Accessibility links

logo-print

პრაღაში გაიმართა რუსი და ქართველი ექსპერტების შეხვედრა


ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე

პრაღაში დასრულდა ქართულ-რუსული არაფორმალური, საინფორმაციო-საექსპერტო შეხვედრა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. ამ შეხვედრის აუცილებლობა გაჩნდა იმის გათვალისწინებით,რომ საქართველომ 27 ივნისს ევროკავშირთან გააფორმა ასოცირების შეთანხმება, კერძოდ, რუსეთის მხარეს აინტერსებს, ხომ არ იქონიებს ეს რაიმე გავლენას რუსეთ-საქართველოს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებზე. "ჩვენი აზრით, ევროპელი ექსპერტების აზრით, და ზოგადად ობიექტურად, არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს ამ ორ მიმართულებას შორის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა, ელჩმა ზურაბ აბაშიძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. „მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს ექნება თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთანაც და ეს სრულებით არ მოდის წინააღმდეგობაში მეზობელ ქვეყნებთან, კერძოდ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებთან და იმასთან, რომ მათთანაც გვქონდეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი“, - აღნიშნა აბაშიძემ. პრაღის შეხვედრაში რუსეთიდან მონაწილეობდნენ ეკონომიკის განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ციბულსკი, ამავე სამინისტროს წარმომადგენელი პარანოვა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გორელოვი. საქართველო წარმოდგენილი იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის, ლალი ღოღობერიძის, მისი მოადგილის, მარიამ გაბუნიას და საგარეო საქმეთა მრჩევლის, სალომე სალუქვაძის მიერ. 9 ივლისს კი პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის, შეხვედრა გაიმართება.

XS
SM
MD
LG