Accessibility links

logo-print

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაპატიმრება, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტო "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონპროექტს, ოპოზიციის მიერ დაანონსებული 15 ნოემბრის აქცია და პრემიერის მიერ შეფასებული „ცვლილებების“ ორი წელი - ასეთი იყო გასული კვირის მთავარი მოვლენები.

გასული კვირა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის ორწლიანი მუშაობის შეჯამებით დაიწყო. პრემიერმა საზოგადოებას მთავრობის ბოლო ორი წლის ანგარიში გააცნო. “ცვლილებების ორი წელი” - ამ სათაურის ქვეშ გააერთიანა ღარიბაშვილმა ახალი ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის პერიოდი და მოკლედ მიმოიხილა სხვადასხვა სფეროში გატარებული რეფორმები. ღარიბაშვილმა ეკონომიკურ წინსვლაზე ილაპარაკა და ევროპისკენ მიმავალი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზებსა და ოსებს ავტონომიაც შესთავაზა:

„მართლაც, მსურს, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში. როგორ წარმოუდგენიათ მათ საქართველოს გარეშე ცხოვრება, განვითარება, წინსვლა? ძალიან რთულია, როდესაც სხვის ტერიტორიაზე მოინდომებ ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. ეს არ მოხდება - მიუღწეველი, უტოპიური გეგმაა, რომელსაც არც ჩვენი თაობა, არც მომავალი თაობა არ შეეგუება. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს: თქვენ გქონდათ ავტონომიური რესპუბლიკა, ჩვენ ისევ გთავაზობთ იმასვე - ავტონომიას ერთიანი, ძლიერი საქართველოს შემადგენლობაში“.

უკვე ზედიზედ ორი წელია ეს მთავრობა ვერ ასრულებს ბიუჯეტს. საქართველოს ეკონომიკამ, ამ მთავრობის გეგმასთან შედარებით, უკვე დაკარგა 4 მილიარდი ლარი...

ღარიბაშვილის გამოსვლას თემატური კრიტიკით გამოეხმაურნენ ოპოზიციის წევრი დეპუტატები. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მის ხელთ არსებული მონაცემები ეკონომიკის წინსვლაზე კი არა, პირიქით, უკუსვლაზე მეტყველებს:

„უკვე ზედიზედ ორი წელია ეს მთავრობა ვერ ასრულებს ბიუჯეტს. საქართველოს ეკონომიკამ, ამ მთავრობის გეგმასთან შედარებით, უკვე დაკარგა 4 მილიარდი ლარი და ამ მთავრობამ საქართველოს ახალი, 3 მილიარდი ვალი აჰკიდა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მხოლოდ წლის დასაწყიში საქართველომ დაკარგა დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვები. ეს არის რეალური ციფრები და შედეგები, რასაც საქართველოს მოსახლეობა უკვე გრძნობს საკუთარ თავზე“.

ექსპერტების ერთი ნაწილი კი სკეპტიკურად შეხვდა ღარიბაშვილის მიერ აფხაზებისა და ოსებისათვის ავტონომიის შეთავაზებას. პოლიტოლოგმა ირაკლი ცქიტიშვილმა, მაგალითად, რადიო თავისუფლებას უთხრა, ეს იდეა, სავარაუდოდ, თავიდანვე განწირულია იმ მიზეზით, რომ აფხაზებისა და ოსებისათვის ავტონომიის შეთავაზება მიუღებელი იქნებაო.

აქტუალურ თემად რჩება სკანდალი თავდაცვის სამინისტროში. 28 ოქტომბერს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი მილიონების გაფლანგვაში ადანაშაულებდა. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულებმა და მათმა თანამზრახველებმა 2013 წლის სექტემბერში საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების პროცედურა კანონის გვერდის ავლით განახორციელეს. დაკავებულია თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი.

ეს შემთხვევა, ზოგადად, რა თქმა უნდა, ჩემთვის საწყენია პირადად. თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ ყველანი გამოძიებას. პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. პროკურატურას უნდა მივცეთ საშუალება, რომ გამოიძიოს ეს საქმე...

გამოძიების თანახმად, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის მიზნით დაწყებულ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის პროცესში თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებმა ”მიიღეს ყველა ზომა, რომ სს „სილქნეტისთვის“ უპირატესობის მინიჭებით და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით, რაც გამოიხატებოდა სხვა კომპანიებისათვის ქონებაზე და მომსახურებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში, ამ უკანასკნელს გაემარჯვა გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვაში”.

კომპანია ”სილქნეტი” უარყოფს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან უკანონო გარიგებას.

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირთა დაკავების კვალდაკვალ დაიწყო აქტიური მსჯელობა საკითხზე - უნდა გადადგეს თუ არა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. კითხვაზე, მოუწევს თუ არა ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვება, პრემიერმა თქვა, რომ ის გამოძიების შედეგს ელოდება:

”ეს შემთხვევა, ზოგადად, რა თქმა უნდა, ჩემთვის საწყენია პირადად. თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ ყველანი გამოძიებას. პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. პროკურატურას უნდა მივცეთ საშუალება, რომ გამოიძიოს ეს საქმე, რომ არც ერთი შეკითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი”.

„ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ“, - ასე გამოეხმაურა მომხდარს თავად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. მისი განცხადებით, ის თავად აკვირდებოდა შესყიდვების პროცესს, აკვირდებოდა და იცის, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა. გამოძიება გრძელდება.

96 ხმით 1-ის წინააღმდეგ - ამ თანაფარდობით დაუჭირა პარლამენტმა მხარი პრეზიდენტის შეთავაზებას, მომავალი წლის 28 თებერვლის ნაცვლად, 2014 წლის 1 დეკემბრამდე ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონიერი ფარული მიყურადების უფლება. მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისარგებლა უფლებამოსილებით და ვეტო დაადო ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა 30 ოქტომბერს მიიღო. კანონის თანახმად, ფარული თვალთვალის უფლება 2015 წლის 28 თებერვლამდე რჩებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნაცვლად თავიდან განსაზღვრული 1 ნოემბრისა. ვეტოს დაძლევის გზას პარლამენტმა პრეზიდენტის წინადადებისთვის მხარდაჭერა არჩია.

ეს არის წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს. ეს არის ის საზღვარი, რომელიც არის ნათელი: აქეთ არის დემოკრატია, იქით არის ავტორიტარიზმი, აქეთ არის ევროპა და იქით არის საბჭოთა კავშირი...

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა 29 ოქტომბერს პარლამენტში ფარული ინფორმაციის წვდომის ე.წ. „ორგასაღებიანი“ სისტემის ამოქმედების თაობაზე საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს. ისინი პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირების 2015 წლის აპრილისთვის შესაძლო გადადებას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ინფორმაციასთან წვდომის უფლება კომუნიკაციათა კომპანიებისა და სასამართლოს ხელში უნდა მოექცეს და ეს უფლება არ უნდა ეპყრას შინაგან საქმეთა სამინისტროს.

სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა, აღნიშნა:

„ეს არის წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს. ეს არის ის საზღვარი, რომელიც არის ნათელი: აქეთ არის დემოკრატია, იქით არის ავტორიტარიზმი, აქეთ არის ევროპა და იქით არის საბჭოთა კავშირი. დღეს ჩვენ რაც გვაქვს, ეს არის საბჭოთა სისტემა“.

„ნაციონალური მოძრაობა“ 15 ნოემბერს დაგეგმილი აქციის თაობაზე პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. ორგანიზატორთა ვარაუდით, აქცია, რომელსაც საფუძვლად უდევს აფხაზეთის თემა და, მათი თქმით, ამ თემისადმი ხელისუფლების არაადეკვატური დამოკიდებულება, უკანასკნელ ორ წელიწადში გამართულ აქციებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება.

მე ვიტყოდი ასე, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უფრო მასშტაბური აქცია, ვიდრე იქნება ეს, თბილისში ჩვენ არ გვინახავს. მაგრამ, ჩემი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია არა პარტიული შემადგენელი ამ აქციისა, არამედ ის ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ აფხაზეთის ბედი, აწუხებთ ანექსიის პროცესი...

ნუგზარ წიკლაური, „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური მდივანი, წინასწარ გათვლებზე საუბარს თავს არიდებს, თუმცა მაინც აქვს კონკრეტული მოლოდინები. მისი სიტყვებით, 15 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე სოლიდური რაოდენობის ხალხი მოგროვდება. ის ვარაუდობს, რომ ეს იქნება უკანასკნელ წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციებს შორის ყველაზე მასშტაბური:

„მე ვიტყოდი ასე, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უფრო მასშტაბური აქცია, ვიდრე იქნება ეს, თბილისში ჩვენ არ გვინახავს. მაგრამ, ჩემი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია არა პარტიული შემადგენელი ამ აქციისა, არამედ ის ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ აფხაზეთის ბედი, აწუხებთ ანექსიის პროცესი, აი, ეს ადამიანები რამდენად იქნებიან მობილიზებულები, რომ გამოვიდნენ და გამოხატონ თავიანთი აზრი. მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის პარტიული აქცია და ჩვენთვის ამ აქციას არ აქვს წმინდა პარტიული დატვირთვა“.

27 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა კონსულტაციები გამართეს პოლიტიკურ პარტიებთან. კონსულტაციები გაიმართა აფხაზეთის კრების რამდენიმე ორგანიზაციასთანაც. აფხაზეთის კრების ერთ-ერთი დამფუძნებელი და „ევროპული დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ამბობს, რომ ის, როგორც დევნილი, ამ აქციას მხარს უჭერს, თუმცა კონსულტაციები აქციაში მონაწილეობის თაობაზე მომდევნო დღეებში კვლავაც გაგრძელდება. კიდევ ერთი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას თქმით, პარტია, თავისი პარტიული ნიშნით, აქციაში არ ჩაერთვება, რადგან მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის აქცია. რაც შეეხება კიდევ ერთ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას, „ახალ მემარჯვენეებს“, მისი ლიდერი მამუკა კაციტაძე ამბობს:

„ჩვენ პარტიაში გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პროცესს სჭირდება სამოქალაქო პროტესტი და არაფერში არ სჭირდება კონკრეტული პოლიტიკური ძალის რეკლამირება და რეიტინგული ზრდის მცდელობა და ამ პროცესში „ახალი მემარჯვენეების“ ჩართვა“.

ყველაზე მეტად ბიზნესის კეთების ანგარიშში ყურადღება ექცევა რეგულაციების, წესების ეფექტურობას, სრულყოფილებას: რამდენად სწრაფად, რამდენად იაფად შეიძლება გარიგების განხორციელება, ბიზნესის წამოწყება, დასრულება, საკუთრების რეგისტრაცია...

29 ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა „ბიზნესის წარმოების“ ახალი რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ, საქართველო მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა, ხოლო ევროპისა და ცეტრალური აზიის რეგიონში კვლავ პირველ პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა, მსოფლიო ბანკის მონაცემებითვე, შარშან საქართველოს უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდა და ამავე რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებდა. ყველაზე მნიშნელოვანი კი ისაა, რომ 16-პუნქტიანი უკუსვლა აღინიშნა გადასახადების ნაწილში.

„ბიზნესის წარმოების“ კვლევის ერთ-ერთი ავტორის, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წარმომადგენლის რიტა რამალოს თქმით, მეწარმეებისთვის მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული ნაბიჯების შედეგად, შესაძლებელი გახდა აღმოფხვრილიყო ზოგიერთ სფეროში მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით არსებული ჩამორჩენა. მაგალითად, 2010 წელთან შედარებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, რომელსაც საქართველოც ეკუთვნის, ქონების რეგისტრაციისთვის საჭირო საშუალო დრო 14 დღით შემცირდა:

„ყველაზე მეტად ბიზნესის კეთების ანგარიშში ყურადღება ექცევა რეგულაციების, წესების ეფექტურობას, სრულყოფილებას: რამდენად სწრაფად, რამდენად იაფად შეიძლება გარიგების განხორციელება, ბიზნესის წამოწყება, დასრულება, საკუთრების რეგისტრაცია. მაგრამ წელს და მომავალში ჩვენ ვაპირებთ უფრო გავაფართოოთ კვლევა და დავადგინოთ არსებული რეგულაციების ხარისხის საზომი. ანუ ჩვენ არა მარტო დავიწყებთ იმის შემოწმებას, თუ რამდენად სწრაფად ან იაფად კეთდება ბიზნესი, არამედ იმასაც, თუ რამდენად ხარისხიანად კეთდება“.

კვირის ბოლოს თბილისის მერიაში მოხელეთა ტესტირება ჩატარდა. პირველ ნაკადზე 242 აპლიკანტიდან ბარიერის გადალახვა 84-მა მათგანმა შეძლო, 158-მა კი, მერიის მიერ დადგენილი ზღვარის გადალახვა ვერ მოახერხა.მერიის მოხელეთა ატესტაციის მეორე ეტაპზე აპლიკანტებს გასაუბრება ექნებათ. თბილისის მერიის ინფორმაციით, გასაუბრება 7 ნოემბრიდან 14 ნოემბრამდე ეტაპობრივად ჩატარდება.

XS
SM
MD
LG