Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ინსტიტუტი ხალხსა და პარლამენტს შორის


პრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, 26 თებერვალს რეგისტრაციაში გატარდა საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა?“ საინიციატივო ჯგუფის წევრთა განცხადებით, ისინი დამოუკიდებლად - პოლიტიკურ პარტიებთან შეთანხმების გარეშე - მოქმედებენ. რეფერენდუმის ჩატარებას მხარს არ უჭერს არც ხელისუფლება და არც საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, მათი პოზიციები თვისებრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც სარეფერენდუმო საკითხი წარადგინა, სამი მოქალაქისგან შედგება. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, იაგო წიკლაურის, თქმით, პრეზიდენტის არჩევის მექანიზმის შეცვლა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხოლოდ პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს:

„რადგანაც ეს დღეს არის სახელმწიფოებრივად ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი და ის შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს და ქვეყნის მოწყობას, მე, ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ ეს საკითხი უნდა მივანდოთ საზოგადოებას, ხალხს და დაე, ხალხმა გადაწყვიტოს, როგორი წესით ჯობია პრეზიდენტის არჩევა. ვფიქრობ, ხალხში მეტი სიბრძნეა!“

თუმცა, ვიდრე ხალხი გადაწყვეტს, ანუ რეფერენდუმი გაიმართება, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ეკა აზარაშვილი ამბობს, საინიციატივო ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს მხარდამჭერთა ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობა.
საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ აირჩევა და ასეა ევროკავშირის საპარლამენტო მმართველობის რესპუბლიკების 99 პროცენტში...
ზაქარია ქუცნაშვილი

„3 თვის განმავლობაში არანაკლებ 200 ათასი ხელმოწერისა უნდა შეაგროვოს და წარმოადგინოს საინიციატივო ჯგუფმა ცესკოში. შემდეგ ცესკო შეამოწმებს ამ ხელმოწერებს და შესაბამისი დასკვნით, რეგისტრაციის დოკუმენტებთან ერთად გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც საბოლოოდ იღებს გადაწყვეტილებას დანიშნოს თუ არა რეფერენდუმი“, უთხრა ეკა აზარაშვილმა რადიო თავისუფლებას.

სულ რაღაც ერთი თვის წინ პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის იდეას იწონებდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ კონსტიტუცია, რომელიც 2013 წლის შემოდგომაზე უნდა შევიდეს ძალაში, ლოგიკურად ითხოვს მსგავსი ტიპის ცვლილებას, რაც, მისი თქმით, ასევე გამართლებულია სამართლის თეორიისა და ევროპის ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილებით:

„საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ აირჩევა და ასეა ევროკავშირის საპარლამენტო მმართველობის რესპუბლიკების 99 პროცენტში. ერთი-ორი გამონაკლისი თუ არსებობს, სადაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა, ასე რომ, ეს არ გახლავთ ახალი ველოსიპედის გამოგონება და ქართული ნოვაცია“.

თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი მიზანშეუწონლად მიიჩნევს რეფერენდუმის ჩატარებას სათანადო მომზადების გარეშე. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ გაუმართლებელია მსგავს საკითხზე რეფერენდუმის მოთხოვნა.
საინიციატივო ჯგუფი არასოდეს წყვეტს ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა პრეზიდენტის არჩევნების წესის შეცვლა! როგორც ჩანს, ეს იდეა ტრიალებს ხელისუფლებაში. მიმაჩნია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, როგორც არის, ანუ პირდაპირი წესით...
მიხეილ მაჭავარიანი

„რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება, კანონის თანახმად, არის უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე და მას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა. ჩვენს შემთხვევაში ის ეჯახება კონსტიტუციას, რადგანაც პრეზიდენტის არჩევნების წესის შეცვლა - ეს არის კონსტიტუციის საკითხი. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა კი არ ითვალისწინებს რეფერენდუმს. შესაბამისად, დღევანდელი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ შეიძლება რეფერენდუმზე გატანილი იქნეს ისეთი საკითხი, რომელიც გადაწყვეტილია კონსტიტუციით“, უთხრა ვახტანგ ხმალაძემ რადიო თავისუფლებას.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს მმართველობის ფორმის არჩევის შესაბამისად, ანუ, თუ საქართველო გახდება საპარლამენტო რესპუბლიკა, ლოგიკური იქნება უარი ვთქვათ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე. ყველა შემთხვევაში, ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ აჩქარება არ ეგების და რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იმ ფორმით უნდა ჩატარდეს, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს. ამ აზრს იზიარებს საპარლამენტო უმცირესობაც, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ მაჭავარიანი, ასევე ეჭვს გამოთქვამს საინიციატივო ჯგუფის დამოუკიდებლობის თაობაზე:

„საინიციატივო ჯგუფი არასოდეს წყვეტს ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა პრეზიდენტის არჩევნების წესის შეცვლა! როგორც ჩანს, ეს იდეა ტრიალებს ხელისუფლებაში. მიმაჩნია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, როგორც არის, ანუ პირდაპირი წესით. ხოლო თუ ვახტანგ ხმალაძეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს სურთ რამის შეცვლა, მაშინ შევქმნათ საკონსტიტუციო კომისია, რომელშიც ვიმუშავებთ, მაგრამ ახლა მე მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხმა“.
თუ ჩვენ მივდივართ საპრეზიდენტო რესპუბლიკის ან შერეული მმართველობის მოდელისკენ, აქ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით შესაძლებელია...
ვახუშტი მენაბდე

დეპუტატების კამათის ფონზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) დირექტორი, იურისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ქვეყნის კონსტიტუციური მოდელის არჩევამდე საღ აზრს მოკლებულია ისეთ ტექნიკურ დეტალზე მსჯელობა, როგორიცაა პრეზიდენტის არჩევის მექანიზმი.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ჩაჯდება არჩევის პროცედურა კონსტიტუციურ კონტექსტში და ვინაიდან ამ წუთას არ გვაქვს კონსტიტუციური არჩევანი გაკეთებული, ძალიან რთულია ვისაუბროთ მის მიზანშეწონილობაზე. თუ ჩვენ მივდივართ წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკისკენ, მაშინ კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა არ ითვალისწინებს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას. თუ ჩვენ მივდივართ საპრეზიდენტო რესპუბლიკის ან შერეული მმართველობის მოდელისკენ, აქ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით შესაძლებელია“, უთხრა ვახუშტი მენაბდემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG