Accessibility links

logo-print

აფხაზებსა და ოსებთან შერიგების გზა მედიცინაზეც გადის


გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი

როდესაც ქართველების აფხაზებსა და ოსებთან შერიგების პერსპექტივებზე ლაპარაკობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენად ჯანდაცვასა და სამედიცინო მომსახურებას განიხილავს. ამ შინაარსის განცხადებები გიორგი კვირიკაშვილმა 24 ივლისს სამეგრელოში სტუმრობისას გააკეთა. შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში სამედიცინო სერვისების საგანგებო მნიშვნელობას არასამთავრობო სექტორშიც უსვამენ ხაზს. ოფიციალური სტატისტიკით, ყოველწლიურად იმატებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულ პაციენტთა რიცხვი, რასაც ეჭვითა და შიშით უყურებენ დე ფაქტო რესპუბლიკათა ხელისუფალნი.

უნდა შევურიგდეთ აფხაზებს, ოსებს, უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კვირას, სამეგრელოში სტუმრობისას, როცა ის ადგილობრივებს პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენდა. აფხაზ და ოს ხალხთან შერიგებისა და მშვიდობიანად თანაცხოვრების სურვილი გიორგი კვირიკაშვილმა იმ დღეს არაერთხელ გამოხატა, ეს აქცენტი მან სამედიცინო სერვისების შეთავაზების ჭრილშიც დასვა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრებ ხალხს შეახსენა, რომ მათთან სულ ახლოს, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, მალე ამოქმედდება რეგიონალური მნიშვნელობის, ულტრათანამედროვე სტანდარტების საუნივერსიტეტო კლინიკა და რომ ქართველები მზად არიან აფხაზებს ღირსეულად დახვდნენ. პრემიერის განცხადების ფრაგმენტი ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე აფხაზურ ენაზეც არის გამოქვეყნებული.

უმაღლესი სტანდარტების მრავალპროფილიანი 220-ადგილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფო თავისთავად უმნიშვნელოვანეს როლს რომ შეასრულებს და ახალი სამედიცინო სერვისების მიღებით აფხაზებიც რომ დაინტერესდებიან, ამაში ეჭვი არ ეპარება ზურაბ შენგელიას, „ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, შერიგებისა და ნდობის აღდგენის თვალსაზრისით, ამ პროცესში თავის როლს თბილისის მონახულების შანსიც ასრულებდა, რადგან, სულ ცოტა, ინტერესს ზრდიდა:

პაციენტები იღებენ სპეციალურ ნებართვას (ე. წ. საშვს), რომელსაც გასცემს დე ფაქტო ადმინისტრაციული ორგანო და ამის საფუძველზე გადმოდიან ენგურის ხიდის გავლით... ქართული მხარე მათ სთავაზობს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, ამბულატორიულ მომსახურებასა თუ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებას...

„თუკი თბილისში აღარ ჩამოვლენ, ვეღარ დაინახავენ რეფორმებს, რაც ჩვენთან არის... ისინი რომ თბილისში ჩამოდიოდნენ, სხვა თუ არაფერი, იმ ტრასას ხედავდნენ, რა კარგი იყო... რომ ჩამოდიოდნენ და რამდენიმე დღე თბილისში რომ ცხოვრობდნენ, ხედავდნენ ჩვენი პოლიციის ქმედებას, ჩვენს სხვა სისტემებს, გარდაქმნებს... მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემის მიმართულება, ეს არის, მართალია, ვიწრო, მაგრამ მაინც სწორი მიმართულების გზა მათთან შერიგებისა“.

ზურაბ შენგელიას თქმით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის გამო, ბოლო პერიოდში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან თბილისისკენ წამოსული პაციენტების ნაკადი ლოგიკურად შემცირდა, თუმცა ამას არ ადასტურებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის სამინისტროში, პირიქით, როგორც მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, სამკურნალოდ თბილისში ჩამოსვლის მსურველ პაციენტთა რიცხვი წლიდან წლამდე „მკვეთრად იზრდება“:

„პაციენტები იღებენ სპეციალურ ნებართვას (ე. წ. საშვს), რომელსაც გასცემს დე ფაქტო ადმინისტრაციული ორგანო და ამის საფუძველზე გადმოდიან ენგურის ხიდის გავლით... ქართული მხარე მათ სთავაზობს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, ამბულატორიულ მომსახურებასა თუ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებას...“

უხეში დათვლით, ლაპარაკია ასობით პაციენტზე როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან, ასევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან. ადგილობრივ სტრუქტურებთან შეთანხმების გარდა, ისინი თბილისში თვითდინებითაც ჩამოდიან. ნაკადის ზრდის ტენდენციას ჩვენთან საუბარში ადასტურებს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თამაზ ბესტაევიც. მისი თქმით, 2015 წელს პაციენტთა რიცხვი 463-ს შეადგენდა, რაც რამდენიმე ათეულით აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს:

„(ნაკადის ზრდას) ვხსნი იმით, რომ ჩვენთან არიან მაღალკვალიფიციური ექიმები, არის კარგი მომსახურეობა, პირველ რიგში; მათთვის ხელმისაწვდომია, მეორე რიგში, და ნდობის ფაქტორი აღდგა უფრო... რა თქმა უნდა, აქვთ დადებითი განწყობა და არიან მადლიერები. ბუნებრივია, ადამიანის ფსიქოლოგიაა – შვილს რომ გადაგირჩენს, მტერიც მოყვარე გახდება... ეს ბუნებრივი ფაქტორია და ასეა მაგათთანაც...“

სამხრეთ ოსეთისა თუ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან ჩამოსულ პაციენტებს საქართველოს სახელმწიფო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების 100 %-იან დაფინანსებას სთავაზობს, რაც ძალიან აღიზიანებთ სოხუმისა და ცხინვალის ლიდერებს . სხვადასხვა დროს ისინი მკაცრად მოუწოდებდნენ ადგილობრივებს, რა ოპერაციების გაკეთებაც ადგილზე შეიძლება, იმის გასაკეთებლად თბილისისკენ ნუ გარბიხართო, მაგრამ თბილისში ფიქრობენ, რომ ჯანმრთელობის საკითხები ბრძანებითა და საყვედურებით ვერ დარეგულირდება.

მე ვნახე ჩამონათვალი დაავადებებისა, რომელთა სამკურნალოდაც აფხაზეთიდან სხვაგან მიემგზავრებიან. სამწუხაროდ, ამ სიაში არის დაავადებები, რომელთა მკურნალობაც აქ შეიძლებოდა... უკვე არის ამის დრო...

თბილისისკენ წამსვლელთა ნაკადი შემცირდაო, ამბობს რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბრისას ახალგაზრდა აფხაზი ექიმი, რომელმაც ქალაქ უფის უნივერსიტეტი დაამთავრა. თუმცა შემცირების ტენდენციაზე ის არადამაჯერებლად, ვარაუდის დონეზე ლაპარაკობს და არგუმენტის სახით აღნიშნავს, ადრე თუ ყველაფერზე თბილისისკენ გარბოდნენ, ახლა რაღაც-რაღაც დაავადებების განკურნება აქაც შეგვიძლიაო. თუმცა ადგილზე ამ მხრივ ვითარება სახარბიელო რომ არ არის, მისი კომენტარის ეს ფრაგმენტიც ცხადყოფს. აფხაზი ექიმი ბაზრის სიმცირესა და უსახსრობაზე აკეთებს აქცენტს:

„თუკი მასობრივად ვლინდება იმ დაავადებათა შემთხვევები, რომელთა სამკურნალოდაც ხალხი სხვაგან მიემგზავრება, შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთ დიაგნოზებს ადგილზე ვუმკურნალოთ... მაგრამ აზრს მოკლებულია იშვიათად გამოვლენილი დაავადების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აღჭურვილობის შეძენა, რადგანაც ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარი და მეტიც შეიძლება დაჯდეს... მე ვნახე ჩამონათვალი დაავადებებისა, რომელთა სამკურნალოდაც აფხაზეთიდან სხვაგან მიემგზავრებიან. სამწუხაროდ, ამ სიაში არის დაავადებები, რომელთა მკურნალობაც აქ შეიძლებოდა... უკვე არის ამის დრო“.

თუმცა შერიგებასა და ნდობის აღდგენაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ყველასთვის ცხადია, რომ ეს მიმართულება მხოლოდ სამედიცინო სერვისების შეთავაზებით არ ამოიწურება და არც უნდა ამოიწურებოდეს. მაგალითად, ზურაბ შენგელია თვლის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა, პირველ რიგში, უნდა იგრძნონ, რომ ქართველებს მათი წუხილი, ტკივილი და გასაჭირი ესმით. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მეტი დაახლოება და ნდობის აღდგენა მაინც შესაძლებელია, რუსეთის ჩასაფრებული და დეზინფორმაციაზე ორიენტირებული პოლიტიკის მიუხედავად.

სამომავლო პერსპექტივების თვალსაზრისით, სამოქალაქო სექტორში დიდ იმედებს ამყარებენ ასევე ევროკავშირის/შენგენის ზომის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლაზე, რითი სარგებლობის უფლებაც თანაბრად ექნება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მცხოვრებს საქართველოს ტერიტორიაზე და, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეგიონებში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG