Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი დიზაინერი პრაღის მოდის კვირეულზე


ნატალია ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენება პრაღის მოდის კვირეულზე
ნატალია ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენება პრაღის მოდის კვირეულზე
პრაღის მოდის კვირეულზე, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ დასრულდა, 20 სექტემბერს გაიმართა ნატალია ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენება. ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის რიგით მესამე კოლექცია საფირმო ნიშნით „ნატაშ“ 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მოდელებს აერთიანებს.

„მერსედეს-ბენცის“ სპონსორობით გამართულ მოდის კვირეულზე წარმოდგენილ კოლექციას ეწოდება „ზაფხულის ოცნება“, რადგან, როგორც
შესვენებისას (პრაღის მოდის კვირეული)
შესვენებისას (პრაღის მოდის კვირეული)
თავად ნატალიამ გვითხრა, ამ კოლექციაზე ის ზამთრის ცივ დღეებში მუშაობდა. 25 სილუეტის, ხუთი ფეხსაცმლისა და სხვადასხვა სახის აქსესუარების ჩვენება სამ ნაწილად გაიმართა. ჩვენების დასაწყისში საზოგადოებამ იხილა ქალის ყოველდღიური ტანისამოსი, რომელიც შემდეგ მოდურმა, თანამედროვე სტილის ნამუშევრებმა შეცვალა. დასკვნით ნაწილში კი დიზაინერმა წარმოადგინა ქალის საღამოს კაბები. ნატალია ჩხიკვაძის მოდელების ჩვენებაზე დარბაზში აშკარად ჭარბობდნენ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები. აი, რა გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა, ანა ფრანგულაშვილმა, წარმოდგენის დასრულების შემდეგ.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, აღფრთოვანებული ვარ ნატალიას მონაცემებით ზოგადად, ძალიან ნიჭიერია. ეს კოლექცია შედარებით სპორტული იყო და ძალიან მოგვეწონა ფეხსაცმელები, ეს რაღაც კედური სტილის რაღაცები, კაბებიც ასევე და რა ვიცი, ძალიან კმაყოფილები ვართ.“

ანა ფრანგულაშვილი, დამთვალიერებელი
ანა ფრანგულაშვილი, დამთვალიერებელი
25 წლის ნატალია ჩხიკვაძე უკვე ხუთი წლის ასაკიდან პრაღაში ცხოვრობს. 2011 წელს მან ბებიის, უფროსი ნატალია ჩხიკვაძის დახმარებით დააარსა ბრენდი სახელწოდებით „ნატაშ“. ბებიის გარდაცვალების შემდეგ უმცროსმა ნატალიამ შექმნა პირველი კოლექცია ბაბუის, ცნობილი მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძის მიერ შესრულებული ესკიზების მიხედვით. ამ კოლექციას ეწოდა „იდიოტიზმი“, რადგან რამაზ ჩხიკვაძე საკუთარ ჩანახატებს სწორედ ასე მოიხსენიებდა.

პრაღის მოდის კვირეულზე ნატალია ჩხიკვაძის ნამუშევრების ჩვენებას ქართველი მაყურებელიც ჰყავდა, მათ შორის საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ზაალ გოგსაძე. ნატალია ჩხიკვაძის ნამუშევრები მან ასე შეაფასა:

საქართველოს ელჩი ჩეხეთში ზაალ გოგსაძე
საქართველოს ელჩი ჩეხეთში ზაალ გოგსაძე
„გვიხარია, რომ ქართველები ასე წარმატებული არიან, ეს არის მოდის ბიზნესი, ძალიან პრესტიჟული ბიზნესი და ნატაშა ერთ-ერთი წარმატებული დიზაინერია.“

ნატალია ჩხიკვაძე თავის ნამუშევრებს მხოლოდ ჩეხი მომხმარებლისთვის არ ჰქმნის. თავისი პირველი კოლექცია სახელწოდებით „იდიოტიზმი“ მან 2012 წლის თებერვალში წარუდგინა მოდის თბილისელ მოყვარულებს.

ხოლო მეორე, 2012/2013 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც დეკორატიული ქსოვილებით არის შექმნილი, პრაღაში გაიმართა. ამ კოლექციაში დიზაინერი ხაზს უსვამს ერთდროულად როგორც ქალურობას, ასევე „სუსტი“ სქესის ძლიერ მხარესაც.

პრაღაში მოღვაწე დიზაინერი ნატალია ჩხიკვაძე
პრაღაში მოღვაწე დიზაინერი ნატალია ჩხიკვაძე
ამჟამად ნატალია ჩხიკვაძე პრაღაშია და მუშაობას განაგრძობს უფრო მასშტაბური სცენის დასაპყრობად.

„ნელ-ნელა, მე მგონი, ვიქაჩები როგორც შემიძლია, Fashion Week-ზე თვითონ პატიჟებენ დიზაინერებს, ასევე Show Room-შიც ძალიან ვიწრო არჩევანს აკეთებენ. და იმედი მაქვს, რომ ის ფაქტი, რომ მე აქ ვარ, ნიშნავს იმას, რომ მე შედარებით წარმატებული ვარ.“

ნატალია ჩხიკვაძესთან ერთად, პრაღის მოდის კვირეულში 35-მდე დიზაინერი მონაწილეობდა. ჩხიკვაძის შემოქმედებით დაინტერესებულ მომხმარებელს მისი ნამუშევრების ნახვა მისსავე ოფიციალურ ვებსაიტზე შეუძლიათ.

რეპორტაჟი მოამზადეს ნინო ბაქრაძემ და ნინო გაგუამ.
XS
SM
MD
LG