Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი - ღია მმართველობასა და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოზე


პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. 24 სექტემბერს ის საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებულ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმსა და კონფერენციაზე „ღია მმართველობის პარტნიორობა” ( 0GP) სიტყვით გამოვიდა. ღარიბაშვილი ინვესტორებს საქართველოში ეპატიჟება და საქართველოს მთავრობის მიერ ღია მმართველობის კუთხით არსებულ 27 ვალდებულებაზე ლაპარაკობს.

საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებულ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო და განაცხადა, რომ დღეს საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხოა, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში. მისი განცხადებით, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოს მთავრობამ წამოიწყო ინიციატივები, რომელთა მიზანიც რისკების შემცირება და ამონაგების გაზრდაა, ბიზნესმენებს კი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გამოყენებისაკენ მოუწოდა და თბილისში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზეც („საქართველო - რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის“) მოიწვია.

„ჩვენ, როგორც მთავრობას, შეგვიძლია ხელის შემწყობის როლის შესრულება, მაგრამ სწორედ ბიზნესმენებზეა დამოკიდებული ამ შესაძლებლობის გამოყენება. ჩვენი სურვილია, ბიზნესმა ჩვენში დაინახოს სანდო პარტნიორი ამ წამოწყებაში. ჩემი გუნდი მზად არის თქვენთან თანამშრომლობისათვის, რათა თქვენი შემოსვლა საქართველოში იყოს მაქსიმალურად მარტივი და მომგებიანი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ისეთ ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, შეიძლება ჰქონდეს ყველაზე დაბალი გადასახადები მსოფლიოში და ბიზნესისათვის სხვა წამახალისებელი ფაქტორები, მაგრამ ინვესტორები, - ყოველ შემთხვევაში, სასურველი ინვესტორები, - არ შევლენ ქვეყანაში, თუ იქ არ სუფევს კანონის უზენაესობა...
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერის განცხადებით, დღეს საქართველოში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე 20 წლის წინ. წინსვლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კი, მისივე თქმით, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ აღებული კურსია:

„როგორც მოგეხსენებათ, ისეთ ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, შეიძლება ჰქონდეს ყველაზე დაბალი გადასახადები მსოფლიოში და ბიზნესისათვის სხვა წამახალისებელი ფაქტორები, მაგრამ ინვესტორები, - ყოველ შემთხვევაში, სასურველი ინვესტორები, - არ შევლენ ქვეყანაში, თუ იქ არ სუფევს კანონის უზენაესობა. ჩვენ დავაბრუნეთ კანონის უზენაესობა საქართველოში და მე ამით ვამაყობ. უკომპრომისო ბრძოლა გამოვუცხადეთ კორუფციას და წერტილი დავუსვით თანამდებობის პირთა დაუსჯელობას. საქართველო მხოლოდ ღია კი არ არის ინვესტიციებისათვის, ის ასევე უსაფრთხოა ბიზნესისათვის“.

ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო არა მხოლოდ ღია, ბიზნესისათვის უსაფრთხო ქვეყანაცაა:

„თქვენთვის და პოტენციური ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში. განსხვავება კი მხოლოდ დაბალ ტარიფებსა და გადასახადებში, მარეგულირებელი წესების სიმცირესა და, რასაკვირველია, თქვენი ამონაგების დიდ მოცულობაშია. იმედი მაქვს, რომ ჩემს გამოსვლაში სწორედ ეს სიტყვები მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.

ამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოში თვალში საცემია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა. ქვეყანაში ბიზნესისათვის ხელსაყრელი სტრატეგიები, მჭიდრო რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობები და საქართველოს მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე კიდევ უფრო გაააქტიურებს ეკონომიკურ ზრდას და მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს“.

განსაკუთრებით დაინტერესებულები არიან ამერიკელი ინვესტორები -ტრანსპორტის სექტორი აინტერესებთ, ანაკლიის პორტით დაინტერესება იზრდება. რაც მთავარია, ინვესტორები ხედავენ სტაბილურობას საქართველოს საგარეო კურსთან მიმართებით...
გიორგი კვირიკაშვილი

შემდეგ კი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას უფრო დეტალურად გააცნო საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ცალკეული სფეროების მიხედვით. თქვა, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციების დასაფინანსებლად ახალი საჯარო და კერძო საინვესტიციო ფონდები დაარსდა, მათ შორის, საქართველოს პარტნიორობისა და თანაინვესტირების ფონდები; ახსენა

ახალი ინიციატივა, „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანიც ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და განვითარებაა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რამდენიმე სფერომ უკვე მიიქცია უცხოელი ინვესტორების ყურადღება, მათ შორის, მაგალითად, ტრანსპორტის სფერომ:

„განსაკუთრებით დაინტერესებულები არიან ამერიკელი ინვესტორები -ტრანსპორტის სექტორი აინტერესებთ, ანაკლიის პორტით დაინტერესება იზრდება. რაც მთავარია, ინვესტორები ხედავენ სტაბილურობას საქართველოს საგარეო კურსთან მიმართებით“.

”საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის რომან გოცირიძის აზრით, როდესაც ქვეყნის პრეზენტაცია გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ხდება, ცხადია, უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად ქვეყნის ხელისუფლება აქცენტს დადებით ფაქტორებზე ამახვილებს. მისი შეფასებით, ღარიბაშვილის გამოსვლის ძირითადი თეზისები სიმართლეს კი შეესაბამებოდა, მაგრამ, გოცირიძის თქმით, ის საუბრობდა მემკვიდრეობით, წინა ხელისუფლებისგან მიღებულ მიღწევებზე, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ გარკვეულწილად გააუმჯობესა. თუმცა იქვე რომან გოცირიძე იმ სფეროებსაც ახსენებს, რომლებშიც ვითარება ბოლო დროს აშკარად გაუარესდა - მაგალითად, საბანკო ანგარიშებზე საგადასახადო ინსპექციის მიერ წვდომის უფლება, საფოსტო გადაზიდვების სფეროში დაწესებული რეგულაციის წესები და ა.შ.:

„ქვეყანამ დერეგულირებისკენ გადადგმული ნაბიჯების კურსი შეცვალა, მაგრამ პრემიერმა მაღალი ტრიბუნიდან დერეგულირება ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად გამოაცხადა. მან ასევე გაკვრით ახსენა, რომ სახელმწიფო მონაწილეობს ბიზნესის დაფინანსებაში. უცხოელს ასეთი მესიჯი არ მოეწონება. ის ეწინააღმდეგება უკვე იმ მთავარ მესიჯს, რომლის თანახმად, საქართველო წარმოჩენილია როგორც თავისუფალი ბაზრის ლიდერი, ბიზნესის დაწყების ლიდერი, თავისუფლების ინდექსში ერთ-ერთი წინ მდგომი ქვეყანა და ა.შ. ანუ ეს იყო ურთიერთსაწინააღმდეგო თეზისები, რომლებიც, ფაქტობრივად, დღევანდელი მთავრობის ეკლექტური ეკონომიკური პოლიტიკის ასახვაა“.

მეორე საერთაშორისო ფორუმი, რომელზეც ღარიბაშვილი ასევე სიტყვით წარდგა საზოგადოების წინაშე, „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) იყო, რომელზეც ღარიბაშვილმა ,,ღია მმართველობა - საქართველოს" მეორე ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ასახული ინიციატივებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების შესახებ ილაპარაკა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია გახდეს უფრო ღია ქვეყნის მოქალაქეებისათვის, იყოს მეტად ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვებისა თუ საჯარო ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროების კუთხით:

ჩვენ გაცილებით უფრო მაღლა ავწიეთ ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებებს დავაკისრეთ ახალი ვალდებულებები, რომ მათ პრაქტიკულად გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია...
ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენმა მთავრობამ მიაღწია იმას, რომ უპრეცედენტოდ მაღალია ღიაობისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის დონე. მთავრობის თითქმის ყველა პოლიტიკური და საკანონმდებლო ინიციატივა გადის ფართო, ინკლუზიური და სერიოზული საჯარო კონსულტაციების პროცესს. ახალმა მთავრობამ დადო პირობა, რომ კიდევ უფრო გაზრდიდა ანგარიშვალდებულებას საკუთარი მოქალაქეების წინაშე და მუდმივად ინფორმირებული ეყოლებოდა საზოგადოება თავისი საქმიანობის შესახებ. ამ მიზნით ჩემი მინისტრები ღია მმართველობის ეგიდით ატარებენ ყოველთვიურ პრესკონფერენციებს, რათა ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას თავიანთ დარგებში მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ და პირადად გასცენ პასუხები მედიისა და მოსახლეობის შეკითხვებს. ასე რომ, ჩვენ ვაქცევთ ამ პროცესს ძალზე ღია და გამჭვირვალე პროცესად“.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ცვლილება ინფორმაციის თავისუფლების კუთხით განხორციელებული ცვლილებაა:

„ჩვენ გაცილებით უფრო მაღლა ავწიეთ ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებებს დავაკისრეთ ახალი ვალდებულებები, რომ მათ პრაქტიკულად გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია. ეს გახლავთ სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მაგალითი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით სასურველი შედეგების მისაღწევად“.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოიხმო აშშ-ის, საფრანგეთისა და ინდონეზიის პრეზიდენტების გამოსვლები, რომელთა თანახმად, მთავრობა ხალხის, საზოგადოების მეგობარი უნდა იყოს. ასეთ მთავრობად ახასიათებს თეა წულუკიანი საქართველოს მთავრობასაც.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლევან ავალიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობა“ საერთაშორისო ინიციატივაა, რომელშიც 65 ქვეყანა მონაწილეობს და რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში აღებული ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს. საქართველოს საჯარო დაწესებულებებს ასეთი 27 ვალდებულება აქვთ შესასრულებელი. ლევან ავალიშვილი ამბობს, რომ დღემდე საჯარო ინფორმაციის ღიაობისა და, ზოგადად, ღია მმართველობის თვალსაზრისით, საქართველოში არაერთი პრობლემა არსებობდა. დღეს აღებულ ვალდებულებებში ბევრი კარგი სიახლეა:

„როგორ შესრულდება ეს ვალდებულებები, ეს სხვა საკითხია, თუმცა მაინც იმედიანად ვარ განწყობილი. მაგალითად, ამ ვალდებულების ფარგლებში საქართველოს მთავრობა გააკეთებს პეტიციების ვებსაიტს, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მთავრობას პეტიცია გაუგზავნოს, რომელსაც მთავრობა შეაფასებს. ასევე ერთ-ერთი ვალდებულებაა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა ან შსს-ს მიერ კრიმინალის შესახებ ონლაინ რუკის გაკეთება და ა.შ.“.

ლევან ავალიშვილი ასევე ამბობს, რომ საქართველოს მიერ აღებული 27 ვალდებულების შესრულების პროცესს, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო სექტორი, მათ შორის, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც“ დააკვირდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG