Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


დღეს ორ თემაზე შევჩერდებით, მათ შორის კონფლიქტზე ღაზის გარშემო, რომელსაც ფართოდ აშუქებს უცხოეთის პრესა. ისრაელსა და პალესტინელი ექსტრემისტების მოძრაობა „ჰამასს“ შორის დაპირისპირებამ, რომელიც თითქმის სამი კვირის წინ დაიწყო, ღაზაში 1000-ზე მეტი პალესტინელი, ხოლო ისრაელის მხარეს 40-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

ნიდერლანდში გამომავალი გაზეთი „ფოლკსკრანტი“ წერს: „ისრაელი კვლავინდებურად ცდილობს გაანადგუროს „ჰამასი“. ეს, მართალია, შესაძლებელი ჩანს, მაგრამ არცთუ გონივრულია. „ჰამასმა“ და ავტონომიის ხელისუფლებამ ჩამოაყალიბეს შერიგების მთავრობა, რომელმაც - და ეს სიახლეა! - ისრაელი ოფიციალურად აღიარა, მაგრამ ამ უკანასკნელისგან არ იქნა მიღებული. როგორც კონფლიქტის მონაწილე უძლიერესმა მხარემ, ისრაელმა უნდა შეიგნოს, რომ მშვიდობის მისაღწევად კომპრომისზე წასვლა ზოგჯერ აუცილებელია“.

ლონდონის „ტაიმსი“ კი ყურადღებას ამახვილებს ღაზის სექტორის დემილიტარიზაციის მოთხოვნაზე: „ისრაელისთვის ოპტიმალური იქნებოდა განიარაღებული ღაზის სექტორი. საერთაშორისო თანამეგობრობამ ხელი უნდა შეუწყოს ამ მიზნის მიღწევას. ერთ-ერთ ვარიანტად შეიძლება წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როცა ღაზის საზღვარს ერთობლივად გააკონტროლებდნენ ევროპის კავშირი და პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლება. მაგრამ ვიდრე „ჰამასი“ პალესტინელთა ხელისუფლებაში გავლენით ისარგებლებს, სტაბილური მშვიდობის მიღწევაზე ფიქრიც ზედმეტი იქნება“.

ახლა სხვა თემა, რომელიც უკავშირდება რუსეთის როლს უკრაინის კრიზისში. ზოგი პოლიტიკოსი მოითხოვს, რუსეთს ჩამოერთვას ფეხბურთელთა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება. აი, რას წერს ამ საკითხზე გერმანიის ქალაქ აშაფენბურგში გამომავალი გაზეთი „მაინ-ეხო“: „შემთხვევითი არ არის, რომ დისკუსია ბოიკოტსა ან ჩემპიონატის სხვაგან გადატანაზე სწორედ ახლა გაჩაღდა. გერმანელი პოლიტიკოსები მიხვდნენ, რომ ჩუმად ვეღარ იქნებიან: რუსეთის მხარდამჭერი სეპარატისტების მიერ მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მათ ისეთი მკვეთრი ნაბიჯი უნდა გადადგან, რომლის უგულებელყოფასაც პრეზიდენტი პუტინი ვეღარ შეძლებს. და რაკი მკაცრი ეკონომიკური სანქციები გერმანიაზეც უარყოფით გავლენას იქონიებდა, ახლა ისინი ცდილობენ სპორტს აჰკიდონ ის ტვირთი, რომლის აკიდებისგანაც პოლიტიკა თავს იკავებს. მოკლედ, საქმე გვაქვს ყურადღების ძირითადიდან მეორეხარისხოვანზე გადატანის კლასიკურ შემთხვევასთან“.

ოდერის ფრანკფურტის „მერკიშე ოდერცაიტუნგი“ კი წერს: „პუტინისთვის უდავოდ სილის გაწვნის ტოლფასი იქნება, თუ ფიფამ გადაწყვიტა, რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატი წაართვას. მაგრამ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას არასოდეს გამოუჩენია თავი იმით, რომ ჩარეულიყო არასაფეხბურთო ლოკალურსა თუ საერთაშორისო კონფლიქტებში. პირიქით. ისევე, როგორც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, აქაც მოქმედებს პრინციპი, რომ პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. ამ პრინციპის განხორციელების მოწმენი ვიყავით ამ ხუთიოდე თვის წინ, სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს“.

დაბოლოს, გერმანიის კიდევ ერთი გაზეთის, „ზექსიშე ცაიტუნგის“, კომენტარი: „ბოიკოტის მომხრეებმა, სამწუხაროდ, ვერაფერი ისწავლეს წარსული მაგალითებიდან - თუნდაც მოსკოვისა და ლოს-ანჯელესის ოლიმპიადების წინააღმდეგ მიღებული ზომებიდან. საბოლოო ანგარიშით ხომ დაზარალდა სრულიად უდანაშაულო ხალხი: თავად სპორტსმენები და სპორტის მოყვარულები“, წერს „ზექსიშე ცაიტუნგი“ მოთხოვნის თაობაზე, რუსეთს ჩამოერთვას ფეხბურთელთა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება.

XS
SM
MD
LG