, ხოლო ჩრდილოეთიდან უკრაინა ესაზღვრება, კარგად ესმის, რომ უკრაინასთან ურთიერობის გაფუჭება მას სრული ეკონომიკური იზოლაციით ემუქრება. მაგრამ ამ ვითარებაში კიდევ უფრო შორსმჭვრეტელურად იქცევა კიშინიოვი, რომელიც არ ცდილობს სათავისოდ გამოიყენოს უკრაინისა და რუსეთის საომარი დაპირისპირება და არ აპირებს სამხედრო გზით დაეპატრონოს დნესტრისპირეთის პრორუსულ ანკლავს, რაც არცთუ ისე შორეულ მომავალში შესაძლოა სწორი დიპლომატიური სვლებით გახდეს შესაძლებელი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG