Accessibility links

პრაღის "გეი-პრაიდი" - ძალადობრივი დაპირისპირების გარეშე


"გეი-პრაიდის" მონაწილეები პრაღის ცენტრში

"გეი-პრაიდის" მონაწილეები პრაღის ცენტრში

გასულ შაბათს, 18 აგვისტოს, პრაღაში გაიმართა ეგრეთ წოდებული „გეი პრაიდ ფესტივალი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის დედაქალაქში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ათასობით ჰომოსექსუალმა და მათმა მხარდამჭერებმა. აქციის მონაწილეები ვაცლავის მოედანზე შეიკრიბნენ და იქიდან მოაწყვეს სვლა მდინარე ვლტავის სანაპიროზე. აქციის რამდენიმე მონაწილეს, ასევე, მისი ჩატარების მოწინააღმდეგეებს ესაუბრნენ დეა კურკუმული, ირინე კურტანიძე და თამარ ღვინიანიძე.

პრაღის 2012 წლის „გეი პარადში“ ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ჩეხეთის დედაქალაქში ეს ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება და მისი მთავარი მიზანი LGBT საზოგადოების მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაა. ფერადი და ხმაურიანი მსვლელობა ვაცლავის მოედნიდან დაიწყო და მდინარე ვლტავის ერთ-ერთ კუნძულზე დასრულდა. „გეი პარადის“ მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც ადგილობრივები, ისე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შევხვდით ქართველ ტურისტებსაც, რომლებმაც ჩვენთან საუბარში, საქართველოში ასეთი პარადების მშვიდობიანად ჩატარების სურვილი გამოთქვეს.
ვაცლავის მოედანი აქციის მონაწილეებით გაივსო

ვაცლავის მოედანი აქციის მონაწილეებით გაივსო


„მე ვარ დღეს ჩამოსული ქართველი ტურისტი“, - გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა. – „ძალიან გამიხარდა, რომ ამ ტიპის ღონისძიება ტარდება პრაღაში. ამ ქალაქში პირველად ვარ. ძალიან მაგარია ასეთი მასშტაბის 'გეი-პრაიდი'! ყველაზე კარგი კი ის არის, რომ დღემ აგრესიის გარეშე ჩაიარა.“

ჩეხეთის პოლიციის ოფიციალური ცნობით „გეი პარადს“ 10-დან 15 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. მონაწილეებს შორის იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რუსული პანკ-ჯგუფის, „პუსი რაიოტის“ მხარდამჭერები და ისინი, ვისაც, უბრალოდ, საკუთარი აზრის გამოხატვის სურვილი ამოძრავებდა. მსვლელობა სავსე იყო ათასგვარ საკარნავალო კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანებითა და ფერადი, მხიარული წარმოდგენებით. ქუჩაში გამვლელთა უმრავლესობა სანახაობით ინტერესდებოდა და გზადაგზა უერთდებოდა კიდეც მსვლელობას.
კარინ კრაიერი

კარინ კრაიერი

პარადის ერთ-ერთი მონაწილის, კარენ კრაიერის შეფასება ასეთი იყო: „აქ იმისთვის ვარ, რომ მხარი დავუჭირო გეი პარადს. ჩემი აზრით უბრალოდ სასაცილოა, როდესაც საზოგადოება მათ არ აღიარებს. პრაღაში ერთი წლის წინ ჩამოვედი და, ვფიქრობ, არაჩვეულებრივია, რომ ხალხი ამ ყველაფერს საზეიმოდ აღნიშნავს.“

წინააღმდეგობის გარეშე არც ამ ყველაფერს ჩაუვლია. აქციის მონაწილეთა მსვლელობა ვაცლავის მოედანზე, 12 საათზე დაიწყო. მაგრამ „გეი პარადზე“ მისულ ხალხს იქ ქრისტიან-დემოკრატებისა და სხვა კონსერვატული ჯგუფების წარმომადგენლები დახვდნენ. ისინი აპროტესტებდნენ ამგვარი მსვლელობების ჩატარებას, ერთსქესიან ურთიერთობებსა და ასეთი ღონისძიებების პროპაგანდაში სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტიების ჩართულობას. აი, რა გვითხრა ამასთან დაკავშირებით პრაღის წმინდა იოსების სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა მიხალ სემინმა: „ეს არის პროტესტი ‘პრაგ პრაიდისა’ და, განსაკუთრებით, იმ ფაქტის წინააღმდეგ, რომ მისი ორგანიზება პრაღის მერის მფარველობით ხდება. პოლიტიკა და მედია მხარს უჭერენ ამ ყველაფერს, მათ შორის საზოგადოებრივი ტელევიზია, რომელიც გადასახადების გადამხდელი მოსახლეობის მიერ ფინანსდება. ჩვენ არასწორად მიგვაჩნია, როდესაც საზოგადოებრივი ინსტიტუტები და პოლიტიკოსები მხარს უჭერენ ისეთი ცხოვრების წესს, რომელსაც საზოგადოებისთვის კარგი არაფერი მოაქვს.“
აქციაზე მრავლად იყვნენ მისი ჩატარების მოწინააღმდეგეებიც

აქციაზე მრავლად იყვნენ მისი ჩატარების მოწინააღმდეგეებიც


მიხალ სემინს ეთანხმება შორიახლოს მდგომი პრაღელი, პეტრ ნობილისი, რომლის თქმით, აუცილებელია, მომავალმა თაობამ იცოდეს, რომ ოჯახს დედა და მამა ქმნიან: „ჩვენ ქრისტიანები ვართ და მჯერა, რომ ამ ქვეყანას ნორმალური ოჯახები სჭირდება. ჩვენ შვიდი შვილი გვყავს და გვინდა, რომ ამ ბავშვებმა ნორმალურ გარემოში იცხოვრონ. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ოჯახს დედა და მამა ქმნიან. ჩვენი შვილები ოჯახის ცნების საწინააღმდეგოდ არ უნდა აღიზარდონ. ჩვენთვის ეს ღმერთის წინააღმდეგ გალაშქრებას ნიშნავს.“

მიუხედავად იმისა, რომ მსვლელობისას თავი მოიყარა ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული შეხედულებების ხალხმა, დღემ დაძაბულობის გარეშე ჩაიარა. მსვლელობის შემდეგ მხიარულება სტრელეცკის კუნძულზე გაგრძელდა.
"ღმერთს გეებიც უყვარს"

"ღმერთს გეებიც უყვარს"


„ჩემი აზრით, ეს ბრწყინვალე რამაა“, - გვეუბნება აქციის ერთი მონაწილე - „რადგან აქ ლაპარაკია ადამიანის თავისუფლებაზე და, ვფიქრობ, ეს ქვეყანა თავისუფალია. რატომ არ უნდა იმართებოდეს ისეთი 'გეი-პარადი', როგორიც დღესაა?“

პრაღის „გეი პარადის“ ორგანიზატორია ასოციაცია Prague Pride, რომელიც 2010 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქვეყანაში LGBT საზოგადოების თანასწორუფლებიანობასა და მის მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG