Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა წერს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებასა და ბიძინა ივანიშვილის პოზიციაზე, რომელიც მან პრეზიდენტისადმი ღია წერილში გამოხატა.

”რეზონანსი” – ”ივანიშვილი შეცვლილი კონსტიტუციით სარგებლობაზე უარს ამბობს”; ”ახალი თაობა” – ”ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ!”; ”24 საათი” – ”ივანიშვილი მოქალაქეობის თემას ისევ ეჭიდება”. ”ყველა სიახლე” კი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის სრულ ტექსტს აქვეყნებს.

ამავე გაზეთში დღეს რამაზ საყვარელიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შეფასებას იძლევა. ჟურნალისტის ერთ-ერთ შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის შესახებ ის ასე პასუხობს: ”მე ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს. ეს არის ერთ-ერთი ჭკვიანი ქართველი პოლიტიკოსი - რეალისტი და პრაგმატისტი. იმპულსურობა ახასიათებს, მაგრამ ნურავინ მოიტყუებს თავს იმით, რომ ამ იმპულსურობის იქით მას გათვლის უნარი დაკარგული აქვს. ამდენად მე არ მიმაჩნია სერიოზულად მის იმპულსურობაზე გაუთავებელი აპელირება.”

სააკაშვილზე წერს ლანა ღოღობერიძეც წერილში, რომელსაც დღევანდელ ”რეზონანსში” წაიკითხავთ:”ჩვენი ახალგაზრდა პრეზიდენტის წინ მთელი ცხოვრებაა. ეს შეიძლება დიდი ცხოვრება იყოს, რაც ჯერ კიდევ მასზეა დამოკიდებული. მაგრამ ამისათვის მან ხელი უნდა აიღოს ბრძოლის არადემოკრატიულ მეთოდებზე, აღიაროს დამარცხების შესაძლებლობა და ამით საბოლოოდ ამაღლდეს საკუთარ თავზე”.

ნატოს სამიტის შესახებ სტატია ქვეყნდება დღეს ”24 საათში” – ”საქართველო პოსტსაბჭოთა სისტემიდან საბოლოოდ ამოვარდა”. ავტორისთვის პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელს უთქვამს, რომ ”საქართველომ ნელ-ნელა უნდა იმოქმედოს და შეეცადოს ნატო-ს სტანდარტები სრულად დააკმაყოფილოს. თუმცა, ექსპერტის აზრით, ამას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება”.

”რეზონანსი” დღეს წერს იმის შესახებაც, რომ 21 მაისს ვანო მერაბიშვილი საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა კასპის კულტურის სახლში ”ჰარმონია”. ”რეზონანსის” პირველ გვერდზე ქვეყნდება ფოტო, რომელზეც, მინაწერის მიხედვით, ის მომენტია ასახული, როცა ”წყალკანალის” სამსახურის უფროსი ცდილობს დარბაზში არ შეუშვას ”ქართული ოცნების” რაიონული ოფისის ხელმძღვანელი, საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან ხათუნა თათანაშვილი.

საქველმოქმედო ფონდ ”ქომაგსა” და მის მიმართ გატარებულ სანქციებზე დღეს რამდენიმე გაზეთი წერს. ”ვერსია” აქვეყნებს ინტერვიუს ბიძინა გიორგობიანთან, რომელიც ამბობს, რომ ფონდ ”ქომაგს” თანხა არა მან პირადად, არამედ გერმანიაში რეგისტრირებულმა ფონდმა გადაურიცხა. ის მომავალ არჩევნებზე ევროკავშირში საქართველოს საელჩოებში გახსნილ უბნებზე დაკვირვების მექანიზმზეც ლაპარაკობს. ”ქომაგზე” მისი დამფუძნებელი ია მეტრეველი ესაუბრა ”რეზონანსს”. მან თქვა, ”უახლოეს დღეებში სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას ვაპირებთ. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშები დაყადაღებულია, მუშაობას მაინც ვაგრძელებთო”.

”ვერსიას” დავით ბერძენიშვილი ეუბნება: ””ქართული ოცნების” ტემპით კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენ ვჩქარობთ ნელა. შესაძლოა, რაღაც არ გამოგვდის, მაგრამ ძირითადი ხაზი სწორია. საქართველოში პირველი ნახელისუფლარი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გახდება, ამით ძალიან კმაყოფილი ვიქნები. ისწავლონ ბიჭებმა და გოგოებმა პოლიტიკა ოპოზიციიდან, რაც ხელისუფლებაში არ ისწავლება”.

”ახალი თაობა”, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე: ”თუ დასავლეთმა დაინახა, რომ ხელისუფლებას კი არა, სწორედ ოპოზიციას უდგას ხალხი გვერდით და ეს შიში გატეხილია, რომ ხელისუფლება ვეღარ ახერხებს ხალხის დაშინებას, მოსახლეობა აზვირთებულია, მაშინ დასავლეთი დაუჭერს ოპოზიციას მხარს”.

”საქართველოს რესპუბლიკა” კი მკითხველს საარჩევნო სისტემაზე დისკუსიის დაწყებას სთავაზობს და აქვეყნებს ერთ-ერთი ავტორის მოსაზრებას, რაც გარკვეული ხნით პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმას გულისხმობს.
XS
SM
MD
LG