Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში საპრეზიდენტო კამპანია დასასრულს მიუახლოვდა


სომხეთის მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე
სომხეთის მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე
18 თებერვალს სომხეთის ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე მივლენ და ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. მაგრამ მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება, ზოგიერთი კანდიდატი წინასწარ უარს ამბობს ცნოს მოახლოებული არჩევნების შედეგები, საზღვარგარეთ მცხოვრები 1,5 მილიონი სომეხი კი იმას ჩივის, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვთ.

სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, 42 წლის ანდრიას გუკასიანი, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში შიმშილობის აქციას მართავს და მოუწოდებს საერთაშორისო დამკვირვებლებს ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს. მეორე კანდიდატი კი, 49 წლის არმენ მელიკიანი, მთიანი-ყარაბაღის მთავრობის ყოფილი წარმომადგენელი, აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც კი არ აღიარებს კარსმომდგარი არჩევნების შედეგებს:

„მე არ ვაღიარებ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს. დიახ, მაშინაც კი, თუ გავიმარჯვებ“.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კიდევ ერთი პრეზიდენტობის კანდიდატის, პარუირ ჰაირიკიანის, ამბავი. „თვითგამორკვევის პარტიის“ 63 წლის ლიდერი 31 იანვარს მომხდურებმა მძიმედ დაჭრეს. ამის შემდეგ დაზარალებულმა პოლიტიკოსმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით არჩევნების ორი კვირით გადადების თაობაზე, თუმცა 10 თებერვალს გამოიტანა განცხადება და ეს იმით ახსნა, რომ არ შეუძლია დაუშვას მისი მიზეზით გუკასიანის კიდევ ორი კვირის განმავლობაში შიმშილობა.

18 თებერვლის არჩევნებში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ მოქმედ პრეზიდენტს, სერჟ სარქსიანს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაზე თავისი ასაკის გამო უარი თქვა სომხეთის ეროვნული კონგრესის ლიდერმა, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა.
მათთვის დიდი პრობლემაა, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრებით არის დაკომპლექტებული ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა 70 % მთელი სომხეთის მასშტაბით. და რამდენიც უნდა ილაპარაკონ ოპონენტებმა, რომ ამის გამო ხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, მე ამას არასოდეს არ გავიზიარებ...
სერჟ სარქსიანი

საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა „კეთილდღეობის პარტიის“ ლიდერი, მილიონერი გაგიკ წარუკიანიც.

მიუხედავად იმისა, რომ სერჟ სარქსიანი აშკარა ფავორიტია, მიმომხილველები და ოპონენტები ადანაშაულებენ ქვეყნის მმართველი რესპუბლიკური პარტიის ლიდერის სარჩევნო შტაბს იმაში, რომ მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენება. სერჟ სარქსიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან ინტერვიუში უარყო მის სასარგებლოდ ადმინისტრაციული ორგანოების მუშაობა და ყველაფერი კონკურენტების სისუსტით ახსნა:

“რა თქმა უნდა, მათთვის დიდი პრობლემაა, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრებით არის დაკომპლექტებული ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა 70 % მთელი სომხეთის მასშტაბით. და რამდენიც უნდა ილაპარაკონ ოპონენტებმა, რომ ამის გამო ხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, მე ამას არასოდეს არ გავიზიარებ. ადამიანებმა იქ გამართეს პოლიტიკური ბრძოლა და ლიდერის პოზიციებზე დაწინაურდნენ. და რატომ არ შეუძლიათ მათ გამოიყენონ საკუთარი ლიდერობა - პრესტიჟს ვგულისხმობ - საკუთარი პოლიტიკური პარტიისათვის ანდა იმისათვის, რომ უზრუნველყონ საკუთარი პოლიტიკური პარტიის ლიდერის გამარჯვება?“

ასეთ ფონზე, ბევრი ამომრჩეველი სომხეთში ერთგვარად იმედგაცრუებულია და ცინიკურად უყურებს კარსმომდგარ არჩევნებს.

ამას გარდა, ოპოზიციური კანდიდატების ამომრჩევლები აპროტესტებენ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რის გამოც საზღვარგარეთ მყოფი მილიონზე მეტი ამომრჩეველი ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ხელისუფლება ცვლილებას იმით ამართლებს, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების მოწყობა დიდ საბიუჯეტო დანახარჯებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ ფინანსები მხოლოდ საბაბია და საარჩევნო კოდექსის შესაბამისი ცვლილების მთავარი მიზეზი ისაა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები სომეხი ამომრჩევლების უდიდესი უმრავლესობა ხმას ოპოზიციას აძლევდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG