Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს


გიორგი მარგველაშვილი და გიორგი პაპუაშვილი
გიორგი მარგველაშვილი და გიორგი პაპუაშვილი

დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის შეხვედრა. მას წინ უძღოდა პაპუაშვილის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთ მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ. გასულ კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი პაპუაშვილს კონკრეტული მოსამართლეები არ დაუსახელებია და განაცხადა, რომ დეტალებზე საუბარს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან აპირებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი პაპუაშვილმა მას კონკრეტული ფაქტები დაუსახელა. პრეზიდენტის თქმით, ეს ფაქტები თავისთავად შემაშფოთებელია გამომდინარე იქიდან, რომ ეხება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტს, საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს, რომლებიც დაცვის უმაღლესი ხარისხით სარგებლობენ.

„სამწუხაროდ, ამ ფაქტებმა არ გამაოცა. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ტენდენცია ახალი არ არის და დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩემი ოჯახის წევრზეც იყო სამართალდამცავების ჩართვით ზეწოლის მცდელობა. ეს იყო იმიტაცია რეალურად“ - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. მისივე თქმით, ნათელი პასუხი უნდა გაეცეს პოლიტიკურ ძალებსა და რაღაც ჯგუფებს შორის შეთანხმებულ მოქმედებას. „ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ საქმეებში, მაგრამ ჩნდება ტენდენციები უფრო დაბალ დონეზე რაღაც კავშირების ჩამოყალიბების“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მშვიდი, დემოკრატიული და სამართლებრივი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფის და უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის მიზნით გამოთქვამს მზადყოფნას, შეხვდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა საშიშ ტენდენციებს გაეცეს სწრაფი, ადეკვატური და აზრიანი პასუხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG