Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 14 ნოემბერს, 12 საათზე, პრეზიდენტი საგანგებო მიმართვით მიმართავს დეპუტატებსა და საზოგადოებას. ბიუროს გადაწყვეტილებითვე, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვას წარმოთქვამს პარლამენტის თავმჯდომარე და არ გაიმართება დებატები. გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტისადმი საგანგებოდ მიმართვა გადაწყვიტა 7 ნოემბერს, თავდაცვის მინისტრის მოხსნისა და მთავრობის ორი წევრის - მაია ფანჯიკიძისა და ირაკლი პეტრიაშვილის - გადადგომის შემდეგ. რა ფორმატით მიმართავს პრეზიდენტი პარლამენტს და რატომ არის მისი გამოსვლა მნიშვნელოვანი?

საქართველოს პარლამენტის ბიურომ, ორსაათიანი სხდომის შემდეგ, დადებითად უპასუხა პრეზიდენტ მარგველაშვილის წერილობით განცხადებას. დავით უსუფაშვილის თქმით, ბიურომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა პარლამენტს 14 ნოემბერს, 12 საათზე, მიმართოს:

„მოვუსმენთ საქართველოს პრეზიდენტს და ამისათვის მივცემთ საჭირო დროს, რაც მას დასჭირდება. წინასწარი კონსულტაციებით, 30 წუთს არ აღემატება. ამის შემდეგ გავითვალისწინოთ პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა, რომელიც გარკვეულწილად შეეხმიანება იმ თემებს, რაზეც პრეზიდენტს სურს საუბარი და ამით დავასრულოთ ეს პროცესი“.

პრინციპში, პარლამენტის გადასაწყვეტია, მოუსმინოს პრეზიდენტს უშუალოდ პარლამენტში თუ მოისმინოს მხოლოდ პრეზიდენტის მიმართვა...

საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობის ორ ფორმატს. პირველი: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს და პარლამენტს. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე:

„რაც შეეხება მეორეს, მეორე ნორმა არის ასეთი: პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს და პარლამენტს. პრინციპში, პარლამენტის გადასაწყვეტია, მოუსმინოს პრეზიდენტს უშუალოდ პარლამენტში თუ მოისმინოს მხოლოდ პრეზიდენტის მიმართვა“.

ვიდრე ბიურო გადაწყვეტილებას მიიღებდა, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტზე დაყრდნობით, განმარტება გააკეთა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ, რომლის თქმითაც, ეს უფლებამოსილებები შესაძლოა არ არის გაწერილი პარლამენტის რეგლამენტში, მაგრამ პარლამენტის ბიურო არის ის ორგანო, რომელიც წყვეტს ნებისმიერი საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ჩასმას.

ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ყველა იმ წყლულზე, სისტემურ პრობლემაზე, რაც საქართველოს პოლიტიკურ სისტემას გააჩნია, იყოს ღია საუბარი. ჩვენ ამაზე ისედაც ვსაუბრობთ და თუ ამაში რაღაც ფორმით პრეზიდენტი ჩაერთვება, არ იქნება ცუდი, თუმცა გააჩნია, რა ფორმით და რას იტყვის...

პრეზიდენტის პარლამენტში მისვლისა და საგანგებო მიმართვის მოთხოვნას მხარი დაუჭირა პარლამენტის როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლებმა. უმრავლესობის წევრის გიგლა აგულაშვილის თქმით, ხელისუფლებამ კრიტიკას, რომელიც მისი მისამართით ისმის, უნდა უპასუხოს მეტი აქტიურობითა და გახსნილობით.

საპარლამენტო უმცირესობაშიც მიიჩნევენ, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა არაერთი სისტემური ხარვეზი გამოავლინა, რაც, დეპუტატ დავით დარჩიაშვილის თქმით, დაუყოვნებელ რეაგირებას საჭიროებს.

„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ყველა იმ წყლულზე, სისტემურ პრობლემაზე, რაც საქართველოს პოლიტიკურ სისტემას გააჩნია, იყოს ღია საუბარი. ჩვენ ამაზე ისედაც ვსაუბრობთ და თუ ამაში რაღაც ფორმით პრეზიდენტი ჩაერთვება, არ იქნება ცუდი, თუმცა გააჩნია, რა ფორმით და რას იტყვის. მაგრამ ყველა შემთხვევაში პრობლემებზე საუბარი სჯობია მათ მიჩუმათებას ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან“, უთხრა დავით დარჩიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ არც პრეზიდენტს და არც კოალიციიდან გასულ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს არ ჰყოფნით გამბედაობა,დამოუკიდებელ და ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდნენ:

თვითონ ამბობს, რომ არ სურს ჩაერთოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში ან მის გარშემო შეიქმნას პარტია და მან ეს გადაჭრით განაცხადა რამდენჯერმე. აქედან გამომდინარე, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის ვიხილოთ როგორც ამ ტიპის პოლიტიკური ლიდერი...

„მთლიანობაში, ჩანს, რომ ეს პიროვნებები, რომლებიც ხელისუფლებაში ნელ-ნელა ბედავენ წუხილის გამოხატვას, ავლენენ წინააღმდეგობრივ განწყობებს ამ სისტემის მთავარი შემოქმედის, ივანიშვილის, მიმართ და ბოლომდე ვერ ამბობენ სათქმელს. არ ვიცი, შეშინებულები არიან თუ დავალებულები. აბა, სხვა რას უნდა ნიშნავდეს ის, რაც პრეზიდენტმა თქვა, რომ, ერთი მხრივ, ქვეყანა კულუარებიდან არ უნდა იმართებოდესო და, მეორე მხრივ, ამაში ივანიშვილს არ ვგულისხმობო. აბა, ვის გულისხმობს?“

პრეზიდენტის პარლამენტში მისვლას და სიტყვით გამოსვლას ინტერესით ელოდებიან პოლიტიკის ექსპერტებიც. პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას თქმით, პარასკევს პარლამენტის ტრიბუნიდან წარმოთქმული მიმართვიდან გამოჩნდება, თუ როგორ რეაგირებს ის ხელისუფლებაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე და

აქვს თუ არა იმის რესურსი, რომ პოლიტიკური მიზიდულობის ახალ ცენტრად ჩამოყალიბდეს:

„თვითონ ამბობს, რომ არ სურს ჩაერთოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში ან მის გარშემო შეიქმნას პარტია და მან ეს გადაჭრით განაცხადა რამდენჯერმე. აქედან გამომდინარე, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის ვიხილოთ როგორც ამ ტიპის პოლიტიკური ლიდერი, თუმცა საზოგადოებისათვის საინტერესო იქნება მიმდინარე მოვლენების მისეული შეფასება“.

კორნელი კაკაჩია ვარაუდობს, რომ ახალ პოლიტიკურ რეალობაში პრეზიდენტი მარგველაშვილი უფრო თავდაჯერებული იქნება კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში, რაც შეიძლება გამოიხატოს თუნდაც ვეტოს უფლების გამოყენებით.

XS
SM
MD
LG