Accessibility links

logo-print
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა პრესის მთავარ თემად რჩება. ჯერ სათაურებს გაგაცნობთ: ”რეზონანსი” – ”რა განსხვავებაა ივანიშვილისა და მერაბიშვილის ”სოციალიზმებს” შორის”; ”24 საათი” – ”დეპუტატთა კამათი პრემიერობის კანდიდატთან”; ”ყველა სიახლე” – ”არეულობა ხელისუფლების კარზე”; ”ახალი თაობა” – ”ახალი პრემიერი 5 მინისტრის მოხსნას გეგმავს”; ”ვერსია” – ”ვანო მერაბიშვილის ახალი გეგმა - გზებზე დასაქმებული და დაზღვეული მოსახლეობა”; ”საქართველოს რესპუბლიკა” – ”ივანიშვილის შპარგალკით”.

”ყველა სიახლე” წერს: ”ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრად მერაბიშვილის გამწესებით და 4-წლიანი პროგრამის წარდგენით სააკაშვილმა ირიბად მიანიშნა, რომ პრემიერ-მინისტრობას არ აპირებს. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და ვიდრე სააკაშვილი საჯაროდ გასცემს პასუხს ამ კითხვას, მისი პრემიერ-მინისტრობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება, მით უმეტეს, ახალი კონსტიტუციით მას ეს არ ეკრძალება”.

”ახალი თაობა”: ”ახალ პრემიერსა და სამოქმედო პროგრამას ნაციონალები სიხარულით შეხვდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტად აღფრთოვანებულიყვნენ მთავრობის პროგრამით. ეს არ არის გასაკვირი. წინ არჩევნებია და ყველას უნდა საარჩევნო სიაში მოხვედრა. საარჩევნო სიის შედგენაში კი ახალი პრემიერი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”.

”ახალ თაობას” ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ განუცხადა: ”რა თქმა უნდა, ახლა უკვე ინიციატივა გადავიდა ხელისუფლების მხარეს. თუ აქამდე უფრო ივანიშვილის მხარეს იყო თავისი შეხვედრებით და მაჟორიტარების დასახელებით, ამ სიახლის ფონზე გარკვეულწილად გაფერმკრთალდა მისი აქციები და მიტინგები. თუ ივანიშვილს უნდა, რომ ამ ყველაფრის საპირწონე იყოს, რაღაც სიახლე უნდა შესთავაზოს”.

”ვერსია” მერაბიშვილის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტებზე წერს: ”ეს ყველაფერი 2005 წელს რომ გაკეთებულიყო და საქმე აწყობილიყო, სავარაუდოდ, არც ამდენი უმუშევარი იქნებოდა, არც დასაქმების მინისტრი იქნებოდა საჭირო და, ალბათ, ვერც ვანო მერაბიშვილი გამოაცხობდა საკუთარ სამოქმედო გეგმას დანიშვნიდან რამდენიმე საათში. თუმცა ქართულ პოლიტიკაში ყველა ახალი ფიგურა კარგად დავიწყებული ძველია, ყველა პიარნაბიჯი უკვე ათასჯერ აპრობირებული და გამოცდილი, საზოგადოებას კი უნდა, რომ სჯეროდეს და იჯერებს”.
”ვერსიაში” თინა ხიდაშელთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: ”დარწმუნებული ვარ - კოალიცია არის შემძლე დაამარცხოს არჩევნებში სააკაშვილის ხელისუფლება. გაყალბებისგან ხმების დაცვის საშუალებაც გვაქვს... თუმცა არის რაღაც, რისაც მეშინია - შესაძლო 80%-ზე მეტის. ეს არ იქნება სასურველი, მაგრამ ამის ნიშნები არის. თანაც, ამ საქმეში მთავარი ”პარტნიორი” მიშა სააკაშვილია. ერთხელ დავემუქრე კიდეც გიგა ბოკერიას, იმდენს იზამთ, ოპოზიციაშიც ვეღარ დარჩებით-მეთქი. დიდი ხანი ამ ჩემი ფრაზის თავად არ მჯეროდა”.

”საქართველოს რესპუბლიკა” პირველ გვერდზე მკითხველის წერილს აქვეყნებს: ”ეს ჩვენი პრეზიდენტი მართლა კარგი ვინმეა. ჯერ იყო და მილიონი მილიონზე სცინცლა ბიძინა ივანიშვილს, ჯარიც ფეხზე დააყენა და პოლიციაც, ჩააცვა და დაახურა ივანიშვილის ფულით. ახლა, აქაოდა, ნებით აღარ იძლევაო, ძალით დაუწყო წართმევა. მილიონიანი ჯარიმების ყულფში გააყოფინა თავი... მაგრამ, ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილმა, ესეც არ იკმარა და ახლა წინასაარჩევნოდ პროგრამის გაძარცვა დაუწყო”.

”რეზონანსი” წერს: ”წინასაარჩევნოდ მმართველი პარტია და მისი მთავარი ოპონენტი ივანიშვილის ”ქართული ოცნება” ერთმანეთს მემარცხენე შინაარსის დაპირებებში ეჯიბრებიან. ივანიშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ მერაბიშვილმა ივანიშვილის იდეების კოპირება მოახდინა. ხელისუფლების მხარდამჭერი, ლიბერალური იდეების აქტიური მქადაგებლები კი ივანიშვილისგან რაიმეს კოპირებას კატეგორიულად უარყოფენ. უფრო მეტიც, ისინი, ვინც ივანიშვილს საყოველთაო ჯანდაცვისა და სოფლის დახმარებისთვის მილიარდის გამოყოფის სურვილს სოციალიზმის მშენებლობად აფასებდა, ახალი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის მსგავს იდეას საზოგადოების დაკვეთის ოპტიმალურ პასუხად მიიჩნევენ”.
XS
SM
MD
LG