Accessibility links

logo-print
“ვის მისცემენ ხმას „ენ-დი-აის“ ოფისში, ბენზინგასამართ სადგურებსა და არარსებულ სახლებში ჩაწერილი ადამიანები?” - ამ სათაურით “ყველა სიახლეში” ქვეყნდება ინტერვიუ “ამომრჩეველთა ლიგის“ აღმასრულებელ დირექტორ ლევან ჩიკვაიძესთან. ის ამომრჩეველთა სიის დაზუსტების პროცესში მისი ორგანიზაციის მიერ თბილისსა და ზუგდიდში აღმოჩენილ დარღვევებზე ლაპარაკობს, ერთ-ერთ საკითხად კი ასახელებს არასაცხოვრებელ ობიექტებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას.

“ყველა სიახლის” კორესპონდენტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბადრი ბასიშვილს კარალეთის ინციდენტზე, კერძოდ, კახი კალაძისთვის მისი პირადი ტრაგედიის შესახებ ნათქვამს შეახსენებს. ბასიშვილის პასუხი: “მესმის, რომ მძიმეა ძმის ტრაგედიაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს ჩვეულებრივად უთხრა იმ ადამიანმა და ისიც უთხრა, რომ როდესაც ლიახვის ხეობის სოფლები იბომბებოდა, მაშინ სად იყავიო? მაშინ კახი კალაძე “გულაობდა””, - თავად პასუხობს ბადრი ბასიშვილი. დღევანდელ ნომერში “ყველა სიახლე” მკითხველს ლევან კალაძის მკვლელობისა და ამ საქმის გამოძიების ზოგიერთ ეპიზოდს შეახსენებს.

“სამართალდამცველებმა “ქართული ოცნების” მორიგი თვალთმაქცური გარიგების დადება გაშიფრეს და კოალიციის სამი წარმომადგენელიც დააკავეს” – ასე იწყება “24 საათის” ერთ-ერთი სტატია პირველ გვერდზე. დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ აგრეთვე სტატიას, სათაურით - “ქართული იუსტიციის სახლი დიდი ბრიტანეთისთვისაც კრეატიული და შთამბეჭდავი წინსვლაა”.

“24 საათი” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელთან ინტერვიუს სთავაზობს მკითხველს. გაზეთი მკითხველს ამცნობს, რომ გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ის ამბობს, რომ საპარლამენტო ასამბლეამ წელსაც და მანამდეც მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეუთოს აღმასრულებელი სტრუქტურისთვის “კონსენსუსს მინუს ერთი” პრინციპის შემოღებას ითვალისწინებს. ეს ეუთოში რამდენჯერმე გამოიყენეს და გულისხმობს იმას, რომ ერთი ქვეყნის გამო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების (მაგალითად, მისიის აღდგენის შესახებ) დაბლოკვა არ უნდა ხდებოდეს”.

“ვერსიის” პირველ გვერდზე ვალერი გელბახიანთან ინტერვიუს ნაწყვეტია გამოტანილი. ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრება. ინტერვიუ ივანიშვილის მიერ გორის აქციაზე მაჟორიტარების დასახელების დროს ვალერი გელაშვილის ნაცვლად ვალერი გელბახიანის ხსენებისას გაკეთებულ განცხადებას ეხება - საჩხერელ გელბახიანს მშობლიურ რაიონში აღარ ჩაესვლებაო. ვალერი გელბახიანი “ვერსიას” ეუბნება, რომ ივანიშვილს ბოდიშისთვის დროს აძლევს, “თორემ მარტო სარჩელს კი არ შევიტან, მოქმედებებსაც დავიწყებო” და ივანიშვილზე ამბობს: “მეფე უნდა იყოს საჩხერეში, მე კი ჩავერთვები კამპანიაში, მხარს სხვა კანდიდატს დავუჭერ და დავანახვებ, რომ ფეოდალიც არ არის. აბა, დედა მაგინოს და მე მადლობები ვუხადო?”. ინტერვიუს დასასრულს გელბახიანი ამბობს, რომ ეჭვი არ ეპარება კოალიციის მარცხსა და ნინო ბურჯანაძის გაპრეზიდენტებაში.

“ახალი თაობაც” წერს “ქართული ოცნების” შესახებ. “დაპირისპირება ახმეტის ‘ქართულ ოცნებაში’ ” - მსხვილი შრიფტით არის სათაური გამოტანილი პირველ გვერდზე. გაზეთი წერს, რომ “ქართული ოცნების” ახმეტის შტაბის პატიმრობაშჲ მყოფი უფროსი კოალიციამ “ნაციონალური მოძრაობიდან” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრით ჩაანაცვლა.

“რეზონანსი” წერს, რომ “პრეზიდენტის გინებისთვის საჩხერეში 3 კაცი დაიჭირეს”, ერთ-ერთი მათგანი კი რეანიმაციაშიც მოხვდა იმის გამო, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი გადაყვანისას პოლიციის მანქანა ავარიაში მოყვა და დაკავებული მძიმედ დაშავდა. “რეზონანსი”ჰყვება აგრეთვე ერთი მარტოხელა პენსიონერის ისტორიას, რომელსაც “ყავის, ქვაბებისა და თეფშების გამო” სოციალურმა აგენტმა ქულები მოუმატა.
XS
SM
MD
LG