Accessibility links

logo-print

რა დგას პრემიერისა და პრეზიდენტის დაპირისპირების უკან?


ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობის გამწვავება ამჯერად მიხეილ სააკაშვილის ”გაფლანგვაში” დადანაშაულების ფონზე გამოვლინდა. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, გიორგი მარგველაშვილმა გააჭიანურა საიდუმლო გრიფის მოხსნა ექსპრეზიდენტის მამხილებელ მასალებზე, ხოლო თავად მარგველაშვილი თვლის, რომ კანონით განსაზღვრულ დროში მას ვერავინ დააჩქარებს და იფიქრებს იმდენს, რამდენიც საჭიროა. რა შეიძლება იმალებოდეს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის კინკლაობის მიღმა და რამდენად შეიძლება გართულდეს ვითარება?

მართალია, ბევრს არ მოეწონა და ზოგისთვის ეს ცინიკურიც იყო, მაგრამ პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის პასუხის გაცემა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დონეზე გადაწყვიტა. 15 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ნინო კობახიძემ საზოგადოებას ამცნო, რომ გიორგი მარგველაშვილმა არ გააკეთა გასაგები განმარტებები საზოგადოებისთვის საინტერესო თემაზე, რასთან მიმართებითაც მედიის წარმომადგენლებმა შეკითხვით პრემიერ-მინისტრს ასევე 15 აგვისტოს მიმართეს, პრემიერმა კი ისინი პრეზიდენტისკენ გადაამისამართა. ერთი სიტყვით, მთავრობა კვლავაც ითხოვს პასუხს შეკითხვაზე - რატომ დასჭირდა ერთი თვე ექსპრეზიდენტის ხარჯებისთვის „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას, მაშინ როცა ეს პროცედურა გაცილებით ნაკლებ დროს საჭიროებს და მით უმეტეს, როცა მასალები თავის დროზე უკანონოდ გასაიდუმლოვდა:

”მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას აღნიშნული შეკითხვა სრულიად ლოგიკურად გაუჩნდა. ასევე, ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ამას აკვირდებიან როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ჩვენი ხელისუფლება რადიკალურად განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, და სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ ხელისუფლების ყველა წევრი ვალდებულია პასუხი გასცეს საზოგადოებაში გაჩენილ ნებისმიერ ლეგიტიმურ შეკითხვას. პრეზიდენტის დღევანდელი კომენტარიდან გამომდინარე კი, კითხვები ისევ უპასუხოდ დარჩა".

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ეს განცხადება მოჰყვა პრეზიდენტ მარგველაშვილის განაცხადებას იმის თაობაზე, რომ მისი გადასაწყვეტია, რამდენ ხანს იფიქრებს მგრძნობიარე საკითხთან დაკავშირებით, როცა მას კანონი ამის საშუალებას აძლევს:

”საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა აპარატმა მაშინ გადაწყვიტა ეს საკითხი, როდესაც მიაჩნდა სწორად და ყურადღება უაღრესად ფაქიზად მიაქცია საკითხს, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიკიტური საკითხი. იმედია, დღეს ყველასთვის ნათელია, რომ ეს საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკას დაუკავშირდა”.

ანალიტიკოსების ერთმა ნაწილმა გიორგი მარგველაშვილს სიმკაცრე და გამბედაობა მოუწონა. ზოგიერთის ყურადღება დაიმსახურა აქცენტმა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის გასამართლების საკითხი, რაც ნაწილობრივ სწორედ ”საიდუმლო” გრიფისგან გათავისუფლებულ მასალებს ეყრდნობა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, უარყოფითი საერთაშორისო გამოხმაურების გათვალისწინებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას დაუკავშირა. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ვარაუდობს, რომ ეს აქცენტი დასავლური ღირებულებების ჭრილში დაისვა: პრეზიდენტს სურდა ეჩვენებინა, რომ ის უფრო ფრთხილად და ფაქიზად ეპყრობა საერთაშორისო თანამეგობრობის ეჭვებსა და შეშფოთებას, ვიდრე პრემიერ-მინისტრი, ხოლო პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, პრეზიდენტის დაკნინება სამართლიანობის აღდგენის პროცესში ხელშეშლაში დადანაშაულებით სცადა.

”თქმა იმისა, რომ დროზე არ გაკეთდა ამ დოკუმენტაციის გასაჯაროება, ფაქტიურად, შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს მინიშნებად იმაზე, რომ პრეზიდენტი ცდილობს ხელი დააფაროს ყოფილ პრეზიდენტს ან მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს... არა მგონია, რომ ქვეყნის იმიჯისთვის ასეთი რამ, ასეთი კინკლაობა იყოს მომგებიანი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვახტანგ ძაბირაძემ.

დასავლეთისგან ნდობით აღჭურვილი ტანდემი - მარგველაშვილი-ალასანიასი - თუ გამაგრებული იქნება ვასაძის, როგორც რეიტინგული ფიგურის, ავტორიტეტით, მას უკვე რეალური შანსი გაუჩნდება ხელისუფლებაში მოსასვლელადაც...

პრემიერისა და პრეზიდენტის დაპირისპირება ქვეყნის იმიჯს რომ არ წაადგება, ეს ცხადია ანალიტიკოს ვაჟა ბერიძისთვისაც, თუმცა, მისი აზრით, ეს ყველაფერი სამომავლო გეგმებს უკავშირდება და, კერძოდ, პოლიტიკური ძალების შემდგომ გადაჯგუფებას შიდაპოლიტიკურ სარბიელზე. ექსპერტის პროგნოზით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიცია ”ქართული ოცნება” თანდათან დაიწყებს დაშლას და ამ პროცესში ახალი სავარაუდო პოლიტიკური ალიანსი შეიქმნება. ვაჟა ბერიძისთვის ძნელი სათქმელია, რამდენად მოახერხებს მარგველაშვილი, გახდეს მთავარი ფიგურა პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრისა, მაგრამ ერთ-ერთი ფიგურა ის ნამდვილად იქნება. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ექსპერტი ასახელებს სავარაუდო ალიანსის სხვა სავარაუდო წარმომადგენლებსაც:

”ეს პოლიტიკური ძალა იქნება: გიორგი მარგველაშვილი, ირაკლი ალასანია და ლევან ვასაძე, - შესაძლოა, ”ნაციონალური მოძრაობის” გარკვეული ნაწილის მიერთებით. დასავლეთისგან ნდობით აღჭურვილი ტანდემი - მარგველაშვილი-ალასანიასი - თუ გამაგრებული იქნება ვასაძის, როგორც რეიტინგული ფიგურის, ავტორიტეტით, მას უკვე რეალური შანსი გაუჩნდება ხელისუფლებაში მოსასვლელადაც”.

ამ პროგნოზიდან გამომდინარე, ვაჟა ბერიძე სავსებით მართებულად მიიჩნევს პრემიერ-მინისტრის მცდელობას, რომ საფუძლიანად და საჯაროდ გაარკვიოს ურთიერთობა პრეზიდენტთან, რომელიც ”მისი გუნდის წევრია, მაგრამ ნებისმიერ შესაძლებელ შემთხვევაში ფეხს უდებს პრემიერის ლიდერობით მოქმედ მმართველ ძალას”.

სადამდე შეიძლება წავიდეს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის დაპირისპირება?

კონსტიტუციონალისტებისთვის ცხადია, რომ, როგორი დიდი სურვილიც არ უნდა ამოძრავებდეს პრემიერ-მინისტრს, ის ვერ შეძლებს პრეზიდენტისთვის ისედაც მცირე უფლებების შემდგომ შემცირებას კონსტიტუციის შეცვლის გარეშე. ეს კი ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან კოალიცია „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ამ საკითხის გარშემო დეპუტატების ¾-ის მოგროვებას. მით უმეტეს, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” ხელს აძლევს დაპირისპირება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის.

XS
SM
MD
LG