Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 84 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტისვე გადაწყვეტილებით, ამოქმედდა შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროექტი, რომლის მიზანია ყოფილ პატიმართა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მათ რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციას. პროგრამას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს, ტექნიკურად კი განახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები - წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, სარეაბილიტაციო ცენტრი „კამარა“. პროგრამაში უსასყიდლოდ მონაწილეობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. რას ითვალისწინებს შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროექტი?

საქართველოს პრეზიდენტმა, 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მსჯავრდებულები შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, კომისიამ, ჯამში, 493 საქმე განიხილა, პრეზიდენტმა კი მხოლოდ 84 მსჯავრდებული შეიწყალა:

„ამ 84 მსჯავრდებულიდან 63 მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს დღესვე. გათავისუფლებულთა შორის ერთი ქალია და ერთიც არასრულწლოვანი. რაც შეეხება დანარჩენ 21 მსჯავრდებულს, მათ დარჩენილი სასჯელი შეუმცირდათ სხვადასხვა ვადით“.

პროექტი ითვალისწინებს დახმარებას სოციალური, ფსიქოლოგიური, ჯანდაცვისა და სამართლებრივი საკითხების მიმართულებით...

ზვიად ქორიძის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თავისუფლებისა და სასჯელის შემსუბუქების გარდა, შეწყალებული პატიმრები ასევე მიიღებენ კვალიფიციურ ფსიქოსოციალურ და სამედიცინო მომსახურებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას თქმით, საპილოტო პროგრამას სრულად დააფინანსებს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი:

„პროექტი ითვალისწინებს დახმარებას სოციალური, ფსიქოლოგიური, ჯანდაცვისა და სამართლებრივი საკითხების მიმართულებით. პროექტის მიზანია შეწყალებული პატიმრები სრულფასოვნად დაუბრუნდნენ საზოგადოებას“.

დავით პატარაიას თქმით, პროექტის ფარგლებში შეწყალებული მსჯავრდებულები უფასოდ მიიღებენ ისეთ სერვისებს, როგორიცაა ფსიქოლოგიური, იურიდიული, სამედიცინო დახმარება, ასევე პროფესიული გადამზადება და სოციალური მომსახურება, რაც მოიცავს სოციალური უნარების ტრენინგსა და მატერიალურად შეჭირვებული ბენეფიციარებისთვის დოკუმენტაციის მოწესრიგების, გზის ხარჯებისა და სხვა გადაუდებელი საჭიროებების უზრუნველყოფას. პროექტში ჩართულია წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ლელა ცისკარიშვილი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე პროექტი ორ ქალაქს - თბილისსა და ქუთაისს - მოიცავს.

მათთვის 24-საათიანი არის გათვალისწინებული, რომ ციხის გარეთ გაათიონ პირველი ღამე. აქ მათ კარგად დახვდებიან, რასაც პროგრამის ფარგლებში მობილური ჯგუფები უზრუნველყოფენ. შემდეგ უკვე მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ, რომ მიიღონ ფსიქოლოგიური, სოციალური და სამართლებრივი დახმარება...

„ორი დიდი ქალაქი ავიღეთ იმის გამო, რომ თვალი გადავავლეთ სტატისტიკას და ვნახეთ, რომ შეწყალებულთაგან ყველაზე მეტი ამ ქალაქში ბრუნდება. მომავლისთვის იგეგმება გეოგრაფიის გაფართოება, მანამდე კი, თუ ყოფილი მსჯავრდებული რაიონიდან არის და ითხოვს დახმარებას, მობილური გუნდი გავა ადგილზე, შეხვდება და კონსულტაციას გაუწევს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ლელა ცისკარიშვილმა, რომლის თქმითაც, პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ ნებისმიერ ყოფილ მსჯავრდებულს. პროგრამა ითვალისწინებს შეწყალებულებისთვის ღამის გასათევის მოწყობას, რადგანაც, როგორც წესი, ისინი ღამის საათებში ტოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და ვერ ახერხებენ იმავე დღეს შინ მოხვედრას:

„მათთვის 24-საათიანი არის გათვალისწინებული, რომ ციხის გარეთ გაათიონ პირველი ღამე. აქ მათ კარგად დახვდებიან, რასაც პროგრამის ფარგლებში მობილური ჯგუფები უზრუნველყოფენ. შემდეგ უკვე მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ, რომ მიიღონ ფსიქოლოგიური, სოციალური და სამართლებრივი დახმარება. სპეციალიზებული სერვისი იქნება ნივთიერებაზე დამოკიდებული ყოფილი მსჯავრდებულებისთვის, რომლებსაც მიიღებს სარეაბილიტაციო ცენტრი „კამარა“, სადაც ფოკუსირებულად მიდის მომხმარებლებთან და ყოფილ მომხმარებლებთან მუშაობა. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი კი დაეხმარება სოციალურ საკითხებში საბუთების მოწესრიგებაში, ისევე როგორც სამსახურის მოძიების, პროფესიული გადამზადებისა და სოციალური უნარების განვითარების კუთხით“.

გლდანის ციხე

გლდანის ციხე

ლელა ცისკარიშვილის თქმით, პროგრამა ასევე ითვალისწინებს შეწყალებულ მსჯავრდებულთა იმ ტიპის სამედიცინო მომსახურებას, რასაც არ ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაზღვევის საყოველთაო პროგრამა, რადგანაც საპატიმროებიდან გამოსულ პირებს ჯანმრთელობა, როგორც წესი, პატიმრობის პერიოდში შეერყათ. პრეზიდენტის პროგრამაში ასევე ჩართულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თამარ გვარამაძის თქმით, უსასყიდლოდ, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე გაუწევს პროგრამის ბენეფიციარებს იურიდიულ მომსახურებას.

„ეს ერთგვარად ქმნის ერთიან სივრცეს შეწყალებული მსჯავრდებულებისათვის, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ არა ინდივიდუალურად, არამედ კომპლექსურად მიიღონ ის დახმარება, რაც ესაჭიროებათ. ამ შემთხვევაში ჩვენ გავუწევთ შეწყალებულ მსჯავრდებულებს სამართლებრივ დახმარებას, რაც გამოიხატება სხვადასხვა იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით რჩევების მიცემაში, შესაძლებელია მომზადდეს სამართლებრივი დოკუმენტები და, საჭიროების შემთხვევაში, საადვოკატო მომსახურებაც შეიძლება გავუწიოთ შეწყალებულ მსჯავრდებულებს“, უთხრა თამარ გვარამაძემ რადიო თავისუფლებას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი იმედოვნებენ, რომ პროექტი დაეხმარება ყოფილ პატიმრებს იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, დაძლიონ ადაპტაციის პრობლემები, გაიუმჯობესონ ურთიერთობა ოჯახსა თუ გარშემომყოფებთან, მოაგვარონ სამართლებრივი პრობლემები და აითვისონ უნარები, რომელიც მათ მომავლის დაგეგმვაში დაეხმარება.

XS
SM
MD
LG