Accessibility links

logo-print

პრეზიდენტს პარლამენტში აღარ ეპატიჟებიან


მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში გამოსვლისას, 21 ოქტომბერი 2012 წ.

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში გამოსვლისას, 21 ოქტომბერი 2012 წ.

პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში, რაც 7 თებერვალს იყო დაგეგმილი, საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით გადაიდო. ეს ფაქტი უკავშირდება იმ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება-არდამტკიცებას, რამაც მთავრობის დათხოვნისა და ფორმირების პროცესში პრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა შეასუსტოს. როგორ აღიქმება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტისთვის ნათქვამი უარი?

იმის შესახებ, რომ 8 თებერვალს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით აღარ წარდგება დეპუტატების წინაშე, ბიუროს სხდომაზე 7 თებერვალს გახდა ცნობილი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის მიმართ პატივისცემის მიუხედავად, პრეზიდენტს პარლამენტი მოსმენაზე უარს იმის გამო ეუბნება, რომ ამჟამად უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სათანადო უფლებამოსილებით არ არის აღჭურვილი და მისი გადაწყვეტილების შეცვლა პრეზიდენტს ერთპიროვნულად შეუძლია.

”საქართველოს პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, მიეცემა საშუალება პარლამენტში გამოსვლის - თავისი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის, მაგრამ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ამ კონკრეტულ საკითხზე მიღებული იქნება პარლამენტის მიერ სათანადო გადაწყვეტილება, ან როდესაც სრულიად ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია ამ კონკრეტულ საკითხზე - პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც პარლამენტს ეკუთვნის”, - განაცხადა 7 თებერვალს დავით უსუფაშვილმა.

პრეზიდენტისთვის უარის თქმას საპარლამენტო უმრავლესობა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირებს, რომელთა მიხედვითაც პრეზიდენტს წაერთმევა უფლება დაითხოვოს მოქმედი მთავრობა და დანიშნოს ახალი მთავრობა, პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადების გარეშე. საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც, საყოველთაო სახალხო განხილვის ერთთვიანი სავალდებულო პროცედურის გავლის შემდეგ, ახლა მხოლოდ დამტკიცებას ელოდება, თუმცა დამტკიცებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ესაჭიროება, დღევანდელი უმრავლესობა კი პარლამენტში არ ფლობს მანდატების 2/3-ს.
ჩვენ უარს ვაცხადებთ მოვუსმინოთ ადამიანს, რომელსაც მიტაცებული აქვს პარლამენტის ყველაზე მთავარი უფლება - ფორმირება მოახდინოს მთავრობის, ხალხის ნების შესაბამისად...

6 თებერვალს გამართულ პოლიტიკურ დებატებზე, როგორც თავად აღნიშნავს, უმრავლესობამ ვერ მიიღო კონკრეტული პასუხი საპარლამენტო უმცირესობისგან - თუ რატომ არ უჭერს ის მხარს ხსენებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ასეთი შთაბეჭდილება დარჩა, მაგალითად, თინა ხიდაშელს, რომელმაც არაერთხელ მოუწოდა უმცირესობის წარმომადგენლებს ჩამოეყალიბებინათ კონკრეტული პოზიცია 2004 წელს კონსტიტუციით დაკანონებული დიქტატურის მისამართით. ყოველივე ამის ფონზე დეპუტატი ხიდაშელი უადგილოდ მიიჩნევს პრეზიდენტის სტუმრობას პარლამენტში:

”ჩვენ უარს ვაცხადებთ მოვუსმინოთ ადამიანს, რომელსაც მიტაცებული აქვს პარლამენტის ყველაზე მთავარი უფლება - ფორმირება მოახდინოს მთავრობის, ხალხის ნების შესაბამისად”.

უმრავლესობის მიერ 7 თებერვალს გახმაურებულ გადაწყვეტილებას ”სამწუხარო” უწოდა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელმაც არაერთხელ გაიმეორა ისიც, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად მზად იყო ყოველწლიური ანგარიში ჩაებარებინა საკანონმდებლო ორგანოსთვის, მერე კი დარჩენილიყო ბოლომდე და პოლიტიკური დებატების ფარგლებში ეპასუხა უმრავლესობის ყველა შეკითხვისთვის. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ეს უმრავლესობამ დაიხია უკან:

”ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგები უმრავლესობიდან მზად არ აღმოჩნდნენ არც პრეზიდენტის მოსმენისთვის და არც საპარლამენტო პოლიტიკური დებატისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის მათი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილებას იღებს საპარლამენტო უმრავლესობა და ბიურო და ერთადერთი, რაც ჩვენ დაგვრჩენია - გამოვხატოთ ჩვენი სინანული და დავემორჩილოთ იმ ფაქტს, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ და ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ხვალ ჩვენს მოსახლეობას აღარ მიეცემა საშუალება მოისმინოს, ვფიქრობ, ის ძალიან საინტერესო დისკუსია, რომელიც შეიძლებოდა გამართულიყო საქართველოს პარლამენტში”.
შესაძლებელია პრეზიდენტის გამოსვლას ცუდად ემოქმედა იმ დეპუტატებზე ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, რომლებიც მერყეობენ - დაუჭირონ თუ არა ამ ცვლილებებს მხარი...

არგუმენტს იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მასპინძლობისთვის მოუმზადებლობა გამოავლინა, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც იზიარებს. მისი აზრით, ულტიმატუმის წამოყენებით, ”ქართულმა ოცნებამ” თავი წამგებიან მდგომარეობაში ჩაიყენა:

”ეს არის ულტიმატუმების სერიის გაგრძელება... თავიდან ზოგიერთი პარლამენტი აცხადებდა, რომ, თუ საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება ერის ღალატი და სახელმწიფო ინტერესების ღალატი და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ დემოკრატიის მთავარი პრინციპი არის ის, რომ ყველას აქვს უფლება ამ შემთხვევაშიც თავისი პოზიცია დააფიქსიროს”.

უმრავლესობის გადაწყვეტილებას - პრეზიდენტის გამოსვლის გადადების თაობაზე - მართებულად მიიჩნევს ”საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი კახი კახიშვილი. მისი შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება-არდამტკიცების პერსპექტივა სიძლიერისა და სისუსტის გამოვლენის ერთგვარ ტესტს წარმოადგენს და, თუკი ”ქართულმა ოცნებამ” ამ ცვლილებების გატანა ვერ მოახერხა, ეს მისი სისუსტის აშკარა დემონსტრირება იქნება. ამ კონტექსტში გადამწყვეტია მათი ხმები, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს:

”შესაძლებელია პრეზიდენტის გამოსვლას ცუდად ემოქმედა იმ დეპუტატებზე ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, რომლებიც მერყეობენ - დაუჭირონ თუ არა ამ ცვლილებებს მხარი... ჩვენ ვიცით მიშა სააკაშვილის რიტორიკა, ჩვენ ვიცით მისი გამოსვლის სტილი - ის ყველანაირად შეეცდებოდა კიდევ ერთხელ ძალაუფლების დემონსტრირებას უმცირესობისთვის, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის წაგებული, ფხიზლად იყავით, მე აქ ვარ და არანაირი პრობლემა არ გექნებათ. ამას კი შესაძლებელია შეეკრა ნაციონალების გუნდი”.

არაერთი სხვა ანალიტიკოსის მსგავსად, კახი კახიშვილი შესაძლებლად მიიჩნევს ”ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიმხრობას პარლამენტში, მაგრამ თუკი ეს მაინც ვერ მოხერხდა, -საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არ დამტკიცდა და პრეზიდენტმა ასეთ ვითარებაში გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ყოველწლიური მოხსენებით წარდგეს პარლამენტის წინაშე, - ანალიტიკოსების აზრით, მისი გამოსვლა ბევრად უფრო ძლევამოსილი იქნება და, ამავე დროს, ბევრად უფრო წამგებიანი ”ქართული ოცნების” მიზნებისთვის, ვიდრე ეს 8 თებერვალს იქნებოდა.

დაბოლოს, ვთქვათ, რომ, პარლამენტში გამოსვლის გადადების გამო, საქართველოს პრეზიდენტი 8 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, ყოველწლიური მოხსენებით საზოგადოებას ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 7 თებერვალს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG