Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე


მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პოლიტიკური ძალები ძველი მენტალობით არიან შებოჭილები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, ახალი ხელისუფლება ძალიან ხშირად უმცირესობის ნებისმიერ აქტივობას პოლიტიკურ ელფერს აძლევს და ხშირად თავდასხმებიც ხდება.

პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს თანამდებობიდან გადადგომას აიძულებს და მას ”მეცხრე არხთან” აერთიანებს, რომელიც მისი ოჯახის მფლობელობაშია.

მისივე თქმით, ახალი მთავრობა არ უნდა ეცადოს, რომ გადაშალოს ის, რაც გაკეთებული იყო, არამედ უნდა სცადოს, უფრო წინ წავიდეს და უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.

"ჩვენი გადაწყვეტილება იყო, მოგვეშალა ნებისმიერი კომუნისტური მემკვიდრეობა, მაგრამ არის თუ არა გამართლებული დღეს სტალინის ძეგლების დაბრუნება, როგორც ეს ხდება ზოგიერთ რეგიონში, რაც სახელმწიფო ბიუჯეტით და სახელმწიფო თანხებით ფინანსდება", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა.

"მე შემეძლო, რომ ხელი შემეშალა მთავრობის ჩამოყალიბებისთვის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ჩვენ მივეცით ახალ მთავარობას შესაძლებლობა, რომ მთლიანად თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე. ვთვლი, რომ ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, რადგან ახალი ხელისუფლება მთლიანად გრძნობს პასუხისმგებლობას, შედარებით შესუსტებული როლი აქვს პრეზიდენტს და ასეთი ნეიტრალური არბიტრის როლი სწორედ კონსტიტუციის საფუძველში დგას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამართულ დებატებში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, პირველი ოქტომბერის შემდეგ მიიღო, როცა დაუყოვნებლივ, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებისთანავე მიიღო არჩევნების შედეგები.

„თუმცა, მე ძალიან პესიმისტურად ვუყურებდი იმ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში მოდიოდა, მაგრამ ოპტიმისტურად ვუყურებდი საქართველოს მომავალს და ვიცოდი, რომ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს სწორი გამოცდილება, განვითარების სწორ გზაზე დადგეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG