Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში


შეხვედრა ატლანტიკურ საბჭოში

შეხვედრა ატლანტიკურ საბჭოში

ინვესტორების დაინტერესება, მეტი მხარდაჭერის მოპოვება ნატოს სამიტის წინ და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერსპექტივები – ეს თემები დასახელდა ყველაზე მნიშვნელოვან აქცენტებად საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში. ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრამდე, გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრები გამართა ამერიკელ სენატორებთან და მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვაშინგტონში ატლანტიკურმა საბჭომაც უმასპინძლა.

აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯონ მაკკეინს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 25 აპრილს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები, გლობალური მშვიდობის გამოწვევები, უსაფრთხოების პერსპექტივები და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზნები. ითქვა, რომ ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს სწორედ შეერთებული შტატები ასრულებს და რომ საქართველოს მისი იმედი აქვს. ამავე წყაროს ცნობით, შედგა ასევე შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სენატორ ჯეფ სეშენს შორის. ხაზი გაესვა იმ პოლიტიკური, ფინანსური თუ ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც შეერთებული შტატები წლების მანძილზე უწევდა საქართველოს.

ხუთდღიანი (25-29 აპრილი) სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ- მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან ჯიმ იონგ კიმთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან მინ ჟუსთან. ოფიციალური ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა მასპინძლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის გეგმაზე, „რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის სტიმულირებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, შრომის ბაზარზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებას, საჯარო მომსახურების გაუმჯობესებასა და მოდერნიზაციას“.

წელს ნატოს სამიტი გაიმართება და აშშ მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი კი შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. დიდია შეერთებული შტატების ინტერესი საქართველოს, როგორც დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით წარმატებული ქვეყნის მიმართ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ატლანტიკურ საბჭოშიც უმასპინძლეს, სადაც ის ორგანიზაციის წევრსა და ექსპერტებს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, ორი ქვეყნის ურთიერთობათა გაღრმავების პერსპექტივების გარდა, საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. აღინიშნა, რომ მტკიცე და უცვლელია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი საგარეო პოლიტიკურ კურსთან მიმართებით.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს დიდ პატივს სცემენ ამ ქალაქში მის მიერ განვლილი გზისა და პროცესების მისეული ხედვების გამო“, – განაცხადა ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტმა ფრედერიკ კემპემ და იქვე გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტის სამი მნიშვნელოვანი აქცენტი გამოყო:

„პრემიერი გააზრებულად წამოსწევს წინ ეკონომიკურ საკითხებს, ინვესტირების საკითხებს – ეს არის სივრცე, სადაც მას ძალიან დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია. წელს ნატოს სამიტი გაიმართება და აშშ მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი კი შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. დიდია შეერთებული შტატების ინტერესი საქართველოს, როგორც დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით წარმატებული ქვეყნის მიმართ, და ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი კვლავაც ამ გზით აპირებს ქვეყნის წაყვანას, ეს აქ ძალიან დადებითად აღიქმება“.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომხრეები საქართველოში არ დავობენ, რომ ქვეყნის ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებული როლის შესრულება სწორედ შეერთებულ შტატებს შეუძლია და ამ მოსაზრებას იზიარებს სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილიც. ანალიტიკოსისთვის არც ის არის საოცარი, რომ ვაშინგტონი ყურადღებით ადევნებს თვალყურს შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებს.

„ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ საქართველოს სერიოზული მიღწევა იყო, რომ 2012 წელს, პირველად ჩვენს ისტორიაში, მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანად, კონსტიტუციური ნორმების შესაბამისად, არჩევნების გზით გადაცემა ერთი პოლიტიკური ძალიდან მეორე პოლიტიკური ძალისათვის... ეს პრეცედენტი თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ სრულიად არასაკმარისია იმის სათქმელად, რომ ეს წესი ჩვენთან დამკვიდრდა. საჭიროა საქართველომ კიდევ რამდენჯერმე დაადასტუროს ერთგულება ამგვარი დემოკრატიული პროცესისადმი“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი მენაღარიშვილმა.

ანალიტიკოსის აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებული იყოს როგორც საქართველოსთან პარტნიორობით, ასევე, მთლიანად, რეგიონში მიმდინარე პროცესებით. ირაკლი მენაღარიშვილი ფიქრობს, რომ პრემიერ კვირიკაშვილის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატების უფრო მეტად დაინტერესებისა და გააქტიურების ჭრილში, რათა გაქრეს ეჭვები აშშ-ის რადარებიდან საქართველოს საკითხის გაქრობასთან დაკავშირებით.

მერაბ ჯანიაშვილი

მერაბ ჯანიაშვილი

რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს აშშ-სა და საქართველოს შორის, ამ კუთხით გარღვევას არ მოელის ეკონომისტების ერთი ნაწილი და მათ შორის არის ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილიც. ის ფიქრობს, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში გაუჭირდება გაზარდოს ექსპორტის მოცულობა შეერთებულ შტატებში და ასევე გაუჭირდება ამ ქვეყნიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა. თუმცა საქართველოს ვალია, რომ ამ კუთხით ყველაფერი სცადოს და, უპირველეს ყოვლისა, კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს საინვესტიციო გარემო:

„ჩვენ ინვესტორები იმით უნდა მოვიზიდოთ, რომ დაბალი გადასახადები და მარტივი სააღრიცხვო წარმოება შევთავაზოთ და, ამასთან, აუცილებელია ფინანსური სტაბილურობა. საინვესტიციო გარემოს შექმნა და გაუმჯობესება ყოველდღიური პროცესია და ყოველდღიურად უნდა იმუშაოს მთავრობამ გაუმჯობესების კუთხით. თუკი მოხდება ესტონური მოდელის დანერგვა საგადასახადო კუთხით, – როდესაც რეინვესტირებულ თანხებზე გაუქმდება მოგების გადასახადი, - ეს იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა სწორედ ეს იყო, რაც ესტონეთმა გაატარა და ამით, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა ბევრად გაიზარდა“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში 29 აპრილამდე გასტანს. მისი ადმინისტრაციის თანახმად, განრიგში შედის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. 26 აპრილს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში, ხოლო 27 აპრილს დაგეგმილია მისი გამოსვლა ილინოისის უნივერსიტეტში, სადაც მას (1998 წელს) მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული. პრემიერ-მინისტრთან ერთად, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე „ქართული ოცნებიდან“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG